Monday, May 25, 2015

გეორგ ზიმელი - მეტროპოლისი და მენტალური ცხოვრება


Georg Simmel. The Metropolis and Mental Life. 1903



თანამედროვე ცხოვრების ყველაზე ღრმა პრობლემები წარმოიშვება ინდივიდის მისწრაფებიდან, შეინარჩუნოს საკუთარი არსებობის დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა - საზოგადოების უზენაესობის, ისტორიული მემკვიდრეობის, ექსტერნალური კულტურის ტვირთის და ცხოვრების ტექნიკის ძალაუფლების პირობებში. ეს ანტაგონიზმი ყველაზე თანამედროვე ფორმაა ბუნებასთან ბრძოლისა, რომელიც პირველყოფილმა ადამიანმა თავისი ფიზიკური არსებობის გადასარჩენად წამოიწყო. რამდენიც არ უნდა მოეწოდებინა XVIII საუკუნეს პოლიტიკაში, რელიგიაში, მორალსა თუ ეკონომიკაში ისტორიულად ჩამოყალიბებულ შეზღუდვათაგან გათავისუფლებისაკენ, რათა გზა გახსნილიყო ადამიანის ბუნების დაუბრკოლებელი განვითარებისაკენ - საყოველთაო უფლებად და სიკეთედ რომ ითვლებოდა; რაც არ უნდა წაეხალისებინა XIX საუკუნეს, წმინდა თავისუფლებასთან ერთად, პიროვნების ინდივიდუალობ (რაც შრომის დანაწევრებასთანაა დაკავშირებული) და მის მიღწევები, რაც უნიკალურს და შეუცვლელს ხდის მას, მაგრამ ამავე დროს - ურთიერთდამოკიდებულს სხვათა საქმიანობაზე; რამდენიც არ უნდა ელაპარაკა ნიცშეს პიროვნებათა შორის ყველაზე დაუნდობელ ბრძოლაზე, როგორც მათი სრული განვითარების წინაპირობაზე, ხოლო სოციალიზმს, პირიქით – ექადაგა, რომ ეს წინაპირობა სწორედ კონკურენციის სრულ აღმოფხვრაშია – ამ ყველაფერში ერთი ძირითადი მოტივი გაისმის: სუბიექტის წინააღმდეგობა მისი ნიველირებისა და საზოგადოებრივ-ტექნიკური მექანიზმით შთანთქმის მიმართ. ყველგან, სადაც საუბარი ეხება თანამედროვე ცხოვრების სპეციფიკურ შედეგთა შინაარსს, სადაც, ასე ვთქვათ, კულტურის სხეული შეკითხვებს სვამს საკუთარი სულის შესახებ – როგორც მაგალითად, დღეს გვაწუხებს მსგავსი კითხვები დიდ ქალაქებთან დაკავშირებით – პასუხის გასაცემად საჭიროა გავარკვიოთ, რომელი სოციალური სტრუქტურა განავითარებს ცხოვრების ინდივიდუალურ და ზეინდივიდუალურ ასპექტებს შორის იმგვარ მიმართებას, რომლის წყალობითაც ადამიანს შეუძლია გარეშ ძალებს გაართვას თავი. 


ფსიქოლოგიური საფუძველი, რომელზეც მეტროპოლიური ინდივიდუალობაა აგებული, ესაა ცხოვრების გამწვავებული ნევროტულობა, განპირობებული შინაგან და გარე შთაბეჭდილებათა უწყვეტი და სწრაფი ცვალებადობით.

ადამიანის მთელი არსებობა, მისი შემცნებითი უნარები დაფუძნებულია განსხვავებათა აღქამზე, იმაზე, რომ მისი ცნობიერების აღგზნება ხდება განცდილი შთაბეჭდილების - მის უშუალოდ წინმსწრებთან განსხვავების აღქმით. მდგრადი შთაბეჭდილებები, მიმდინარე ჩვეული გზებით, მცირე სხვაობებით და გაწონასწორებულად, მუდამ ერთსა და იმავე პოლარობებს რომ წარმოადგენენ, შეიძლება ითქვას, ცნობიერების ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ, ვიდრე სწრაფად ცვალებად სურათთა კალეიდოსკოპი, ერთი მზერით მოხელთებულ სურათში მკვეთრი გადასვლები, მოულოდნელად ცვლადი შეგრძნებები. მეტროპოლისი სწორედ ასეთ გრძნობად საფუძველს და ფსიქოლოგიურ პირობებს ქმნის თავისი ქუჩის აურზაურით, სწრაფი ტემპით და მრავალფეროვანი სამეურნეო, პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებით. დიდ ქალაქში ცხოვრებისას სიფხიზლის ის დონე, რაც განსხვავებებზე დამოკიდებულ არსებებს საკუთარი ორგანიზაციისათვის გვესაჭიროება, ღრმად კონტრასტულია მცირე ქალაქის ან სოფლის ცხოვრებასთან შედარებით, რომელსაც დუნე, თანაბარი რიტმის სულიერი და გონებრივი აქტივობა ახასიათებს. ამგვარად, დიდი ქალაქების ცხოვრების არსებითად ინტელექტუალური ხასიათი თვალშისაცემი ხდება მცირე ქალაქებთან შედარებისას, სადაც უპირატესობა - გრძნობებს და ემოციურ ურთიერთობებს ენიჭება. ამ უკანასკნლთ ფესვი გონების ქვეცნობიერ შრეებში აქვთ გადგმული, და უცვლელ ჩვევათა მყარ წონასწორობას განაპირობებენ. საზრისის სამყოფელი პირიქით, გონების ზედა, დინამიურ, ცნობიერ შრეში მდებარეობს და უფრო შემგუებლურია გარეშე ცვლილებებთან. საკუთარი თავი გარე ცვლილებებსა და წინააღმდეგობებს რომ შეუწყოს, იგი არ საჭიროებს ღრმა ძვრებს და შინაგან ამბოხებს, რაც ერთადერთი საშუალებაა, როდესაც კონსერვატიული ადამიანები ცდილობენ იგივე მოვლენებთან და რიტმებთან ადაპტირებას. ამიტომ, მეტროპოლიური ტიპაჟი - რომელიც ბუნებრივად მოიცავს ათასობით ინდივიდუალურ მოდიფიკაციას - ქმნის დამცავ ორგანოს, რათა გარემოდან მომდინარე რყევათაგან და წყვეტილობისგან დაიცვას თავი. ემოციური რეაქციის ნაცვლად, მეტროპოლიური ტიპაჟი უპირატესად რაციონალურად იქცევა, ქმნის რა ამგვარად – ცნობიერ პროცესთა ინტენსიფიკაციით - მენტალურ ძალაუფლებას, რომელიც შემდგომ მასზევე ახდენს უკუგავლენას. ამდენად, ამ მოვლენებზე მეტროპოლისის მცხოვრების რეაქცია მენტალური აქტივობის სფეროში გადაიტანება, რომელიც ნაკლებ სენსიტიურია და ყველაზე მეტადაა დაშორებული პიროვნების სიღრმეებს. 

ინტელექტუალისტურობის ეს თვისება, რომელიც ადამიანის შინაგანი ცხოვრების მეტროპოლისის დომინირებისაგან დამცავად მიიჩნევა, რამდენიმე სპეციფიკურ ფენომენად განშტოვდება. დიდი ქალაქი ყოველთვის იყო ფულადი ეკონომიკის ასპარეზი - კომერციული აქტივობის მრავალმხრივობამ და კონცენტრაციამ გაცვლის საშუალებას ისეთი მნიშვნელობა მიანიჭა, რომელსაც იგი ვერასოდეს შეიძენდა რურალურ გარემოში. მაგრამ ფულადი ეკონომიკა და ინტელექტის დომინირება ერთმანეთის მხარდამხარ მიდიან. მათ საერთო აქვთ ადამიანისა და ნივთისადმი წმინდა საგნობრივი დამოკიდებულება, როდესაც ხშირად ფორმალური სამართალი კომბინირებულია ულმობელ სიმკაცრესთან. წმინდად  ინტელექტუალისტური ადამიანი განურჩეველია ყველაფერი პერსონალურისადმი, რადგან, პერსონალურის შემოტანით ურთიერთობა და მიმართებანი ისე ვითარდება, რომ მათი მხოლოდ რაციონალური მეთოდებით სავსებით გაგება შეუძლებელი ხდება - ამავე მიზეზით, მოვლენის უნიკალური ელემენტი არასოდეს ექცევა ფულის პრინციპთა არეალში. ფული დაკავშირებულია მხოლოდ იმასთან, რაც საერთოა ყველაფრისთვის, ანუ - გაცვლით ღირებულებასთან, რასაც ყველაფერი სახასიათო და ინდივიდუალური - მხოლოდ რაოდენობრივ დონეზე დაჰყავს. ინდივიდთა შორის ემოციური ურთიერთობა მათ პიროვნულ თავისებურებებს ეფუძნება, მაშინ, როდესაც ინტელექტუალურ ურთიერთობას საქმე აქვს ადამიანებთან, როგორც ერთეულებთან, როგორც ელემენტებთან, რომლებიც თავისთავად კი განსხვავდებიან, მაგრამ საინტერესონი მხოლოდ იმდენად არიან, რამდენადაც რაღაც ობიექტურად აღქმადს წარმოადგენენ. სწორედ ასე ეპყრობიან მეტროპოლისთა მცხოვრებნი თავიანთ ვაჭრებს, კლიენტებს, მომსახურეეებს, და ხშირად სხვებს, ვისთანაც რაიმე საჭიროებით არიან დაკავშირებულნი. ეს ურთიერთობანი ძალზე მკვეთრად განსხვავდება მცირე წრეში ჩამოყალიბებულ დამოკიდებულებათა ბუნებისგან,  უეჭველად რომ გულისხმობს ადამიანის თავისებურებათა ცოდნას, ქცევისა და ტონის ემოციურობას, და რომელიც უბრალოდ შესასრულებელ საქმეთა ან გადასახადის ობიექტური აწონ-დაწონვის სიტუაციის მიღმა დგას. აქ პრობლემის ეკონომიკურ-ფსიქოლოგიურ ასპექტთან დაკავშირებით არსებითი ისაა, რომ ნაკლებად განვითარებულ კულტურებში პროდუქცია კლიენტის მიერ უშუალოდ შეკვეთის წესით იწარმოებოდა, რაც ნიშნავს, რომ მწარმოებელი და შემსყიდველი ერთმანეთს იცნობდნენ. თანამედროვე ქალაქში, პირიქით, პროდუქცია ბაზრისათვის - ანუ სრულიად უცნობი მყიდველისათვის იწარმოება - ადამიანისთვის, რომელიც არასოდეს ექცევა მწარმოებლის უშუალო ხედვის არეში. ამდენად, თითოეული მხარის ინტერესი ულმობელ ფაქტუალურობას ეფუძნება, და ამ სიტუაციაში რაციონალურად გათვლილ ეკონომიკურ ეგოზმს არაფერში სჭირდება რაიმე საფრთხე, რომელსაც არაგაზომვადი პიროვნული ურთიერთობა შეიძლება უქადდეს. ეს სულ უფრო და უფრო მკვიდრდება ნორმად მეტროპოლისებში  გაბატონებულ ფულად ეკონომიკაში, რომელიც მცირე წარმოებისა და ბარტერული გაცვლის უკანასკნელ ნაშთებსაც დევნის, და ამასთან უშუალო შეკვეთით პირდაპირ წარმოებას დღითი-დღე ამცირებს. გარდა ამისა, ინტელექტუალისტური ფსიქოლოგიური განწყობა და ფულადი ეკონომიკა იმდენად მჭიდროდაა ერთმანეთში ჩაწნული, რომ არავის შეუძლია დანამდვილებით თქვას, პირველი ახდენს გავლენას მეორეზე, თუ პირიქით. უდავო მხოლოდ ისაა, რომ მეტროპოლისში ცხოვრების ფორმა ნიადაგია, რომელიც ასეთ ინტერაქციას საუკეთესოდ ასაზრდოებს, და ამ აზრის ილუსტრირებას ყველაზე განთქმული ინგლისელი კონსტიტუციონალიზმის ისტორიკოსის განაცხადით მოვახდენ, რომლის თანახმად ლონდონი არასდროს ყოფილა ინგლისი გული, მაგრამ ხშირად წარმოადგენდა მის ინტელექტს, და თითქმის ყოველთვის - მის ფულის ტომარას. 

ცხოვრების გარეგნული ასპექტების ერთი შეხედვით უმნიშვნელო კონკრეტულ მომენტებში ან საქმეებში მენტალურ ტენდენციათა მრავალი მახასიათებელი შეიძლება ვიპოვოთ. თანამედროვე გონება სულ უფრო და უფრო მეტს ითვლის. პრაქტიკული ცხოვრების გამოთვლილი სიზუსტე, რაც ფულადი ეკონომიკის შედეგია, ბუნების მეცნიერების იდეალს შეესატყვისება, კერძოდ, მის მისწრაფებას - წარმოადგინოს სამყარო როგორც არითმეტიკული პრობლემა და მისი ყოველი ასპექტი - მათემატიკური ფორმულის წევრად აქციოს. სწორედ ფულადმა ეკონომიკამ აქცია მრავალი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება განუწყვეტელ წონვად, ზომვად, ანგარიშად, დანომვრად, და ხარისხობრივ ღირებულებათა - რაოდენობრივ ცნებებზე დაყვანად. ფულის თვლადობის თვისების გამო ცხოვრების ელემენტთა შორის ურთიერთმიმართებებში წამყვანი ადგილი დაიკავა სიზუსტემ და უეჭველობამ ტოლობათა და განსხვავებათა განსაზღვრისას, და არაორაზროვნებამ - შეთანხმებათა და მოლაპარაკებათა დროს. სწორედ ისე, როგორც სიზუსტის იდეალის დამკვიდრებას შეუწყო ხელი ჯიბის საათის საყოველთაო გავრცელებამ. დიდი ქალაქის პირობები ამ არსებითი მახასიათებლის როგორც მიზეზი, ასევე შედეგია. მეტროპოლისის ტიპიური მცხოვრების ურთიერთობანი და საზრუნავი იმდენად რთული და კომპლექსურია, რომ, განსაკუთრებით, ასეთ განსხვავებულ ინტერესთა ადამიანების მასიური თავმოყრის პირობებში, მათი ურთიერთობა და მოქმედება ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ერთ მრავალწევრა ორგანიზმს ქმნის. ამის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ პირობის მიცემასა და შესრულებაში უკიდურესი პუნქტუალობის გარეშე მთლიანობა დაიმსხვრევა და წარმოუდგენელ ქაოსად გადაიქცევა. ბერლინში ყველა საათი თუნდაც მცირე ხნით რომ გაფუჭდეს, შედეგად მთელი ეკონომიკური და სავაჭრო ცხოვრება დიდი ხნით გამოვა მწყობრიდან. და თუმცა შესაძლოა ამის მნიშვნელობა გაზვიადებული გვეგონოს, დაკვირვება ამჟღავნებს გარემობას, რომ დისტანციების სიდიდის გამო ყველანაირი ლოდინი და დათქმულ შეხვედრათა გაცდენა - გაუმართლებელ დროის ხარჯვად მიიჩნევა. ამ მიზეზით, მეტროპოლისის ცხოვრება წარმოუდგენელია მის აქტივობათა და ორმხრივ ურთიერთობათა ყველაზე პუნქტუალური მეთოდებით მოწესრიგების გარეშე. ასეთ პირობებში საჭირო ხდება სუბიექტური ელემენტები გამოირიცხოს და ყველაფერი დროის მყარად დადგენილ საზღვრებში მოექცეს. მაგრამ აქ კვლავ წარმოიშვება დასკვნები, რომლებიც ზოგადად მთელი ამ დისკუსიის არსს წარმოადგენენ, კერძოდ, რომ ყველა მოვლენა, რაც არ უნდა ზედაპირულად გამოიყურებოდეს იგი, დაუყოვნებლივ ამყარებს კონტაქტს სულის სიღრმეებთან, და რომ ყველაზე ბანალური უკიდურესობანი საბოლოო ჯამში, გადაჯაჭვულია ცხოვრების მნიშვნელობასა და წესთან დაკავშირებულ ფინალურ გადაწყვეტილებებზე. პუნქტუალობა, თვლადობა და სიზუსტე, რომლებსაც მეტროპოლიური ცხოვრების კომპლექსურობა და მასშტაბი განაპირობებს, არა მხოლოდ უკიდურესად ინტიმურადაა დაკავშირებული მის კაპიტალისტურ და ინტელექტუალისტურ ხასიათთან, არამედ ასევე შეფერილობას აძლევენ ცხოვრების შინაარსს და გამორიცხავენ ადამიანის სუვერენულ, ირაციონალურ, ინსტიქტურ მახასიათებლებს და იმპულსებს, რომლებიც, როგორც წესი, ესწრაფვიან შიგნიდან განსაზღვრონ ადამიანის ცხოვრების ფორმა, ნაცვლად გარეშე პირობათა ზოგადი, სქემატურად ზუსტი სახით პასიურად მიღებისა. თუმცა ავტონომიური და ვიტალური იმპულსებით განსაზღვრული ცხოვრება ქალაქში სრულიად შეუძლებელი არაა, იგი, სულ მცირე, კონცეპტუალურად უპირისპირდება მას. სწორედ ამ პერსპექტივაში შეგვიძლია ავხსნათ დიდი ქალაქებისადმი ნიცშესა და რასკინის მსგავს ადამიანთა მგზნებარე სიძულვილი. ისინი ხომ სიცოცხლის ფასეულობას არასქემატიზებულ ინდივიდუალურ გამოხატულებაში ხედავდნენ, რომლის ზუსტ ტოლობაში გამოსახვა შეუძლებელია. და იმ სათავიდან, საიდანაც სიზუსტისადმი ეს სიძულვილი წარმოდგება, ასევე სათავეს იღებს სიძულვილი ფულადი ეკონომიკისა და არსებობის ინტელექტუალურობისადმიც.

იგივე ფაქტორები, რომლებიც წუთამდე სზუსტის პუნქტუალობით სრულიად უპიროვნო სიცოცხლის ფორმას განაპირობებენ, იმავდროულად გავლენას ახდენენ ინდივიდუალობის უკიდურეს განვითარებაზე. შესაძლოა არ არსებობს სულიერი ცხოვრების სხვა გამოვლინება, რომელიც ასე მახასიათებელი იქნებოდა დიდი ქალაქისათვის, როგორც უემოციო გულგრილობა. იგი იმ სწრაფად ცვალებადი და მჭიდროდ დაკავშირებული წინააღმდეგობებით გამოწვეული ნერვული აღგზნებითაა განპირობებული, რომელიც, ჩემი აზრით, დიდ ქალაქებში ინტელექტუალურობის განვითარებასაც განაპირობებენ. ამის გამო, მოსალოდნელია, რომ სწორედ ბრიყვი და ინტელექტუალურად ცარიელი ადამიანები არ იქნებიან დაჩლუნგებულნი. იმის მსგავსად, თუ როგორ ახდენენ უზომო სიამენი ადამიანის გრძნობათა ატროფირებას - რაკიღა ისინი მხოლოდ მანამდე იწვევენ ნერვული სისტემის მხრიდან ძლიერ რეაქციებს, სანამ იგი, ბოლოს და ბოლოს, საერთოდ არ შეწყვეტს რეაგირებას - უფრო მოსაწყენი შთაბეჭდილებებიც, თავისი სწრაფი ცვლლებადობის გამო, ნერვული სისტემისაგან მოითხოვენ იმდენად ძლიერ რეაგირებას, ისე მძლავრად აღაგზნებენ მას, რომ ამ სამუშაოზე მან თავისი ენერგიის უკანასკენლი მარაგიც კი უნდა გაიღოს, რის გამოც იგივე გარემოში ახალი შთაბეჭდილებების მიღების უნარს კარგავს. სწორედ ამგვარად წარმოშობილი, ახალ გამაღიზიანებლებზე ნერვული ენერგიით რეაგირების უნარობაა მიზეზი იმ იმედგაცრუებისა, რომელიც თითოეულ ბავშვს ეუფლება დიდ ქალაქში, და რისი ნახვაც თითქმის წარმოუდგენელია უფრო მშვიდ და ერთგვაროვან გარემოში მცხოვრებ ბავშვებში. 

დიდი ქალაქის სიჩლუნგის ამ ფსიქოლოგიურ საწყისს ემატება სხვა ტენდენცია, რომელიც ფულადი ეკონომიკიდან წარმოიშვება. სიჩლუნგის არსი სხვადასხვა საგანთა აღქმის უნარის დაბლაგვებაა, არა იმ აზრით, რომ განსხვავებანი არასწორად აღიქმება, როგორც ეს სულიერად ავადმყოფ ადამიანებს ახასიათებთ, არამედ, იმით რომ საგანთა შორის განსხვავების ფასეულობა და მნიშვნელობა, და ამდენად, თავად საგნები, უმნიშვნელოდ ეჩვენებათ. ისინი ადამიანის დაბლაგვებულ გრძნობებს წარმოუდგებიან, როგორც ერთნაირად უღიმღამო, უაზრო და უფასური. ასეთი სულიერი მდგომარეობა ყოვლისმომცველი ფულადი ეკონომიკის ადექვატური სუბიექტური ასახვაა. საგანთა მთელი მრავალფეროვნების ერთნაირად შეფასებით, მათ შორის ხარისხობრივი განსხვავების მხოლოდ რაოდენობრივ მაჩვნებლებში გამოხატვით, რომელიც უფერულ და განურჩეველ საერთო საზომად იქცევა ყველაფრისათვის, ფული წარმოგვიდგება როგორც ყველაზე საშიში გამთანაბრებელი ფაქტორი. ფული გადაჭრით უარყოფს საგანთა გულისგულს, მათ თავისებურებებს, სპეციფიკურ ფასეულობას, განმასხვავებელ ნიშნებს. მუდმივად დენად ფულის ნაკადში ყველა საგანი და ფასეულობა ერთნაირი ხვედრითი წონით ტივტივებს, ყველა მათგანი ერთ სიბრტყეზე მიცურავს და სხვა საგანთაგან მხოლოდ რაოდენობით განსხვავდება. ცალკეულ შემთხვევებში ეს შეფერილობა, ან უკეთ, საგანთა ეს გახუნება მათი ფინანსური ექვივალენტებით შესაძლოა, შეუმჩნევლად მცირე იყოს. მაგრამ ის დამოკიდებულება, რომელსაც თანამედროვე მდიდარი იჩენს გასაყიდი საგნების მიმართ, ზოგადად მთელი საზოგადოებისთვის დამახიასათებელია. ამიტომაა, რომ მეტროპოლისი, კომერციის ცენტრს წარმოადგენს და შესაბამისად, აქ საგნების გაყიდვადობა თავს იჩენს საკმაოდ განსხვავებულ ასპექტში, ვიდრე უფრო პრიმიტიულ ეკონომიკებში. იგი ასევე მომეტებული სიჩლუნგის ადგილიცაა, მასში ყიდვადი საგნების კონცენტრაცია პიკს აღწევს, რაც ადამიანებს უდიდესი ნერვული ენერგიის ხარჯვსტიმულს აძლევს. მაგრამ მსგავს პირობათა წმინდა რაოდენობრივ ზრდას საპირისპირო შედეგამდე მივყავართ: სიჩლუნგის იმ თავისებურ ადაპტირებამდე, რომელშიც ნერვები დიდი ქალაქის ცხოვრების ფორმებისა და შინაარსისადმი შეგუების უკანასკნელ შესაძლებლობას იმაში ჰპოვებენ, რომ საბოლოოდ წყვეტენ მათზე რეაგირებას. ინდივიდთა მიერ მთელი ობიექტური სამყაროს გაუფერულების ფასად ნაყიდ ამგვარ თვითშენახვას საბოლოო ჯამში, თვით პიროვნების გაუფასურებამდე მივყავართ. 

მაშინ, როდესაც ამგვარი არსებობისათვის სუბიექტს მხოლოდ საკუთარი თავისთვის ანგარიშის გაწევა უხდება, თვითშენახვისათვის მოეთხოვება დიდი ქალაქის მახასიათებელ სოციალურ კავშირთა მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება განავითაროს. მეტროპოლისის მცხოვრებთა დამოკიდებულებანი ერთმანეთის მიმართ ფორმალური ჩაკეტილობით და განცალკევებით ხასიათდება. ადამიანთა ურიცხვ რაოდენობასთან შეხვედრას ისეთივე ინტენსივობის შინაგანი რეაქციები რომ ახლდეს თან, როგორც ეს პატარა ქალაქში ხდება, სადაც ქუჩაში შემხვედრი თითქმის ყველა ადამიანი - ნაცნობია, და სადაც ყველასთან უშუალო დამოკიდებულება გაქვს - ეს რომ ასე იყოს, შინაგანი სამყარო ატომებად დაიშლებოდა, და სულიერი მდგომარეობის შენარჩუნება უბრალოდ შეუძლებელი გახდებოდა. ნაწილობრივ ეს ფსიქოლოგიური გარემოებანი, ნაწილობრივ კი უნდობლობა, რომლითაც ჩვენ ვეპყრობით ყველაფერს, რაც სწრაფად ჩაგვივლის გვერდს და თითქმის არაფრით იქცევს ყურაღებას, დიდი ქალაქის ცხოვრების ეს ელემენტები გვაიძულებენ იმ ჩაკეტილობას, რომლის შედეგადაც ჩვენ ხშირად საკუთარ დიდი ხნის მეზობლებსაც არ ვიცნობთ, რაც პატარა ქალაქის და სოფლის მცხოვრებთ ხშირად აფიქრებინებს, რომ ცივები და უსულოები ვართ. და მართლაც, თუკი არ ვცდები, ამ შინაგანი ჩაკეტილობის სიღრმეში არა მხოლოდ განურჩევლობა ძევს, არამედ, უფრო ხშირად, ვიდრე ამას ვაცნობიერებთ - ერთგვარი ზიზღი, ურთიერთგაუცხოება და დისტანცირება, რომელიც პირველივე ხელსაყრელ შემთხვევაში სიძულვილში და აგრესიაში გადაიზრდება. ასეთი ადამიანური ურთიერთობების მთელი შინაგანი წყობა სიმპატიის, განურჩევლობისა და ზიზღის ძალზე განსხვავებული, მცირე თუ დიდი დონეებისგან შედგება. განურჩევლობის სფერო, ამავე დროს, არც ისე ვრცელია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. ჩვენი გონების მოქმედება მეტნაკლებად მკაფიო შეგრძნებებით პასუხობს თითქმის ყველა შთაბეჭდილებას, რომელთაც სხვა ადამიანებისგან ვიღებთ, და მხოლოდ ამ შეგრძნებების გაუცნობიერებლობა, მსწრაფლწარმავლობა და ხშირი ცვალებადობა გვიბიძგებს განურჩევლობისაკენ. სინამდვილეში ეს უკანასკნელი ჩვენთვის ისევე არ იქნებოდა ბუნებრივად მახასიათებელი, როგორც აუტანელი იქნებოდა ხანგრძლივი არანებაყოფლობითი ჩაგონება. დიდი ქალაქის ორივე ამ საფრთხისაგან ჩვენ გვიცავს ანტიპატია – რეალური ანტაგონიზმის ლატენტური ფორმა. იგი გვეხმარება შევქმნათ დისტანცია ადამიანებს შორის, დავაცილოთ ისინი ერთმანეთს, რის გარეშეც დიდ ქალაქში ცხოვრება შეუძლებლი შეიქმნებოდა. მისი ხარისხი და ნაირსახეობანი, მისი გაჩენისა და გაქრობის რიტმი, ფორმები, რომლებითაც ის ხორციელდება - ეს ყველაფერი მათ შემკვრელ მოტივებთან ერთად ქმნის მეტროპოლისის ცხოვრების განუყოფელ მთლიანობას: ის, რაც თავიდან ყველაფერი საზოგადოებრივის დამანგრევლად გვეჩვენებოდა, სინამდვილეში დიდი ქალქის საზოგადოებრივი განვითარების ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ფაქტორია. 

მაგრამ კვლავ, ეს ჩაკეტილობა დიდი ქალაქის გაცილებით უფრო ყოვლისმომცველი სულიერი არსის მხოლოდ ფორმა ან გარეგნობაა. საქმე იმაშია, რომ იგი ისეთი პირადი თავისუფლებით უზრუნველყოფს ინდივიდს, ისეთ გასაქანს აძლევს მას, რომ ანალოგს ვერც ერთი სხვა სფეროდან ვერ მოვიყვანთ. ეს შეიძლება საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების არცთუ მრავალ ტენდენციათაგან ერთ, ყველაზე ტიპიურ ტენდენციად წარმოვადგინოთ, რომლისთვისაც შეიძლება მეტ-ნაკლებად ზოგადი ფორმულა მოიძებნოს. საზოგადოებრივ წარმონაქმნთა პირველადი სტადია, ისტორიულად თუ თანამედროვეობაში, შემდეგია: მეზობელი, უცხო ან მტრული წრეებისაგან მკვეთრად გამოყოფილი, მაგრამ საკუთარ თავში მყარად ჩაკეტილი შედარებით მცირე წრე. იგი თითოეულ ცალკეულ წევრს პასუხისმგებლობისა და მოქმედების, პირად თვისებათა და თავისუფლებათა განვითარების მხოლოდ ძალზე შეზღუდულ სფეროს მიუჩენს. ასეთია პოლიტიკური და ოჯახური ჯგუფების, პარტიების, რელიგიური თემების დასაწყისი. ძალზე ახალგაზრდა საზოგადოებათა თვითგადარჩენას მკვეთრი შეზღუდვა და ცენტრისკენ სწრაფული ერთობა სჭირდება, და ამიტომ, არ შეუძლია ინდივიდს შინაგან თუ გარესამყაროში განვითარების შეუზღუდავობის, გამორჩეულობის უფლება მისცეს. სოციალური ევოლუცია ამ სტადიიდან ერთდროულად ორ განსხვავებულ, თუმცა ურთიერთშესაბამის მხარედ განშტოვდება. რამდენადაც ჯგუფი იზრდება - რიცხობრივად და სივრცობრივად, მნიშვნელობით და სიცოცხლის შინაარსით ივსება- იმდენად სუსტდება მისი უშუალო შინაგანი ერთობა, ხოლო პირველადი თვითშეზღუდვა და სხვათგან გამოცალკევება - ურთიერთკავშირების დამყარების გამო სუსტდება. ამასთან ერთად ინდივიდი გაცილებით მეტ მოქმედების თავისუფლებას იღებს, ვიდრე ამის ნებას თავდაპირველი ეჭვიანი ჩაკეტილობა აძლევდა, და განსაკუთარებული და თავისებური ხდება, რაც შესაძლოს, და ამავე დროს, აუცილებელს ხდის შრომის დანაწილებას გაფართოებულ ჯგუფში. რაც არ უნდა გავლენა ჰქონოდა კონკრეტულ პირობებსა და ძალებს ინდივიდუალურ შემთხვევებში, ამ ფორმულით წარიმართებოდა სახელმწიფოსა და ქრისტიანობის, გილდიებისა და პოლიტიკური პარტიების და ურიცხვი სხვა ჯგუფის განვითარება. მე მეჩვენება, რომ იგივე ტენდენცია შემჩნევა ქალაქის ცხოვრების ფარგლებში ინდივიდუალურობის განვითარების პროცესშიც. როგორც უძველეს დროში, ასევე შუა საუკუნეებში, პატარა ქალაქი პიროვნებას საზღვრებს უწესებდა - ზღუდავდა მის ურთიერთობებს, დამოუკიდებლობას და შინაგაგან დიფერენციაციას - საზღვრებს, რომელშიც თანამედროვე ადამიანს სული შეეხუთებოდა: მეტროპოლისის მცხოვრები, პატარა ქალაქში გადასახლებისას, დღესაც კი შევიწროებულად გრძნობს თავს. რაც უფრო მცირეა ასეთი წრე, რომელიც ჩვენ გარემოს შემოფარგლავს, რაც უფრო ვიწროა სხვებთან ურთიერთობის ფარგლები, მით უფრო მეტადაა საჭირო საკუთარი ქცევის, ცხოვრების, აზრების თვალის დევნება და მით უფრო მეტად - რაოდენობრივი ან ხარისხობრივი ინდივიდუალური თავისებურებანი ისწრაფვიან ამ ვიწრო მთლიანობ გადასალახად

ამ თვალსაზრისით, ანტიკურ პოლისს აშკარად პატარა ქალაქის თვისებები გააჩნდა. შორეული თუ ახლო მტრების მხრიდან მუდმივი საფრთხე მჭიდრო პოლიტიკურ და სამხედრო ერთობას, მოქალაქეთა მიერ ერთმანეთის თვალყურის დევნებას განაპირობებდა, რაც პირად ცხოვრებას თრგუნავდა და უკეთეს შემთხვევაში, საკუთარ სახლში დესპოტიზმის დამყარებით კომპენსირდებოდა. გამალებული მოძრაობა და ფორიაქი, რომელიც თავისებურ მრავალფეროვნებას მატებდა ათენის ცხოვრებას, შესაძლოა იმით აიხსნება, რომ ხალხი, რომელიც მკვეთრად გამოხატულ ინდივიდუალობათა ერთობას წარმოადგენდა, მუდმივად იბრძოდა პატარა ქალაქის სახისწამშლელ შიდა თუ გარე ზეწოლათა წინააღმდეგ. ეს მუდამ დაძაბულ ატმოსფეროს ქმნიდა, რომელშიც სუსტები ითრგუნებოდნენ, ხოლო ძლიერნი იძულებულნი იყვნენ თვითგადარჩენისთვის ებრძოლათ. სწორედ ამიტომ მიაღწია აყვავებას ათენში იმან, რასაც უფრო უკეთესი სახელის არქონის გამო, ჩვენი სულიერი განვითარების პროცესში ‘ზოგადადამიანური’ უნდა ვუწოდოთ. რადგან სწორედ ესაა ის კავშირი, რომელსაც ჩვენ ნამდვილ და ისტორიულ ფაქტად მივიჩნევთ: სიცოცხლის ყველაზე ფართო და ყველაზე ზოგადი შინაარსი და ფორმები მჭიდროდაა გადაჯაჭვული ყველაზე ინდივიდუალურთან. ერთსაც და მეორესაც თავიანთი განვითარების პირველი სტადიები საერთო აქვთ. საერთო აქვთ ანტაგონიზმიც, რომელიც ვიწრო კავშირებში და ჯგუფებში წარმოიშობა, სადაც გარე სამყაროსთან მიმართებაში თავს იცავენ უფრო ვრცელისა და ზოგადისაგან, ხოლო შიგნით - თავისუფალი მოქმედებისა და ინდივიდუალიზმისაგან. ფეოდალიზმის ეპოქაში ‘თავისუფლად’ ითვლებოდა ის, ვინც საერთო სამოქალაქო ეთიკას, ანუ - დიდ სოციალურ ჯგუფთა ნორმებს ემორჩილებოდა, ხოლო არათავისუფლად ის, ვისთვისაც კანონს ვიწრო ფეოდალური ჯგუფის წესები წარმოადგენდა - ამის მსგავსად, დიდი ქალაქის მცხოვრები დღესაც ‘თავისუფალია’ (სულიერი, შინაგანი თვალსაზრისით) იმ მეწვრილმანეობასა და სტერეოტიპებთან შედარებით, რომლებიც პატარა ქალაქის მცხოვრებთ ზღუდავს. მართლაც, ინდივიდის დამოუკიდებლობა, რომელიც ერთმანეთის მიმართ ჩაკეტვისა და განურჩევლობის შედეგია, და რაც ჩვენ დიდ საზოგადოებათა სულიერი ცხოვრების პირობას წარმოადგენს, არსად არ იგრძნობა ისე ძლიერად, როგორც დიდი ქალაქების მჭიდრო აურზაურში, იმიტომ რომ ფიზიკური სიახლოვე და თავმოყრა მხოლოდ გამოკვეთს ინტელექტუალურ დისტანციას. ყველაფერი ეს, ცხადია, მხოლოდ მეორე მხარეა იმ თავისუფლებისა, რომლის დროსაც არასოდეს გრძნობ თავს ისე მიტოვებულად და მარტოსულად, როგორც მეტროპოლისის წნეხის ქვეშ. აქ, როგორც საერთოდ, სულაც არაა აუცილებელი, რომ ადამიანის თავისუფლება მის სულიერ ცხოვრებაში კეთილდღეობის განცდით აისახებოდეს. 

თუკი, როგორც გავარკვიეთ, დიდი ქალაქი შეიძლება ინდივიდუალური სოციალური თავისუფლების ადგილად ჩავთვალოთ, რაც ტერიტორიების გაფართოებისა და პირადი თავისუფლების მოთხოვნილებას შორის ურთიერთქმედების მსოფლიო-ისტორიული პროცესის შედეგად შეიძლება მივიჩნიოთ, მაშინ ეს არა მხოლოდ დიდი ქალაქის უშუალოდ თვალსაჩინო ნიშნებზე, არა მხოლოდ მის ვრცელ ტერიტორიაზე და მის მცხოვრებთა დიდ რაოდენობაზეა დამოკიდებული. ამას მნიშვნელოვანწილად ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ დიდი ქალაქები ყოველთვის იყვნენ კოსმოპოლიტიზმის ცენტრები. სიმდიდრის დაგროვებასთან ერთად - რომელიც გარკვეული ეტაპის შემდგომ თითქოსდა თავისთავად ცხად მიზეზთა გამო, დიდი ტემპით იზრდება - პიროვნების სულიერი ჰორიზონტიც იზრდება. ანალოგიურად, დიდი ქალაქის ეკონომიკური, პიროვნული და ინტელექტუალური ურთიერთობები (რომლებიც მისი იდეალური ასახვაა) გარკვეული მომენტიდან გეომეტრიული პროგრესიით იწყებს ზრდას. განვითარებისას მიღწეული ნებისმიერი გაფართოება შემდეგი, არა ერთგვაროვანი და მსგავსი, არამედ - უფრო მნიშვნელოვანი გაფართოების საფუძველს წარმოადგენს. ამ პროცესიდან წამოსულ ყოველ ძაფს, თითქოსდა თავისთავად, სხვა ძაფები ებმიან, ისევე, როგორც მიწის რენტა ქალაქში თავისთავად იზრდება მხოლოდ კომუნიკაციისა და გაცვლის განვითარების შედეგად. აქ სწორედ ცხოვრების ასპექტების რაოდენობრიობა უშუალოდ გადაიზრდება მათ ხარისხობრივ ხასიათში. მცირე ქალაქის ცხოვრების არეალი, როგორც წესი, ჩაკეტილი და თვითკმარია. მეტროპოლისისთვის კი გადამწყვეტია ის გარემოება, რომ მისი შინაგანი ცხოვრება ფართო ტალღებად ვრცელდება მთელ ქვეყანაზე და მის მიღმაც კი. ქალაქ ვაიმარის მაგალითი ამას არ ეწინააღმდეგება: ამ ქალაქის მნიშვნელობა დაკავშირებული იყო მასში კონკრეტულ ადამიანთა ცხოვრებასთან, და ეს მნიშნველობა ამ ადამიანების გაუჩინარებასთან ერთად გაქრა. დიდ ქალაქს კი თვით ყველაზე მნიშვნელოვან ცალკეულ პიროვნებათაგან სრული დამოუკიდებლობა ახასიათებს - კიდევ ერთი ასპექტი და საფასური იმ დამუკიდებლობისა, რომლითაც დიდ ქალაქში ადამიანი სარგებლობს. მეტროპოლისის ყველაზე არსებითი მნიშვნელობა მისი ფიზიკური საზღვრების მიღმა, მის ფუნქციონალურ გავლენაში მდგომარეობს, ხოლო ამ გავლენას უკუგება აქვს, რაც დიდი ქალაქს აძლევს სიცოცხლეს, მნიშვნელოვნებას და პასუხისმგებლობას. როგორც ადამიანი არ ამოიწურება მისი სხეულის ან იმ გარემოს საზღვრებით, რომელსაც იგი უშუალოდ ავსებს თავისი საქმიანობით, არამედ - იმ გავლენათა ჯამია, რომელსაც დროსა და სივრცეზე ახდენს, ასევე ქალაქის მნიშვნელობა მის საზღვრებს მიღმა გავლენათა ჯამის ტოლია. სწორედ ესაა მისი ნამდვილი მოცულობა, რომელშიც მისი ყოფიერება გამოიხატება. ეს უკვე იმაზე მინიშნებაა, რომ ინდივიდუალური თავისუფლება, რომელიც ინდივიდუალური ყოფიერების მთელი სისავსის ლოგიკური და ისტორიული დამატებაა, გაგებულ უნდა იქნას არა მხოლოდ ნეგატიურად, არა მხოლოდ მოქმედების თავისუფლებისა და ფილისტერობისა და ცრურწმენათა უარყოფის აზრით. მისთვის არსებითია, რომ თვითმყოფადობას და ორიგინალობას, რომელიც ასე თუ ისე, ყველას ახასიათებს, შესაძლებლობა ჰქონდეს მოცემული სიცოცხლის პირობებში განვითარდეს. საკუთარი ბუნების ძახილს რომ მივდევთ - და აკი სწორედ ესაა თავისუფლების მთელი არსი - ეს ჩვენთვის და სხვათათვისაც გასაგები გახდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ბუნების გამოვლინებანიც განსხვავებული იქნება სხვათა ბუნების გამოვლინებათაგან. მხოლოდ ის, რომ ჩვენი სხვებში აღრევა შეუძლებელია, ამტკიცებს, რომ ჩვენი არსებობის ფორმები მხოლოდ გარედან არაა თავსმოხვეული. 

ქალაქები - პირველ რიგში, შრომის დანაწილების ყველაზე დიდი განვითარების ცენტრებია. აქ ისინი ისეთ უკიდურესობებს წარმოშობენ, როგორიცაა ‘მეთოთხმეტის’ შემოსავლიანი პროფესია პარიზში: ადამიანები, რომელთა მოძებნა სახლის კარზე გამოკრული აბრით შეიძლება. ისინი ყოველთვის მზად არიან მეთოთხმეტე ადამიანად მივიდნენ სადილზე, სადაც ცამეტი ადამიანი შეიკრიბა[1]. თავისი ზომების ზრდის შესაბამისად, ქალაქი სულ უფრო მეტ პირობას წარმოშობს შრომის დანაწევრებისათვის: იგი ქმნის წრეს, რომელსაც თავის ზომების გამო შეუძლია სრულიად განსხვავებულ საქმიანობათა დიდი მასა მოიცვას, მაშინ, როდესაც ადამიანთა ერთდროული თავმოყრა და მათი ბრძოლა მყიდველთა მოსაპვებლად ცალკეულ პიროვნებას შრომის სპეციალიზაციისაკენ უბიძგებენ, რათა მისი სხვათაგან განდევნის ამოცანა გართულდეს. გადამწყვეტი აქ ისაა, რომ ქალაქის ცხოვრებამ საკვების მოპოვების მიზნით ბუნებასთან ბრძოლა გადააქცია კონფლიქტად ადამიანებს შორის და რომ მოგება, რომლისთვისაც იბრძვიან, ბუნებისგან კი არა, ადამიანისაგან მიიღება. ვინაიდან აქ საქმე არ დაიყვანება მხოლოდ უკვე მითითებულ სპეციალიზაციაზე, არამად - რაღაც უფრო ღრმაზე: გამყიდველი მუდამ უნდა ესწრაფოდეს კლიენტებში სულ ახალი და განსაკუთრებული მოთხოვნილებები შექმნას. შრომის სპეციალიზაციის აუცილებლობა - რათა შემოსავლის  ამოუწურავი წყარო იქნას ნაპოვნი, არა ადვილად ჩანაცვლებადი შრომა - გავლენას ახდენს დიფერენცირებაზე, დახვეწილობაზე, პუბლიკის მოთხოვნილებათა სიმდიდრეზე, რამაც, თავის მხრივ, ადამიანთა პირად თავისებურებათა აშკარა ზრდამდე უნდა მიგვიყვანოს. ამას კი სულიერ თვისებათა ინდივიდუალიზაციამდე მივყავართ, ამ სიტყვის ვიწრო გაგებით, და ამ მიმართულებაზე, თავისი ზომების შესაბამისად, გავლენას ახდენს მეტროპოლისიც. შეიძლება მიზეზთა მთელი რიგი დავასახელოთ. პირველ რიგში - დიდი ქალაქის მასშტაბებში საკუთარი მნიშვნელობის მოპოვების სირთულე. როდესაც რაოდენობისა და ენერგიის ზრდა უკიდურესობამდეა მიყვანილი - იწყებენ ხარისხობრივ მახასიათებლებზე ყურადღების მიქცევას, რათა განსხვავებათა შთამბეჭდაობით, ამგვარი აღგზნებით, როგორმე საზოგადოებრივი წრის ყურადღება მიიპყრონ. ბოლოს და ბოლოს, ამას უცნაურ გამოხდომებამდე, მეტროპოლისთათვის დამახასიათებელ ექტრავაგანტურობამდე, კაპრიზებამდე, პრეტენზულობადმე მივყავართ, რისი არსიც უკვე არა ამა თუ იმ ქმედების შინაარსში, არამედ ფორმაში მდგომარეობს: იმაში, რომ სხვებს არ ვგავდეთ, რომ გამოვრჩეოდეთ და ამით გავხდეთ შესამჩნევი. სხვათაშორის, ბევრისთვის ეს ერთადერთი საშუალებაა, რომ სხვათა ყურადღების წყალობით, თავადაც იწყოს საკუთარი თავის დაფასება და იმის გაცნობიერება, რომ რაღაცას წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით გავლენას ახდენს ერთი შეუმჩნეველი, მაგრამ თავისი საბოლოო ეფექტის გამო მნიშვნელოვანი მომენტი: ერთმანეთთან შეხვერდის იშვიათობა და ხანმოკლეობა, მცირე ქალაქებთან შედარებით. ეს თავისებურება სტიმულს აძლევს მცდელობას, უფრო მკვეთრად გამოერჩე, იყო უფრო გამომწვევი, ვიდრე იქ, სადაც ადამიანის შესახებ წარმოდგენას ხშირი და ხანგრძლივი შეხვედრები ქმნიან. 

თუმცა, ჩემი აზრით, ესაა პიროვნების ინდივიდუალიზაციაზე დიდი ქალაქის გავლენის ყველაზე ღრმა მიზეზი, მიუხედავად იმისა, ყოველთვის სწორად და წარმატებით ხორციელდება იგი თუ არა. თანამედროვე კულტურის განვითარებას ახასიათებს იმის აღზევება, რასაც შეიძლება ობიექტური სული ვუწოდოთ - სუბიექტური სულის დაკნინების ხარჯზე. ეს ნიშნავს: ენასა და სამართალში, ტექნიკასა და ხელოვნებაში, მეცნიერებასა და ყოველდღიურ საგნებში მოქცეულია სული, რომლის ყოველდღიურ ზრდას სუბიექტის ინტელექტუალური ზრდა ყოველთვის როდი მიჰყვება, ხშირად კი საკმაოდ ჩამორჩება. თუკი ყურადღებას მივაქცვეთ თუნდაც იმ მასშტაბურ კულტურას, რომელიც ბოლო 100 წლის მანძილზე განსახიერდა საგნებსა თუ ცნობიერებაში, ინსტიტუტებსა თუ კომფორტში, და შევადარებთ მას იმავე პერიოდში ინდივიდთა მიერ მიღწეულ კულტურულ წარმატებებს, სულ მცირე, ავიღოთ მაღალი კლასების წარმომადგენლები - მათ შორის სხვაობა გამაოგნებელი აღმოჩნდება, ხოლო ზოგიერთ მომენტში სახეზე ინდივიდთა კულტურაში რეგრესიც კი გვექნება: სულიერი თვალსაზრისით, სულისკვეთებისა და იდეალიზმის თავალსაზრისით. ასეთი სხვაობა უპირველეს ყოვლისა, შრომის დანაწილების როლის ზრდის შედეგია, იმიტომ რომ ეს უკანასკენელი პიროვნებისაგან სულ უფრო ცალმხრივ მუშაობას ითხოვს, რაც თავის საბოლოო სტადიაზე პიროვნებას, როგორც მთლიანობას, საერთოდ სპობს. ყოველ შემთხვევაში, პიროვნება სულ უფრო ჩამორჩება გაბატონებულ ობიექტურ კულტურას. პრაქტიკაში და გრძობათა გაურკვევლობაში ინდივიდი, შესაძლოა, იმაზე მეტადაც, ვიდრე თავად აცნობიერებს, უმნიშვნელო ერთეულამდე დაიყვანება. იგი მტვრის ნაწილაკად იქცევა საგანთა და იმ ძალთა უზარმაზარი სისტემის პირისპირ, რომელიც განუწყვეტლივ ხელიდან წაგლეჯენ მას ყველაფერს, რაც დაკავშირებუოია პროგრესთან, სულიერ და მატერიალურ ფასეულობებთან. ამ ძალთა ოპერაციების შედგად ინდივიდის სუბიექტურობა მთლიანად ობიექტურ არსებობად ტრანსფორმირდება. საჭიროა იმაზე მითითებაც, რომ მეტროპოლისი ყველაფერი პერსონალურის გარდამქნელი კულტურის მთავარ არენას წარმოადგენ. აქ, შენობებსა და სასწავლო დაწესებულებებში, ტექნიკის სასწაულებსა და კომფორტში, საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმებსა და სახელმწიფო ინსტიტუციებში თავს იყრის კრისტალიზებული, ყოველგვარი პიროვნულისგან განძარცვული კულტურის მიღწევები, რომ მის წინაშე ინდივიდი, შეიძლება ითქვას, სრულიად უმწეოა. ცხოვრება მისთვის ერთი მხრივ, ძალიან მარტივი ხდება, რადგან ინტერესები, სტიმულები, რაც დროისა და აზროვნების შესავსებადაა საჭირო, ყველა მხრიდან გარემოიცავს და თან გაიყოლებს თავის დინებაში, და ამ ნაკადის მიყოლისას მას თითქმის არაფრის კეთება არ მოეთხოვება. მაგრამ, მეორე მხრივ, ინდივიდის ცხოვრება მთლიანად ასეთი უსახური შინაარსისა კულტურული ელემენტებისგან, არსებული საგნებისა და ღირებულებებისგან აიგება, რომლებიც ყველანაირ განსაკუთრებულობა, პიროვნულ შეფერილობა და ორიგინალობა ავიწროვებენ. ასე რომ, ინდივიდის გადარჩენისთვის  საჭიროა უდიდესი თვითმყოფადობა და განსაკუთრებულობა. ეს თვისებები გაზვიადებულიც კი უნდა იყოს, რათა შემჩნეულ იქნას. ინდივიდუალური კულტურის ატროფია - ობიექტური კულტურის ჰიპერტროფიის შედეგი - იმ საშინელი სიძულვილის მიზეზია, რომელსაც უკიდურესი ინდივიდუალიზმის წარმომადგენლები განიცდიდნენ დიდი ქალაქებისადმი. მათ შორის განსაკუთრებულია ნიცშე. მაგრამ ეს ასევე იყო იმის მიზეზი, თუ რატომ უყვარდათ ასეთი ადამიანები განსაკუთრებით სწორედ დიდ ქალაქებში, თუ რატომ მიიჩნევენ აქ მათ დაუკმაყოფილებლობისა და მოწყენილობისგან გათავისუფლების მაუწყებლებად. 

დიდი ქალქის რაოდენობრივ მიმართებათათგან აგებული ინდივიდუალიზმის ორივე ამ ფორმის ისტორიული ადგილის შესახებ შეკითხვას თუ დავსვამთ: ინდივიდუალური დამოუკიდებლობითა და პირად თვისებათა გამომუშავებით, სულიერი განვითარების მთელ ისტორიაში დიდი ქალაქების როლის სრულიად ახალ მნიშვნელობას აღმოვაჩენთ. მეთვრამეტე საუკუნემ ადამიანს ყველა სახის პოლიტიკური, აგრარული, წოდებრივი და რელიგიური ხასიათის ჯაჭვებით შებოჭილს მოუსწრო - შეზღუდვებით, რომლებიც ადამიანს არაბუნებრივ პირობებს და უთანასწორობის ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათ უსამართლოდ მიჩნეულ ფორმებს ახვევდა თავს. ამ ვითარებაში გაისმა მოწოდება თავისუფლებისა და თანასწორობისაკენ - გამოხატულება რწმენისა, რომ ინდივიდი იმსახურებს სრულ თავისუფლებას სოციალურ და სულიერ სფეროებში. ამას მალე უნდა გაემჟღავნებინა ყველასათვის საერთო სასიკეთო პოტენციალი, რაც კეთილშობილებსა და ჩვეულებრივ ადამიანებში ერთნაირად ჩადო ბუნებამ, და რაც დათრგუნული და დამახინჯებული იქნა საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ისტორიული პროცესის მიერ. ლიბერალიზმის ამ იდეალის გვერდიგვერდ, მეცხრამეტე საუკუნეში, ნაწილობრივ გოეთეს და რომანტიკოსთა გავლენით, ნაწილობრივ კი შრომის ეკონომიკური დანაწილების შედეგად წამოიზარდა სხვა მისწრაფება ისტორიის ჯაჭვებისაგან გათავისუფლებისაკენ. ინდივიდებმა მოისურვეს ერთანეთისაგან განსხვავებულნი ყოფილიყვნენ. ახლა უკვე არა ‘საერთოადამიანური’ ზოგადად პიროვნებაში, არამედ, პირიქით, მისი ხარისხობრივი მახასიათებლები და თვითმყოფადობა განსაზღვრავენ მის მნიშვნელობას. საზოგადოებრივ სივრცეში სუბიექტის როლის ამ ორგვარ განპირობებათა შორის ბრძოლაში წარიმართებოდა სწორედ ჩვენი დროის გარე და შინაგანი ისტორია. საკამათო სივრცისა და გაერთიანების მცდელობათა შანსის შეთავაზება, ორივე მათგანისათვის, დიდი ქალაქის ფუნქციაა, რადგან მისი განსაკუთრებული პირობები, როგორც ვნახეთ, შესაძლებლობას და საბაბს იძლევა ორივე მათგანის განვითარებისათვის. ისინი ამით სავსებით განსაკუთრებულ, უკიდურესად მნიშვნელოვან მდოგმარეობას მოიპოვებენ მენტალური ცხოვრების განვითარების პროცესში, ისინი გვევლინებიან ერთ-ერთ მსხვილ ისტორიულ წარმონაქმნად, რომელშიც თანასწორი საფუძვლებით ერთდებიან და განვითარდებიან ურთიერთდაპირსპირებული, ცხოვრების მომცველი წინააღმდეგობანი. მაგრამ ამით - მიუხედავად იმისა, თანაგრძნობით ვეპყრობით თუ ანტიპატიით ამგვარ კონკრეტულ გამოვლინებებს - დიდი ქალაქი გადის იმ სფეროს მიღმა, რომელთან მიმართებითაც ჩვენ მსჯავრის გამოტანის უფლება გვაქვს. რაკიღა ეს უფლება თავიდან ბოლომდე ისტორიას ეკუთვნის, თავად კი მხოლოდ მის უჯრედებს წარმოვადგენთ ამ წარმავალ ყოფაში, ჩვენი ამოცანაა არა ბრალი დავდოთ ან გავამართლოთ, არამედ - გავიგოთ.


[1] განპირობებული იყო რიცხვ 13თან დაკავშირებული ცრურწმენით

0 comments:

Post a Comment

 

Blogger news

About

Copyright © თვითორგანიზების ქსელი