Friday, November 20, 2015

ნუ დამიტირებთ, ორგანიზდით!

წინამდებარე ორი წერილი ეკუთვნის მნიშვნელოვან და საინტერესო ფიგურას „მსოფლიოს ინდუსტრიულ მუშათა“ მოძრაობაში. 1879 წელს დაბადებული ჯო ჰილი იმ ადამიანთა რიგს მიეკუთვნება, რომლებიც უსამართლოდ მოკლა ვუდრო ვილსონის ფაშისტურმა ადმინისტრაციამ. დღეისათვის, ჩვენ დავივიწყეთ ბევრი ის ადამიანი, რომელიც იბრძოდა მუშების კეთილდღეობისთვის, სამართლიანი პირობებისთვის და ღირსეული სიცოცხლისთვის. ისინი ნაკლებად ცნობილნი არიან მუშათა მოძრაობების, მასობრივი ორგანიზაციების და აქტივისტთა წრეების გარეთ. თუმცა, ვილსონის დაარესბული დასავლური პროპაგანდის ოფისის ეფექტური მუშაობის მიუხედავად, ამერიკის მუშათა მოძრაობამ შეძლო ჯო ჰილის სიმღერების, წერილებისა სახელის შნარჩუნება. ჰილს ეკუთვნის „There is Power in a Union“, „Casey Jones – the Union scab” და სხვა სიმღერები, რომლებიც შესულია „მსოფლიოს ინდუსტრიულ მუშათა“ მოძრაობის „პატარა წითელ სიმღერათა კრებულში“ (Little Red Songbook). 1914 წელს, ჯო ჰილს ბრალი დასდეს ორი ადამიანის მკვლელობაში. ჰილი არ ყოფილა დამნაშავე, თუმცა ის მაინც გაასამართლეს. ჯო ჰილი დახვრიტეს 1915 წლის 19 ნოემბერს. წინამდებარე წერილები მან ციხეში ყოფნისას დაწერა.

ნუ დამიტირებთ, ორგანიზდით!

100 წლის წინ, 19 ნოემბერს სიკვდილით დასჯილი შრომის მომღერლის ჯო ჰილის ორი წერილი


29 ნოემბერი, 1914

რედაქტორი, სოლიდარობა:

როგორც „სოლ“-ში ვნახე, სიმღერების კრებულის ახალი გამოცემის გამოქვეყნებას აპირებთ. მე მასში რამდენიმე მცირე ცვლილება და შესწორება შევიტანე. ვფიქრობ ეს ოდნავ გააუმჯობესებს წიგნს, რომელსაც აქვე დავურთავ.

რა თქმა უნდა, ვიცი იმ გამოჩენილი მეამბოხეების შესახებ, რომლებიც თვლიან, რომ მუშათა ორგანიზაციაში არ არის სიმღერების და სატირის ადგილი. ვაღიარებ, სიმღერები მართლაც არ არის აუცილებელი საერთო საქმისთვის. თუმცა, როდესაც „მომესურვება“ კიდევ დავწერ სულელურ სიმღერებს, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცი - კლასობრივი ბრძოლა საკმაოდ სერიოზული საკითხია.

პამფლეტი, როგორი კარგიც არ უნდა იყოს, მხოლოდ ერთხელ იკითხება, ხოლო სიმღერა ხშირად მეორდება და ზეპირად გვამახსოვრდება. ამიტომ ვამბობ, რომ თუ ადამიანი მოაქცევს რამდენიმე ცივ, ადვილად გასაგებ ფაქტს სიმღერაში და ზედმეტი სიმშრალის გასაქარვებლად, შეფუთავს მათ (ფაქტებს) იუმორის მოსასხამში, ის წარმატებით მიიბყრობს მშრომელთა დიდი რაოდენობის ყურადღებას, რომლებიც შესაძლოა ძალზე გაუნათლებლები, ან უბრალოდ გულგრილნი არიან პამფლეტის ან ეკონომიკური მეცნიერების შესახებ სტატიის წაკითხვისათვის.

ორგანიზაციის ძველი წევრების შენარჩუნებისა და პოტენციური წევრების კლასობრივი ბრძოლით დაინტერესებისთვის, მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო, ეს გართობაა. შვედეთის მეამბოხეებმა ეს გაიაზრეს და ყოველ კვირას, გარკვეულ დროს განტვირთვას უთმობენ. სწორედ ამიტომ, მათ სხვა ერებზე უფრო კარგად მოახერხეს მუშა ქალთა ორგანიზება. სამწუხაროდ, შეერთებულ შტატებში, მუშა ქალები მიტოვებულები არიან, განსაკუთრებით დასავლეთში. შესაბამისად, შევქმენით ცალფეხა, მახინჯი, ცხოველის მსგავსი კავშირი. ჩვენი წვეულებებიც გაცვეთილი და თითქოს ხელოვნური „მამრობითი“ ღონისძიებებია.  მათ აკლია სიცოცხლე და შთაგონება, რომელთა შემოტანა მხოლოდ ქალს შეუძლია.

გთავაზობთ კაცებსა და ქალებს შორის კარგი ამხანაგობის დატვირთვის მქონე სოციალური კავშირის დანერგვას, რომელიც დაეხმარება მათ იმის წარმოდგენაში, თუ როგორი იქნება მომავალი საზოგადოება, ხელს შეუწყობს მათ დაინტერესებას კლასობრივ ბრძოლაში და მოანდომებს არსებული კორუმპირებული სისტემის დამხობას. ვფიქრობ კარგი იქნება, თუ მივცემთ ქალ ორგანიზატორებს, მაგალითად გერლი ფლინს, ექსკლუზიურად მუშა ქალთა მძლავრი ორგანიზაციის შექმნის საშუალებას. ისინი უფრო ექსპლუატირებულნი არიან, ვიდრე კაცები და ჯონ ბული სიამოვნებით დაგისაბუთებთ, რომ ისინი არ განიცდიან მებრძოლი და რევოლუციური განწყობის ნაკლებობას.

თუ ჩვენ გავითვალისწინებთ შვედი ამხანაგების მაგალითს და მეტ ყურადღებას დავუთმობთ გართობას, ორიგინალური სიმღერებითა და სურათებით, წარმატებით მოვიზიდავთ ახალგაზრდებს, როგორც კაცებს, ასევე ქალებს ერთ დიდ კავშირში.

შენი ჯო ჰილი

მისამართი. ჯოს. ჰილსტორმ, კო. ციხე, სოლთ ლეიქ სითი, იუტა.

18 ნოემბერი, 1915

ვ.დ. ჰეივუდი
ჩიკაგო, ილინოისი

მშვიდობით ბილ: ვკვდები, როგორც ნამდვილი მეამბოხე. ნუ დახარჯავთ დროს ჩემს დატირებაში - ორგანიზდით! აქედან ვაიომინგამდე ასი მილია. ხომ არ შეგიძლია ისე მოაწყო, რომ ჩემი სხეული დასამარხად შტატის საზღვრამდე მიათრიონ? არ მინდა იუტაში მიპოვონ მკვდარი.
ჯო ჰილი  

0 comments:

Post a Comment

 

Blogger news

About

Copyright © თვითორგანიზების ქსელი