Monday, December 21, 2015

დევიდ ჰარვი - ძალაუფლების კონსოლიდაცია

0 comments
დევიდ ჰარვი, ჩვენი დროის ერთ-ერთი წამყვანი მარქსისტი მოაზროვნე გაესაუბრა აქტივისტურ კოლექტივს „AK Malabocas“-ს კაპიტალის აკუმულაციის წესში მომხდარი ტრანსფორმაციების, ურბანული სივრცის ცენტრალურობის შესახებ თანამედროვე კლასობრივი ბრძოლის ფონზე და ამ პროცესების გამოყენებაზე ანტიკაპიტალისტურ ბრძოლაში.




AK Malabocas: ბოლო 40 წლის განმავლობაში, კაპიტალის აკუმულაციის წესი გლობალური მასშტაბით შეიცვალა. რა მნიშვნელობა აქვს ამ ცვლილებებს კაპიტალიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის?


დევიდ ჰარვი: მაკრო პერსპექტივიდან, ყოველი წარმოების წესი გამოიმუშავებს განსხვავებული ტიპის ოპოზიციას, რომელიც მისი საკუთარი სარკისებური ანარეკლია. თუ თქვენ დააკვირდებით 1960-იან ან 1970-იან წლებს, როდესაც კაპიტალი დიდ კორპორაციებში იერარქიულ ფორმებში იყო ორგანიზებული, ნახავთ რომ ოპოზიცია ასევე ორგანიზებული იყო კორპორატიულ, პროფკავშირულ პოლიტიკურ აპარატებში. სხვა სიტყვებით, ფორდისტული სისტემა ქმნიდა ფორდისტული ტიპის ოპოზიციას.

მეტის ნახვა ...

Friday, November 20, 2015

ნუ დამიტირებთ, ორგანიზდით!

0 comments
წინამდებარე ორი წერილი ეკუთვნის მნიშვნელოვან და საინტერესო ფიგურას „მსოფლიოს ინდუსტრიულ მუშათა“ მოძრაობაში. 1879 წელს დაბადებული ჯო ჰილი იმ ადამიანთა რიგს მიეკუთვნება, რომლებიც უსამართლოდ მოკლა ვუდრო ვილსონის ფაშისტურმა ადმინისტრაციამ. დღეისათვის, ჩვენ დავივიწყეთ ბევრი ის ადამიანი, რომელიც იბრძოდა მუშების კეთილდღეობისთვის, სამართლიანი პირობებისთვის და ღირსეული სიცოცხლისთვის. ისინი ნაკლებად ცნობილნი არიან მუშათა მოძრაობების, მასობრივი ორგანიზაციების და აქტივისტთა წრეების გარეთ. თუმცა, ვილსონის დაარესბული დასავლური პროპაგანდის ოფისის ეფექტური მუშაობის მიუხედავად, ამერიკის მუშათა მოძრაობამ შეძლო ჯო ჰილის სიმღერების, წერილებისა სახელის შნარჩუნება. ჰილს ეკუთვნის „There is Power in a Union“, „Casey Jones – the Union scab” და სხვა სიმღერები, რომლებიც შესულია „მსოფლიოს ინდუსტრიულ მუშათა“ მოძრაობის „პატარა წითელ სიმღერათა კრებულში“ (Little Red Songbook). 1914 წელს, ჯო ჰილს ბრალი დასდეს ორი ადამიანის მკვლელობაში. ჰილი არ ყოფილა დამნაშავე, თუმცა ის მაინც გაასამართლეს. ჯო ჰილი დახვრიტეს 1915 წლის 19 ნოემბერს. წინამდებარე წერილები მან ციხეში ყოფნისას დაწერა.

ნუ დამიტირებთ, ორგანიზდით!

100 წლის წინ, 19 ნოემბერს სიკვდილით დასჯილი შრომის მომღერლის ჯო ჰილის ორი წერილი


29 ნოემბერი, 1914

რედაქტორი, სოლიდარობა:

როგორც „სოლ“-ში ვნახე, სიმღერების კრებულის ახალი გამოცემის გამოქვეყნებას აპირებთ. მე მასში რამდენიმე მცირე ცვლილება და შესწორება შევიტანე. ვფიქრობ ეს ოდნავ გააუმჯობესებს წიგნს, რომელსაც აქვე დავურთავ.

რა თქმა უნდა, ვიცი იმ გამოჩენილი მეამბოხეების შესახებ, რომლებიც თვლიან, რომ მუშათა ორგანიზაციაში არ არის სიმღერების და სატირის ადგილი. ვაღიარებ, სიმღერები მართლაც არ არის აუცილებელი საერთო საქმისთვის. თუმცა, როდესაც „მომესურვება“ კიდევ დავწერ სულელურ სიმღერებს, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცი - კლასობრივი ბრძოლა საკმაოდ სერიოზული საკითხია.

პამფლეტი, როგორი კარგიც არ უნდა იყოს, მხოლოდ ერთხელ იკითხება, ხოლო სიმღერა ხშირად მეორდება და ზეპირად გვამახსოვრდება. ამიტომ ვამბობ, რომ თუ ადამიანი მოაქცევს რამდენიმე ცივ, ადვილად გასაგებ ფაქტს სიმღერაში და ზედმეტი სიმშრალის გასაქარვებლად, შეფუთავს მათ (ფაქტებს) იუმორის მოსასხამში, ის წარმატებით მიიბყრობს მშრომელთა დიდი რაოდენობის ყურადღებას, რომლებიც შესაძლოა ძალზე გაუნათლებლები, ან უბრალოდ გულგრილნი არიან პამფლეტის ან ეკონომიკური მეცნიერების შესახებ სტატიის წაკითხვისათვის.

ორგანიზაციის ძველი წევრების შენარჩუნებისა და პოტენციური წევრების კლასობრივი ბრძოლით დაინტერესებისთვის, მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო, ეს გართობაა. შვედეთის მეამბოხეებმა ეს გაიაზრეს და ყოველ კვირას, გარკვეულ დროს განტვირთვას უთმობენ. სწორედ ამიტომ, მათ სხვა ერებზე უფრო კარგად მოახერხეს მუშა ქალთა ორგანიზება. სამწუხაროდ, შეერთებულ შტატებში, მუშა ქალები მიტოვებულები არიან, განსაკუთრებით დასავლეთში. შესაბამისად, შევქმენით ცალფეხა, მახინჯი, ცხოველის მსგავსი კავშირი. ჩვენი წვეულებებიც გაცვეთილი და თითქოს ხელოვნური „მამრობითი“ ღონისძიებებია.  მათ აკლია სიცოცხლე და შთაგონება, რომელთა შემოტანა მხოლოდ ქალს შეუძლია.

გთავაზობთ კაცებსა და ქალებს შორის კარგი ამხანაგობის დატვირთვის მქონე სოციალური კავშირის დანერგვას, რომელიც დაეხმარება მათ იმის წარმოდგენაში, თუ როგორი იქნება მომავალი საზოგადოება, ხელს შეუწყობს მათ დაინტერესებას კლასობრივ ბრძოლაში და მოანდომებს არსებული კორუმპირებული სისტემის დამხობას. ვფიქრობ კარგი იქნება, თუ მივცემთ ქალ ორგანიზატორებს, მაგალითად გერლი ფლინს, ექსკლუზიურად მუშა ქალთა მძლავრი ორგანიზაციის შექმნის საშუალებას. ისინი უფრო ექსპლუატირებულნი არიან, ვიდრე კაცები და ჯონ ბული სიამოვნებით დაგისაბუთებთ, რომ ისინი არ განიცდიან მებრძოლი და რევოლუციური განწყობის ნაკლებობას.

თუ ჩვენ გავითვალისწინებთ შვედი ამხანაგების მაგალითს და მეტ ყურადღებას დავუთმობთ გართობას, ორიგინალური სიმღერებითა და სურათებით, წარმატებით მოვიზიდავთ ახალგაზრდებს, როგორც კაცებს, ასევე ქალებს ერთ დიდ კავშირში.

შენი ჯო ჰილი

მისამართი. ჯოს. ჰილსტორმ, კო. ციხე, სოლთ ლეიქ სითი, იუტა.

18 ნოემბერი, 1915

ვ.დ. ჰეივუდი
ჩიკაგო, ილინოისი

მშვიდობით ბილ: ვკვდები, როგორც ნამდვილი მეამბოხე. ნუ დახარჯავთ დროს ჩემს დატირებაში - ორგანიზდით! აქედან ვაიომინგამდე ასი მილია. ხომ არ შეგიძლია ისე მოაწყო, რომ ჩემი სხეული დასამარხად შტატის საზღვრამდე მიათრიონ? არ მინდა იუტაში მიპოვონ მკვდარი.
ჯო ჰილი  
მეტის ნახვა ...

Wednesday, July 1, 2015

იხსენით ბერძნები მათი მხსნელებისგან! - ალენ ბადიუ

0 comments
სოსო ჭაუჭიძის თარგმანი


მაშინ, როდესაც ორიდან ერთი ბერძენი ახალგაზრდა უმუშევარია; იქ, სადაც ათანის ქუჩებში 25 000 უსახლკარო დახეტიალებს;  სადაც მოსახლეობის 30% სიღარიბის ზღვარს ჩამოცდა და სადაც მილიონობით ოჯახს აიძულებენ, ბავშვები სხვებს ჩააბარონ მოსავლელად, რათა ეს უკანასკნელნი შიმშილისა და სიცივისგან არ დაიხოცონ,; სადაც ლტოლვილები და ახალგაღატაკებულები საჯარო ნაგავსაყრელთან ერთმანეთს ნაგვის ურნების მოსაპოვებლად ეპაექრებიან, საბერძნეთის "მხსნელები", იმ საბაბით, რომ "საბერძნეთი საკმარისად არ ცდილობს", ხსნის ახალ გეგმას გვაჩეჩებენ, რომელიც გამოწერილ სასიკვდილო დოზას აორმაგებს - გეგმას, რომელიც შრომის უფლებას აუქმებს და ღარიბებს, საშუალო კლასის გაქრობის თანადროულად, უკიდურესი სიღატაკისთვის წირავს.
მეტის ნახვა ...

Saturday, June 27, 2015

ნენსი ფრეიზერი: როგორ იქცა ფემინიზმი კაპიტალიზმის მსახურად

1 comments
როგორ იქცა ფემინიზმი კაპიტალიზმის მსახურად და როგორ მოვახერხოთ მისი დაბრუნება

გარდიანი“, 2013 წლის 14 ოქტომბერი


გიორგი ცხადაიას თარგმანი


მეტის ნახვა ...

Monday, June 22, 2015

სამოქალაქო მონაწილეობის კიბე - შერი პ. არნშტეინი

0 comments
პირველად გამოქვეყნდა, როგორც: Arnstein, Sherry R. "A Ladder of Citizen Participation," JAIP, Vol. 35, No. 4, July 1969, pp. 216-224

სამოქალაქო მონაწილეობის იდეა შეიძლება ისპანახით კვებას შევადაროთ: სასარგებლოა, ამიტომაც პრინციპულად წინააღმდეგი არავინაა. მართულთა მონაწილეობა საკუთარ ხელისუფლებაში თეორიულად დემოკრატიის ქვაკუთხედად მიიჩნევა – საყოველთაოდ აღიარებული იდეა, რომელიც თითქმის ყოველთვის ენერგიულ აპლოდისმენტებს იწვევს. თუმცა მქუხარე ოვაციები მოკრძალებული ტაშით იცვლება, როდესაც ამ პრინციპისთვის ბრძოლას უპოვარი შავკანიანები, ამერიკელი მექსიკელები, პუერტო-რიკოელები, ინდიელები, ესკიმოსები თუ თეთრები იწყებენ. ხოლო როდესაც უპოვარნი მონაწილეობას განსაზღვრავენ, როგორც ძალაუფლების გადანაწილებას, ამ ფუნდამენტური პრინციპის შესახებ საერთო ამერიკული კონსენსუსი მრავალი ღიად რასისტული, ნაციონალისტური, იდეოლოგიური და პოლიტიკური შეფერილობის უთანხმოებით ირღვევა.

უკანასკნელ ხანებში მრავალ გამოსვლას, სტატიას და წიგნს გავეცანით, სადაც დაწვრილებით განიხილება, ვინ არიან ისინი - ჩვენი დროის უპოვარნი. ასევე, ბოლო დროს მრავალჯერ ცდილობდნენ აეხსნათ, თუ რატომ განაწყენდნენ და გამძვინვარდნენ უპოვარნი იმის გამო, რომ უმწეონი არიან ღრმა უთანასწორობისა და უსამართლობის პირისპირ, რომელიც თითქმის მთლიანად განსმჭვალავს მათ ცხოვრებას. მაგრამ ძალზე იშვიათად განიხილება კონკრეტული შინაარსი ეხლანდელი ორაზროვანი ლოზუნგებისა: ‘სამოქალაქო მონაწილეობა’ ან ‘მაქსიმალურად მეტი მონაწილეობა’. მაშ, რა არის სამოქალაქო მონაწილეობა, და როგორია მისი კავშირი ჩვენი დროის სოციალურ მოთხოვნებთან?

სამოქალაქო მონაწილეობა – სამოქალაქო ძალაუფლებაა

ვინაიდან მოცემული შეკითხვა პოლიტიკური განხეთქილების ვაშლად იქცა, მასზე პასუხების უმეტესობა შეგნებულად მიიჩქმალა ისეთ უწყინარ ევფემიზმებში, როგორიცაა ‘თვითდახმარება’ (self-help) ან ‘მოქალაქეთა ჩართულობა’. (citizen involvement) სხვა პასუხები შელამაზებული იყო დამაბნეველი ფრაზებით, როგორიცაა ‘აბსოლუტური კონტროლი’, რომელსაც არავინ, მათ შორის თვით შეერთებული შტატების პრეზიდენტი, არ ფლობს, და არც შეიძლება ფლობდეს. ამ მიმჩქმალავ ევფემიზმთა და გაცხარებული რიტორიკის ორომტრიალში ყველაზე განსწავლული მეცნიერნიც ვერ მიჰყვებიან კამათს. ხოლო პუბლიკა, რომელიც მხოლოდ საგაზეთო სათაურებს კითხულობს, უბრალოდ წყობიდან გამოდის.


სურ. 1 პარიზელ სტუდენტთა პლაკატი, 1968 წლის მაისი. წარწერა:     ‘ მე ვმონაწილეობ, შენ მონაწილეობ, ის მონაწილეობს, ჩვენ ვმონაწილეობთ, თქვენ მონაწილეობთ... ისინი სარგებლობენ.’

მეტის ნახვა ...

Monday, May 25, 2015

გეორგ ზიმელი - მეტროპოლისი და მენტალური ცხოვრება

0 comments

Georg Simmel. The Metropolis and Mental Life. 1903



თანამედროვე ცხოვრების ყველაზე ღრმა პრობლემები წარმოიშვება ინდივიდის მისწრაფებიდან, შეინარჩუნოს საკუთარი არსებობის დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა - საზოგადოების უზენაესობის, ისტორიული მემკვიდრეობის, ექსტერნალური კულტურის ტვირთის და ცხოვრების ტექნიკის ძალაუფლების პირობებში. ეს ანტაგონიზმი ყველაზე თანამედროვე ფორმაა ბუნებასთან ბრძოლისა, რომელიც პირველყოფილმა ადამიანმა თავისი ფიზიკური არსებობის გადასარჩენად წამოიწყო. რამდენიც არ უნდა მოეწოდებინა XVIII საუკუნეს პოლიტიკაში, რელიგიაში, მორალსა თუ ეკონომიკაში ისტორიულად ჩამოყალიბებულ შეზღუდვათაგან გათავისუფლებისაკენ, რათა გზა გახსნილიყო ადამიანის ბუნების დაუბრკოლებელი განვითარებისაკენ - საყოველთაო უფლებად და სიკეთედ რომ ითვლებოდა; რაც არ უნდა წაეხალისებინა XIX საუკუნეს, წმინდა თავისუფლებასთან ერთად, პიროვნების ინდივიდუალობ (რაც შრომის დანაწევრებასთანაა დაკავშირებული) და მის მიღწევები, რაც უნიკალურს და შეუცვლელს ხდის მას, მაგრამ ამავე დროს - ურთიერთდამოკიდებულს სხვათა საქმიანობაზე; რამდენიც არ უნდა ელაპარაკა ნიცშეს პიროვნებათა შორის ყველაზე დაუნდობელ ბრძოლაზე, როგორც მათი სრული განვითარების წინაპირობაზე, ხოლო სოციალიზმს, პირიქით – ექადაგა, რომ ეს წინაპირობა სწორედ კონკურენციის სრულ აღმოფხვრაშია – ამ ყველაფერში ერთი ძირითადი მოტივი გაისმის: სუბიექტის წინააღმდეგობა მისი ნიველირებისა და საზოგადოებრივ-ტექნიკური მექანიზმით შთანთქმის მიმართ. ყველგან, სადაც საუბარი ეხება თანამედროვე ცხოვრების სპეციფიკურ შედეგთა შინაარსს, სადაც, ასე ვთქვათ, კულტურის სხეული შეკითხვებს სვამს საკუთარი სულის შესახებ – როგორც მაგალითად, დღეს გვაწუხებს მსგავსი კითხვები დიდ ქალაქებთან დაკავშირებით – პასუხის გასაცემად საჭიროა გავარკვიოთ, რომელი სოციალური სტრუქტურა განავითარებს ცხოვრების ინდივიდუალურ და ზეინდივიდუალურ ასპექტებს შორის იმგვარ მიმართებას, რომლის წყალობითაც ადამიანს შეუძლია გარეშ ძალებს გაართვას თავი. 
მეტის ნახვა ...

Wednesday, May 13, 2015

ენდრიუ კლაიმანი - მარქსის "კაპიტალის" აქტუალურობის შესახებ

0 comments

როგორ არ უნდა შევაფასოთ “კაპიტალი”

მთელი საუკუნე-ნახევრის წინ, მას შემდეგ, რაც მარქსმა დაწერა “კაპიტალი”, კაპიტალიზმი შესამჩნევად შეიცვალა. დღეს ეს სისტემა თითქმის მთელ დედამიწას მოიცავს, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, ფინანსების როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩვენთვის, “მრავალ და ფრაგმენტირებულ იდენტობათა” მატარებელთათვის, მსოფლიოს ნაკლებად თუ აქვს  საერთო იმ მარტივ სიტუაციასთან, რომელიც მარქსმა თავისი წიგნის პირველ თავში წარმოგვიდგინა - წარმოების პროცესში, მშრომელთა ზედმეტი შრომის მითვისების ხარჯზე, კაპიტალის ზრდასთან.

ამის გამო კაპიტალი ხშირად უარყოფილია, როგორც რედუქციული ან აქტუალობადაკარგული, ან  შესწორებისა და დამუშავების საჭიროების მქონე ნაშრომი. მსგავს პროექტებზე დღეს მრავალი აკადემიკოსისა და საჯარო ინტელექტუალის კარიერაა დამყარებული. თუმცა, ეს არ არის ის, რასაც პირველ რიგში უნდა გავუსწოროთ თვალი.

პირველ რიგში: იმას, რომ წიგნის სათაური არის “კაპიტალი”, თავისი მიზეზი აქვს. მას არ ჰქვია “ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ იმის შესახებ, თუ რა ხდება კაპიტალიზმის შიგნით”, ან კიდევ “ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ კაპიტალიზმზე”. ის ფოკუსირდება კონკრეტულად კაპიტალზე - პროცესზე, რომელშიც და რომლის საშუალებითაც ღირებულება განიცდის თვითზრდას, ან იქცევა უფრო მეტი რაოდენობის ღირებულებად. წიგნი არის იმის შესახებ, თუ როგორ იწარმოება ეს თვითზრდა, როგორ კვლავწარმოვდება (ახლდება და მეორდება) ის და როგორ იქმნება არასრულყოფილი რეფლექსიები ამ პროცესის გარშემო სხვადასხვა ადამიანთა გონებაში, კონვენციურ აზროვნებასა თუ ეკონომისტურ კონცეპტებში. სპეციფიკური ფოკუსის ქონასა და რედუქციულობას შორის დიდი განსხვავებაა. მე არ ვფიქრობ, რომ მარქსს სადმე უწერია ან ნაგულისხმევი აქვს რაიმე ერთადერთი, რაც მნიშვნელობს ღირებულების თვითზრდისათვის და ყველაფერი სხვა მასზე შეიძლება იქნას რედუცირებული. ის ბევრ სხვა რამეზე ახდენს გავლენას. ხანდახან ეს გავლენა გადამწყვეტია - შეიძლება ეს იყოს მთავარი მიზეზი, რის გამოც კაპიტალი შეცდომითაა მიჩნეული ყველაფრის შესახებ წიგნად - შიდა კავშირებზე დაკვირვება არ ნიშნავს სხვა ყველაფრის დაყვანას ღირებულების თვითგაფართოებაზე.

რა თქმა უნდა, გარკვეული აზრით,  ყოველი სპეციფიკური ფოკუსის მქონე წიგნი ტოვებს სხვა თემებს, მაგრამ როგორც წესი, ჩვენ უკმაყოფილებას არ გამოვთქვამთ იმის გამო, რომ კულინარიული რეცეპტების წიგნში გამოტოვებულია მანქანის ზეთის გამოცვლის ინტრუქცია ან საერთაშორისო პოლიტიკის ანალიზი. ბრალდებები იმის შესახებ, რომ კაპიტალი ვერ ახერხებს მიმოიხილოს კაპიტალიზმის ბევრი ასპექტი, ჩემთვის ასეთივე არამართებული და უსამართლოა.

ის ფაქტი, რომ სამყარო ახლა ძალიან განსხვავებული ჩანს იმისგან, რასაც ვხვდებით კაპიტალში, უბრალოდ არ გულისხმობს იმას, რომ წიგნი აღარ არის აქტუალური, ან იმას, რომ ის ნაკლებად აქტუალურია იმ დროსთან შედარებით, როცა ის დაიწერა. როდესაც მარქსი ამ წიგნს წერდა, სამყარო მაშინაც ძალიან განსხვავებული ჩანდა და ის თავადაც კარგად ხვდებოდა ამას. მაგალითად, მეორე ტომში ის შენიშნავს: “ბურჟუაზიული ჰორიზონტისთვის ტიპიურია, … სადაც ბიზნეს გარიგებები მთლიანად ავსებენ  ადამიანთა გონებას, რომ წარმოების წესის საფუძვლები დაინახო მის შესაბამის ვაჭრობის წესში, და არა პირიქით.” მიუხედავად ამისა, ის ხაზს უსვამდა, რომ საბაზრო ურთიერთობები მყიდველსა და სამუშაო ძალის გამყიდველს შორის (კაპიტალისტსა და მშრომელს შორის)  “ფუნდამენტურად დაფუძნებულია წარმოების სოციალურ ხასიათზე და არა ვაჭრობის წესზე; ვაჭრობის წესი გამომდინარეობს წარმოების წესისგან.

შესაბამისად, საკითხავია არა ის, შეიცვალა თუ არა კაპიტალიზმი მარქსის ეპოქის შემდეგ, ან ის, მნიშვნელოვანია თუ არა ეს ცვლილება,  არამედ ის, თუ რა მნიშვნელობის მქონეა თავად ის ფაქტი, რომ ვითარება  სავსებით განსხვავებულად გამოიყურება იმისგან, რასაც კაპიტალი წარმოგვიდგენს.  შეიძლება თუ არა ეს ფაქტი მივიჩნიოთ წიგნის ლეგიტიმურ კრიტიკად, ან თეორიული შეუსაბამობის ინდიკატორად?

მარქსი ჭვრეტდა მსგავსი სახის წინააღმდეგობას, რომელსაც მან ასე უპასუხა: “ვულგარული ეკონომისტი ფიქრობს, რომ მან დიდი აღმოჩენა გააკეთა, როდესაც შიდა კავშირების გამომჟღავნების საწინააღმდეგოდ, მან ამაყად დაიჩემა, რომ გარეგნულად საგნები განსხვავებულად გამოიყურებიან. თუ ასეა, მაშინ საერთოდ რაში გვჭირდება მეცნიერება?” მარქსი  არ ცდილობდა კაპიტალისტურ საზოგადეობაზე ისეთი კომენტარების წარმოდგენას, რომელიც ძლიერად მოიხელთებდა გარეგნულ მხარეს, მისი კომპონენტების და კავშირების იმგვარი აღწერით, როგორადაც ისინი მოჩანს საზოგადოების ზედაპირზე. ის ამის ნაცვლად დაკავებული იყო “მეცნიერებით” -ცალკეულ ნაწილთა და მათ აშკარა გარეგან ურთიერთობათა შორის “შინაგანი კავშირების გამომჟღავნებით”.   

ამ მიზნის გათვალისწინებით, სრულიად უადგილოდ მიმაჩნია ამ წიგნის შეფასება იმ კრიტერიუმით, თუ რამდენად ზუსტად ემთხვევა ის საგნების გარეგნულ მხარეს. მაგალითად, იმ კრიტერიუმით, რომ ბიზნეს გარიგებები და ფინანსური ბაზარი, რომლებიც დომინირებს ეკონომიკურ სიახლეებსა და ბურჟუათა გონებებში, დომინირებს თუ არა ასევე წიგნში. ამის სანაცვლოდ, ის უნდა შეფასდეს იმ კრიტერიუმით, თუ რამდენად წარმატებით წარმოაჩენს ის შინაგან კავშირებს.

ამრიგად ვფიქრობ, რომ ის გარემოებები, რომლის საფუძველზეც კაპიტალი მიჩნეულია არააქტუალურ ან ნაკლები აქტუალობის მქონე წიგნად, კრიტიკას ვერ უძლებს. თუმცა,  ეს ნეგატიური არგუმენტაცია თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ წიგნი ინარჩუნებს აქტუალურობას. ამასთან ერთად, საჭიროა პოზიტიური არგუმენტებიც, რისთვისაც, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი ასეთი მცირე მოცულობის ტექსტი. ამიტომ, მე მოკლე კომენტარებით შემოვიფარგლები წიგნის იმ ასპექტებზე, რომლებიც,  ჩემი აზრით, დღეს განსაკუთრებით აქტუალურია.

სხვა მემარცხენე ტენდენციების კრიტიკა

კაპიტალი ეჭვქვეშ აყენებს ზოგიერთ იდელოგიას, რომელიც საკმაოდ მიმსგავსებულია დღეს არსებულ იდეოლოგიებთან. ერთის მხრივ, ის ებრძვის ბურჟუაზიული პოლიტეკონომიის პერსპექტივას, რომლის მიხედვითაც “ისტორია არსებობდა, მაგრამ ის მეტად აღარ არსებობს”, როგორც, მარქსმა, თავად გამოთქვა სარკაზმით. უკანასკნელ დეკადებში, ეს პერსპექტივა კვლავ დაბრუნდა მარგარეტ ტეტჩერის მანტრის ფორმით: “ალტერნატივა არ არსებობს (there is no alternative)”. ამგვარად, კაპიტალი  პირდაპირ გამოთქვამს უკანასკნელი დეკადის პოპულარული მოძრაობების მთავარ საზრუნავს, კერძოდ კი იმას, რომ “განსხვავებული სამყარო შესაძლებელია” და ამას ახერხებს იმით, რომ წიგნი გვაჩვენებს, თუ რა უნდა შეიცვალოს კაპიტალიზმის გადასალახად.

მაგრამ წიგნი ასევე ებრძვის პრუდონისა და სხვა მემარცხენეების პოლიტეკონომიურ მოსაზრებებს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ კაპიტალიზმის უკეთურებათა გამოსწორება შესაძლებელი იყო მონეტარული, საბაზრო თუ ფინანსური ურთიერთობების რეფორმით, ისე, რომ ხელუხლებლად დარჩენილიყო კაპიტალისტური წარმოების წესი. შემდეგი ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით, ფინანსურ რეფორმაზე საუბარმა, კაპიტალის ეს განზომილება ხელახლა გახადა აქტუალური.

როდესაც წიგნი მიჩნეულია მხოლოდ ბურჟუაზიული პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკად, და არა, მასთან ერთად, პრუდონისეული პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკადაც, მაშინ მისი გარკვეული ნაწილი მიუწვდომელი და მეტიც, უაზრო ხდება. გავამახვილოთ ყურადღება პირველი თავის მესამე სექციაზე - “ღირებულების ფორმის” შესახებ. ეს სექცია შეიცავს ფულის ფორმის რთულ დიალექტიკურ გამოყვანას საქონლის ფორმიდან, მაგრამ რა არის  მიზანი? მარქსი ხაზს უსვამს, რომ ეს “გამოყვანა” გადამწყვეტია : “ჩვენ უნდა შევასრულოთ ეს ამოცანა … ჩვენ უნდა ვაჩვენოთ … ჩვენ უნდა მივყვეთ კვალს” - მაგრამ რატომ? ჩემი აზრით, პასუხი შემდეგია: მარქსი ცდილობს გვაჩვენოს, რომ ფულადი გაცვლა არის მხოლოდ შედეგი, გარდაუვალი შედეგი სასაქონლე წარმოებისა. სანამ არსებობს სასაქონლე წარმოება, იქამდე იარსებებს ფული და მასთან დაკავშირებული სოციალური ბოროტებანი. “აუცილებელია, ამის ნათლად დანახვა, რომ თავიდან ავიცილოთ შეუძლებელი ამოცანების დასახვა, და ვიცოდეთ მონეტარული რეფორმების და ცირკულაციის [სასაქონლე გაცვლის] ტრანსფორმაციის ლიმიტები”. პრუდონის სურვილს, გააუქმოს ფული, ისე, რომ არ გაუქმდეს სასაქონლე წარმოების პირობები, მარქსი ადარებს “პაპობის გაუქმებას მაშინ, როდესაც კათოლიციზმი ისევ არსებობს” - არც ერთი მათგანი არ არის განხორციელებადი.

ის ფაქტი, რომ სხვა საკითხებთან ერთად, კაპიტალი  გვევლინება სხვა მემარცხენე ტენდენციების მიერ შემოთავაზებული გზების კრიტიკად კაპიტალიზმის გადალახვისათვის, ხშირად, საერთოდ დავიწყებულია. ისინი, ვინც გამუდმებით მოუწოდებენ სხვებს, გაერთიანდნენ ერთი მიზნის, ქმედების, თუ პროგრამის გარშემო, ხშირად მიიჩნევენ მარქსის იდეებს მათი საქმიანობისაგან ყურადღების გადამტანად, დამაბრკოლებლად. ხოლო მაშინ, როდესაც მარქსის მიმართ კეთლგანწყობილნი არიან, აქცევენ მას კერპად, რომელმაც ძალიან ცოტა რამ თქვა განსაკუთრებული :  არაფერი ისეთი, რაც შეიძლება “საფრთხის შემცველი” იყოს. ბევრს სურს მის სახელს დაუკავშიროს ის პერსპექტივები და პროექტები, რომლებსაც უფრო მეტი საერთო აქვთ ტენდენციებთან, რომელსაც მარქსი მთელი ცხოვრება ებრძოდა საკუთარი იდეებით. ის კი განუწყვეტლივ იბრძოდა თავისი სპეციფიკური იდეებისთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კაპიტალი გამოქვეყნდა და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა.

1875 წელს, გერმანიაში “მარქსისტული” და ლასალიანური  პოლიტიკური პარტიები გოთას პროგრამის საფუძველზე გაერთიანდნენ. ამ პროგრამის მარქსისეული კრიტიკა გამოთქვამს უკმაყოფილებას იმის შესახებ, რომ ის პოზიციები და მოთხოვნები, რაც პროგრამაშია გამოთქმული, არ შეესაბამება კაპიტალში მოცემულ თეორიულ დასკვნებს. ეს არ ყოფილა უბრალოდ აკადემიური კრიტიკა, ის ეწინააღმდეგებოდა პარტიების გაერთიანებას სწორედ იმიტომ, რომ  პროგრამის იდეები არასწორად და შეუსაბამოდ მიაჩნდა. კონკრეტულად, პროგრამის მოთხოვნა შემოსავლის “სამართლიანი გადანაწილებისათვის” ძალზე ახლოს იდგა პრუდონისტულ პერსპექტივასთან, რომელსაც მარქსი რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში ებრძოდა - პერსპექტივას, რომლის მიხედვითაც უთანასწორო შემოსავალი საწარმოო ურთიერთობების ცვლილების გარეშე უნდა გამოსწორებულიყო. ის ამას  შეუძლებლად მიიჩნევდა და არ მისცემდა აღნიშნულ გაერთიანებას სამყაროს სწორ აღქმასა და შემდეგ მის ეფექტურად შეცვლაში ხელის შეშლის უფლებას.

გაპიროვნებული კაპიტალი

კაპიტალის პირველი ტომის პირველი გამოცემის წინასიტყვაობაში მარქსი შენიშნავს: “კაპიტალისტისა და მიწის მესაკუთრის ფიგურებს მე სრულიად არ ვხატავ ვარდისფრად”. მიუხედავად ამისა, ის არც მათ დემონიზებას ახდენს და არ მიიჩნევს მათ დამნაშავედ კაპიტალისტური სისტემის დეფექტებისათვის : “...აქ ლაპარაკია პიროვნებებზე მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ისინი არიან ეკონომიურ კატეგორიათა გამოვლინებანი, განსაზღვრული კლასობრივი ურთიერთობისა და ინტერესების მატარებელნი. ჩემს თვალსაზრისს,… უფრო ნაკლებად შეუძლია, ვიდრე სხვა რომელიმე თვალსაზრისს, ცალკეული პიროვნება პასუხისმგებელი გახადოს იმ ურთიერთობისათვის, რომლის ქმნილებადაც იგი რჩება სოციალურად.” მოგვიანებით ის ამბობს: “სოციალური მექანიზმი რომელშიც ის [კაპიტალისტი] არის უბრალოდ ჭანჭიკი.. … კონკურენცია თითოეულ ინდივიდუალურ კაპიტალისტს თავს ახვევს კაპიტალისტური წარმოების წესის იმანენტურ კანონებს, როგორც გარეგან იძულებით კანონებს.” თუ ისინი ამგვარად არ მოიქცევიან, კაპიტალისტების ნაცვლად გახდებიან ყოფილი, გაკოტრებული კაპიტალისტები.

ვფიქრობ, ეს თვალსაზრისი განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც სხვადასხვა მოვლენები, მაგალითად უკანასკნელი ეკონომიკური კრიზისი და კაპიტალიზმის სხვა დეფექტები გამუდმებით მიეწერება კაპიტალისტთა სიხარბეს და “ნეოლიბერალურ” სტიმულს, გაანადგუროს ყოველი დაბრკოლება თავის გზაზე, რათა მდიდრები გახდნენ კიდევ უფრო მდიდრები. ასეთი მიდგომის ქვეტექსტი გულისხმობს, რომ დღევანდელი სისტემის დეფექტები შესაძლოა გამოსწორდეს, თუკი ახლანდელი კაპიტალის გამომხატველ პიროვნებებს ჩავანაცვლებთ ანტინეოლიბერალური განწყობების მქონე, სხვა პრიორიტეტის მქონე პიროვნებებით.

აქ იგნორებულია მარქსის არგუმენტი, რომლის თანახმადაც ხალხი, რომელიც მართავს სისტემას, ვერცერთ მომენტში ვერ აკონტროლებს სიტუაციას. რეალურად, სიტუაციას “კაპიტალისტური წარმოების კანონები” აკონტროლებენ, როგორც კაპიტალის ინდივიდუალური განსახიერებები. ეს მოიცავს ატიპიურ განსახიერებებსაც, როგორიცაა ინდივიდუალური სახელმწიფო კაპიტალი და მშრომელთა მიერ მართული საწარმო, რომლებიც უნდა დაემორჩილონ ამ კანონებს ან უარი თქვან “კონტროლზე”. ყველაზე მნიშნელოვანი კანონი “ღირებულების კანონია”, ანუ ღირებულების განსაზღვრა სამუშაო დროით. ის აიძულებს ბიზნესს, (ვინც არ უნდა ფლობდეს ან აკონტროლებდეს მას) შეამციროს დანახარჯი, რათა დარჩეს კონკურენტუნარიანად და შედეგად დაითხოვოს არაეფექტური ან არასაჭირო მშრომელები, დააჩქაროს წარმოება, არ ქონდეს უსაფრთხო სამუშაო გარემო, აწარმოოს მოგებისთვის იმის ნაცვლად, რომ აწარმოოს საჭიროებისთვის და ასე შემდეგ. თუ თქვენ ხართ კაპიტალისტურ სისტემაში, თქვენ  უბრალოდ არ შეგიძლიათ გასცეთ დირექტივა საჭიროებისათვის წარმოებისა, ან გასცეთ დირექტივა მუშების დათხოვნისგან თავის შეკავების შესახებ. დანახარჯების შემცირება წარმატების გასაღებია. სხვა ადამიანებისთვის, სხვა პრიორიტეტის მქონე ადამიანებისთვის “კონტროლის” მინიჭებით ჩვენ ვერ გავაუქმებთ ამ კანონს ან რაიმე სხვა კაპიტალისტური წარმოების კანონს. სისტემის დეფექტები იარსებებს იქამდე, სანამ თავად ეს კანონები არ გაუქმდება.

ღირებულების გარდაქმნა წარმოების ფასებად

კაპიტალის მესამე ტომში, მარქსი საბოლოოდ იწყებს “რეალური სამყაროს” განხილვას. განხილვას იმ ფორმებისა, რომლებშიც მის მიერ გაანალიზებული კატეგორიები და ურთიერთობები “მოსჩანს საზოგადოების ზედაპირზე, სხვადასხვა კაპიტალისტების ერთმანეთთან ურთიერთობაში, ესეიგი კონკურენციაში და თავად პროდუქციის აგენტების ყოველდღიურ ცნობიერებაში.”  ნაცვლად იმისა, რომ ისაუბროს “კაპიტალისტზე” და “ზედმეტ ღირებულებაზე”, რომელსაც ის გამოსწოვს “მშრომელს”, მარქსი საუბრობს ინდუსტრიულ კაპიტალისტებზე, ვაჭრებზე, მიწის მფლობელებზე და ფინანსისტებზე, როგორც განსხვავებულ ჯგუფებზე, განსხვავებული ინტერესებით, რომლებსაც განსხვავებული შემოსავალი აქვთ: ინდუსტრიული მოგება, კომერციული მოგება, პროცენტი და რენტა. მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალისტი ჯერ კიდევ არ არის აღწერილი თავისი მთლიანი კონკრეტული კომპლექსურობით, ჩვენ მაინც გაცილებით შორს ვართ პირველი ტომისგან და ახლა ფოკუსი პირდაპირ წარმოების პროცესზეა გადატანილი.

და მაინც, მარქსი აჩვენებს, რომ ეს უფრო “რეალისტური”, ნაკლებად რედუქციული მიდგომა არ ცვლის იმ დასკვნებს, რომელიც მან კაპიტალის პირველ ორ ტომში გამოიყვანა. როგორც რაია დუნაევსკაია გამჭრიახად შენიშნავს:


რა არის ცხოვრების ყველა ფაქტის შესწავლის ძირითადი შედეგი? როგორ შეცვალეს მათ კანონები, რომლებიც წარმოიშვება წარმოების მკაცრი პროცესიდან, რომლებსაც აკადემიკოსი ეკონომისტები “აბსტრაქტულს” უწოდებენ? როგორ და საერთოდაც ვერ შეცვალეს. ბოლოს … , მარქსი ისევ გვაბრუნებს უკან, იქ, სადაც ის ეყრდნობა ღირებულებას და ზედმეტი ღირებულების წარმოებას. ის გვაჩვენებს, რომ საბოლოო ანალიზის თანახმად, ყოველი ფასის ჯამი ყოველი ღირებულების ჯამის ტოლია. იქ, სადაც მშრომელი არ ქმნის არაფერს, მანიპულატორი კაპიტალისტიც ვერ იღებს ვერაფერს. მოგება, თუნდაც როგორც ზედმეტი ღირებულება, გამომდინარეობს არა “ფლობიდან” არამედ წარმოებიდან. ...არაფერი ფუნდამენტური არ იცვლება;”


მესამე ტომის მეცხრე თავში, მარქსი განიხილავს ღირებულების გარდაქმნას წარმოების ფასებად და ზედმეტი ღირებულების გარდაქმნას “საშუალო მოგებად”. ძველი მითის მიხედვით, მისი არგუმენტის ლოგიკური წინააღმდეგობრიობა დამტკიცებულია. გარდა ამისა, ამ წინააღმდეგობის დამადასტურებელ საეჭვო მტკიცებულებებათა ტექნიკური და მათემატიკური ხასიათის, ასევე  “გარდაქმნის პრობლემის” დამაბნეველი ეგრეთწოდებული “გადაჭრის გზების”(ანუ მცდელობების ამ საეჭვო წინააღმდეგობის “გასწორების”) გამო, ეს თემა ხშირად არასერიოზულად აღქმული და ინგორირებულია, როგორც გაურკვეველი და უმნიშვნელო. თუმცა, ამ თავის მნიშვნელობა გადამწყვეტია, რადგან სწორედ აქ ამტკიცებს მარქსი  ხელახლა იმ ყველაზე მნიშვნელოვან დასკვნას, რომელიც მან კაპიტალში ადრე უკვე “გამოიყვანა”.

ინდივიდუალურ ფირმებს შეუძლიათ და ყიდიან თავიანთ პროდუქტს თავიანთ რეალურ ღრებულებაზე მეტად და შედეგად მათ შეუძლიათ მიიღონ უფრო მეტი მოგება, ვიდრე ზედმეტი ღირებულება, რომელიც მათ შექმნეს. თუმცა, მეცხრე თავში, გარდაქმნის შესახებ განვითარებული მოსაზრების თანახმად, მარქსი აჩვენებს, რომ ეკონომიკაში მთლიანად, ყველა პროდუქტის მთლიანი ფასი ტოლია მათი მთლიანი ღრებულებისა. შესაბამისად, მთლიანი მოგება ტოლია მთლიანი ზედმეტი ღირებულების, რომელიც გამოწოვილია მშრომელთაგან წარმოების უშუალო პროცესში. მაშასადამე საერთო მოგების ნორმა არის იმდენივე, რამდენიც ინვესტირებული კაპიტალის თითოეულ დოლარზე საერთო ზედმეტი ღირებულება, მიუხედავად ყველა შეუსაბამობისა ფასსა და ღრებულებას, თუ მოგებასა და ზედმეტ ღირებულებას შორის. “არაფერი ფუნდამენტური არ შეცვლილა”.

მეორე ტომში, მარქსი გვაფრთხილებდა: 

ჩვენ არ უნდა გავყვეთ პრუდონის მანერას, რომელიც მან ბურჟუაზიული ეკონომიიდან გადმოიღო, და საქმე ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს კაპიტალისტური წარმოების წესის მქონე საზოგადოება, მთლიანად აღებული, კარგავს ამ თავის სპეციფიკურ , ისტორიულ-ეკონომიურ ხასიათს. პირიქით: ასეთ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს კოლექტიურ კაპიტალისტთან.

ეს მეთოდი, მეცხრე თავისა, ასევე მთელი მესამე ტომის მეთოდია: მიუხედავად იმისა, რომ ეს ტომი ძირითადად განიხილავს კაპიტალისტებს ერთმანეთთან კონკურენციაში, თავიანთი დაპირისპირებული ინტერესებით, რომლებიც წარმოადგენენ კაპიტალისტთა კლასის სხვადასხვა ფრაქციებს, მეცხრე თავი აბსტრაგირდება კონკურენციისა და კაპიტალისტთა მრავალფეროვნებისგან. ეს თავი უბრუნდება კაპიტალისა და შრომის ცნობილ დაპირისპირებას, რომელიც პირველ ტომში წარმოების პროცესთან ერთადაა განხილული, თუმცა ახლა აგენტები არიან არა “კაპიტალისტი” და “მშრომელი”, არამედ კოლექტიური კაპიტალისტი და კოლექტიური მშრომელი. მარქსი ვარაუდობს, “რომ ხუთი სხვადასხვა კაპიტალის ინვესტიცია ზემოთ მოცემულ მაგალითში, I-V, ეკუთვნის ერთდაიგივე ადამიანს.” ამ ადამიანის ანგარიშზე მიწერილი მოგება იქნებოდა თუ არა რეალურად მშრომელისგან გამოწოვილი, ან იქნებოდა თუ არა თითოეულ მოგებაზე მიღებული მოგება მისი მოცულობის პროპორციული - “I-V საქონელთა მთლიანი ფასი … იქნებოდა იგივე, რაც მათი მთლიანი ღირებულება. … და იგივე ითქმის საზოგადოებაში ნაწარმოებ მთლიან საქონელზე.” ინდივიდუალურია თუ კოლექტიური მფლობელობა, შედეგი მაინც ერთნაირია.

შესაბამისად, მარქსისთვის კაპიტალიზმს თავის “სპეციფიკურ ისტრიულ და ეკონომიკურ ხასიათს” აძლევს მისი წარმოების წესი. სულ ერთია, ეს წარმოების წესი კონკურენტუნარიანი საზოგადოების ფორმაში გამოიხატება, რომელიც ატომიზირებული მესაკუთრეებისგან შედგება, თუ კოლექტიურ საზოგადოებაში, რომელშიც მთლიანი კაპიტალი “ეკუთვნის ერთ ადამიანს”, მისი არსი უცვლელი რჩება. ასე რომ, როგორც ის თავად გამოკვეთს, მეცხრე თავის მთავარი მიზანი, და მესამე ტომის მთლიანად, იმის ჩვენება იყო, რომ კონკურენცია და საკუთრების უფლების მრავალი ადამიანისთვის ქონა არ ცვლის ღირებულებისა და ზედმეტი ღირებულების კანონებს. ისინი ცვლიან მხოლოდ იმ ფორმებს, რომლებშიც ეს კანონები გამოვლინდებიან. საზოგადოებაში, როგორც მთელში, ისინი განაგრძობენ არსებობას ზუსტად ისე, როგორც მან პირველ ტომში აღწერა.

მარქსის კაპიტალისტური კრიზისის თეორია

დასკვნები, რომლებთანაც მარქსი მივიდა მესამე ტომის მეცხრე თავში, ძალიან მნიშვნელოვანია მისივე “მოგების ნორმის დაცემის ტენდენციის კანონისათვის” და  კაპიტალისტური ეკონომიკის კრიზისის თეორიისათვის, რომელსაც ფესვები ამ კანონში აქვს გადგმული. კაპიტალისტური წარმოების მარცხში და სხვაგანაც, მე ვამტკიცებდი, რომ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ამერიკული კორპორაციების მოგების ნორმის დაცემა საფუძველმდებარე და არაპირდაპირი, თუმცა მნიშვნელოვანი მიზეზი იყო დიდი რეცესიის და მისი ხანგრძლივი შედეგისათვის, და თითქმის ყველა მოგების ნორმის დაცემა შეგვიძლია მივაწეროთ იმ ფაქტს, რომ კაპიტალის ინვესტირების ზრდა უსწრებდა დასაქმების ზრდას, სწორედ ისე, როგორც ამას მარქსის კანონი აცხადებს.

კაპიტალის მესამე ტომის ცენტრალურ ადგილს მეორე თავის მეცხრე თავში ვპოულობთ. შემდეგი თავი დათმობილია მოგების ნორმის დაცემის ტენდენციის კანონს, ანუ კრიზისის თეორიას. მარქსს არ შეეძლო ამ კანონის გამოყვანა მეცხრე თავში განვითარებულ მტკიცებათა გარეშე. ის აჩვენებს, რომ “მოგების ნორმა” მიისწრაფის დაცემისკენ სწორედ შრომის დამზოგავი ტექნოლოგიური ცვლილებების გამო, მაგრამ ამის ჩვენება მას შეუძლია მხოლოდ იმიტომ, რომ “მოგების ნორმაზე” გავლენას ვერ ახდენს შეუსაბამობანი ფასსა და ღირებულებას შორის, მოგებასა და ზედმეტ ღირებულებას შორის. ეს არის კოლექტიური კაპიტალისტის (ან მთლიანი კაპიტალისტთა კლასის) მოგების ნორმა, და ეს მოგების ნორმა, როგორც მეცხრე თავშია ნაჩვენები, სხვა არაფერია თუ არა მთლიანი ზედმეტი ღირებულება, ინვესტირებული კაპიტალის თითო დოლარზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოგების ნორმის დაცემის ტენდენციის კანონი დამყარებულია პირველი ტომის ძირითად შედეგზე, რომელიც ხელახლაა დადასტურებული მესამე ტომის მეცხრე თავში - კერძოდ იმაზე, რომ არ შეიძლება, მოგება იყოს მეტი, ვიდრე მშრომელთა მიერ ზედმეტი შრომით შექმნილი ზედმეტი ღირებულება, როგორც მარქსი აღნიშნავდა მოსამზადებელ ხელნაწერში:

"ჩვენ ვნახეთ რომ მოგების ნორმა ინდივიდუალური კაპიტალისთვის განსხვავდება საერთო რაოდენობის ავანსირებული კაპიტალის ზედმეტი ღირებულების შეფარდებისგან. მაგრამ ასევე ვნახეთ რომ … კაპიტალისთა კლასის მთლიანი კაპიტალი, საშუალო მოგების ნორმა სხვა არაფერია, თუ არა მთლიანი ზედმეტი ღირებულება, გამოთვლილი ამ მთლიანი კაპიტალის შესაბამისად …. ასე რომ, აქ ჩვენ კიდევ ერთხელ ვდგავართ მყარ ნიადაგზე, სადაც მრავალი კაპიტალის კონკურენციაში შესვლის გარეშე, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყვანოთ ზოგადი კანონი პირდაპირ კაპიტალის ზოგადი ბუნებიდან. ეს კანონი არის ყველაზე მნიშვნელოვანი კანონი პოლიტიკური ეკონომიისთვის და მდგომარეობს იმაში რომ მოგების ნორმას, კაპიტალისტური წარმოების პროგრესის შესაბამისად, დაცემისაკენ გააჩნია ტენდენცია."

Andrew Kliman, 2015
თარგმნა შოთო აზიკურმა
წყარო : 
http://www.marxisthumanistinitiative.org/alternatives-to-capital/on-the-relevance-of-marxs-capital-for-today.html
მეტის ნახვა ...

Thursday, March 19, 2015

დევიდ გრებერი – აბსურდული სამუშაოების ფენომენის შესახებ

0 comments
1930 წელს, ჯონ მეინარდ კეინზის პროგნოზის მიხედვით, საუკუნის დასასრულს ტექნოლოგიები საკმარისად განვითარდებოდა იმისთვის, რომ დიდი ბრიტანეთისა და შტატების მსგავს სახელმწიფოებს 15 საათიანი სამუშაო კვირისთვის მიეღწიათ. ყველანაირი საფუძველი არსებობს იმის დასაჯერებლად, რომ ის მართალი იყო. დღევანდელი ტექნოლოგიის საშუალებით, ჩვენთვის ეს სავსებით შესაძლებელია. და, მიუხედავად ყველაფრისა, ეს არ მოხდა. ნაცვლად ამისა, სწორედ ტექნოლოგიებმა შექმნა პირობები იმისთვის, რომ ყველამ უფრო მეტი იმუშავოს. ამის მისაღწევად, საჭიროა უმიზნო სამუშაოების შექმნა. ევროპაში და განსაკუთრებით ჩრდილოეთ ამერიკაში, უამრავი ადამიანი მთელს თავის სამუშაო დროს ხარჯავს ისეთ საქმიანობაში, რომლის შესრულების საჭიროებასაც ის ვერ ხედავს. ეს სიტუაცია  იწვევს მათ ღრმა მორალურ და სულიერ ზიანს. ეს არის ჭრილობა ჩვენს კოლექტიურ სულზე. თუმცა, ამაზე, ფაქტობრივად, არავინ საუბრობს.





მეტის ნახვა ...

Tuesday, March 17, 2015

მიშელ ფუკო - რატომ ვარ პოლიტიკით დაინტერესებული?

0 comments
ამონარიდი ფუკოსა და ჩომსკის დებატებიდან:


FOUCAULT: თქვენ მეკითხებით: რატომ ვარ ასე დაინტერესებული პოლიტიკით? ძალიან მარტივად რომ გიპასუხოთ, გეტყვით: რატომ არ უნდა ვიყო დაინტერესებული? ანუ რა სიბრმავე, რა სიყრუე, იდეოლოგიის რა სიმძიმე უნდა მაწვეს, რომ არ დავინტერესდე ჩვენი არებობის ყველაზე მნიშვნელოვანი თემით, ანუ საზოგადოებით რომელშიც ვცხოვრობთ, ეკონომიკური ურთიერთობებით რომლებშიც ვფუნქციონირებთ და ძალაუფლების იმ სისტემებით, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენი ქცევის დასაშვებ ფორმებს, უფლებებსა და აკრძალვებს. ჩვენი ცხოვრების არსი შედგება იმ საზოგადოების პოლიტიკური ფუნქციონირებისგან, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ასე რომ მე ვერ გიპასუხებთ რატომ ვარ დაინტერესებული პოლიტიკით, მე შემიძლია გიპასუხოთ კითხვით: რატომ არ უნდა ვიყო დაინტერესებული? არ იყო დაინტერესებული პოლიტიკით, აი რა წარმოადგენს პრობლემას. დაუსვით ეს კითხვა ჩემს ნაცვლად სხვას, მას ვინც არ არის დაინტერესებული პოლიტიკით და შემდეგ თქვენს კითხვას ექნება საფუძველი.
მეტის ნახვა ...

Wednesday, March 11, 2015

არიან თუ არა უარესნი სავსე მგზნებარე ძალით ? - სლავოი ჟიჟეკი

0 comments
სლავოი ჟიჟეკი. 10 იანვარი, 2015 - 21:31
ახლა, როცა ყველანი შოკურ მდგომარეობაში ვართ შარლი ებდოს ოფისის თანამშრომლების მკვლელობის შემდეგ, შესაფერისი მომენტია იმისთვის, რომ გამბედაობა მოვიკრიბოთ და ვიფიქროთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ერთმნიშნელოვნად უნდა გავაკრიტიკოთ მკვლელობები როგორც შეტევა ჩვენი თავისუფლების არსზე, და გავაკრიტიკოთ ისინი ნებისმიერი შეფარვითი პროტესტის გარეშე (ამ სტილში: ,,შარლი ებდო არანაკლებ პროვოკაციული და მუსლიმებისთვის შეურაცხმყოფელი იყო''), მაგრამ მსგავსი პათოსი უნივერსალური სოლიდარობისა,  საკმარისი არაა - საჭიროა, უფრო შორსმჭვრეტელები  ვიყოთ.

მეტის ნახვა ...

Sunday, February 22, 2015

ცოცხალი ცოდნის რევოლუცია - ჯიჯი როჯერო

1 comments
ჩვენ რევოლუციურ გარემოში ვცხოვრობთ. შეგვიძლია კლასიკური დეფინიციების ხელახალი ფორმულირება: გლობალური კაპიტალის მმართველი ელიტა ვერ იცხოვრებს ისე, როგორც წარსულში; ვერც მუშახელი, პრეკარიატი, სტუდენტები, ღარიბები ვერ იცხოვრებენ წარსულის მსგავსად.  ცოცხალი ცოდნა“ უარყოფს  ცხოვრების ისეთ მოდელს, როგორიც ის წარსულში იყო. გლობალური კრიზისის პირობებში, საერთაშორისო ბრძოლის გზა -  ჩრდილოეთ აფრიკის აჯანყებებიდან - ესპანეთის acam­padas-მდე ან სინთაგმა სქუერამდე, ჩილეს უნივერსიტეტის მოძრაობიდან -  occupy მდე და მეამბოხე კვებეკამდე - განპირობებულია იმ მსგავსებით, რაც საშუალო კლასისა და პროლეტარიატის დაღმასვლაში გამოიხატება, რომელთა სიღარიბეც მათი პროდუქტიულობის პირდაპირპროპორციულია.

ამ კონტექსტში, ყველაფრის გასაღები უნივერსიტეტია. არა იმდენად ცოდნის წარმოების კუთხით, არამედ პირიქით:  რაც უფრო მეტად ემსგავსება ცოდნის წარმოება სოციალურ საწარმოს, მით უფრო ნაკლებადაა უნივერსიტეტი პრივილეგირებული, როგორც ცოდნის გადამცემი ორგანო- აივორი თაუერი საბოლოოდ იმსხვრევა. მაგრამ უნივერსიტეტი გასაღებია იმდენად, რამდენადაც ბრძოლის ადგილია, განზოგადებისა და  ტერიტორიალიზაციის შესაძლებლობათა სივრცეა.  
მეტის ნახვა ...
 

Blogger news

About

Copyright © თვითორგანიზების ქსელი