Wednesday, May 13, 2015

ენდრიუ კლაიმანი - მარქსის "კაპიტალის" აქტუალურობის შესახებ


როგორ არ უნდა შევაფასოთ “კაპიტალი”

მთელი საუკუნე-ნახევრის წინ, მას შემდეგ, რაც მარქსმა დაწერა “კაპიტალი”, კაპიტალიზმი შესამჩნევად შეიცვალა. დღეს ეს სისტემა თითქმის მთელ დედამიწას მოიცავს, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, ფინანსების როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩვენთვის, “მრავალ და ფრაგმენტირებულ იდენტობათა” მატარებელთათვის, მსოფლიოს ნაკლებად თუ აქვს  საერთო იმ მარტივ სიტუაციასთან, რომელიც მარქსმა თავისი წიგნის პირველ თავში წარმოგვიდგინა - წარმოების პროცესში, მშრომელთა ზედმეტი შრომის მითვისების ხარჯზე, კაპიტალის ზრდასთან.

ამის გამო კაპიტალი ხშირად უარყოფილია, როგორც რედუქციული ან აქტუალობადაკარგული, ან  შესწორებისა და დამუშავების საჭიროების მქონე ნაშრომი. მსგავს პროექტებზე დღეს მრავალი აკადემიკოსისა და საჯარო ინტელექტუალის კარიერაა დამყარებული. თუმცა, ეს არ არის ის, რასაც პირველ რიგში უნდა გავუსწოროთ თვალი.

პირველ რიგში: იმას, რომ წიგნის სათაური არის “კაპიტალი”, თავისი მიზეზი აქვს. მას არ ჰქვია “ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ იმის შესახებ, თუ რა ხდება კაპიტალიზმის შიგნით”, ან კიდევ “ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ კაპიტალიზმზე”. ის ფოკუსირდება კონკრეტულად კაპიტალზე - პროცესზე, რომელშიც და რომლის საშუალებითაც ღირებულება განიცდის თვითზრდას, ან იქცევა უფრო მეტი რაოდენობის ღირებულებად. წიგნი არის იმის შესახებ, თუ როგორ იწარმოება ეს თვითზრდა, როგორ კვლავწარმოვდება (ახლდება და მეორდება) ის და როგორ იქმნება არასრულყოფილი რეფლექსიები ამ პროცესის გარშემო სხვადასხვა ადამიანთა გონებაში, კონვენციურ აზროვნებასა თუ ეკონომისტურ კონცეპტებში. სპეციფიკური ფოკუსის ქონასა და რედუქციულობას შორის დიდი განსხვავებაა. მე არ ვფიქრობ, რომ მარქსს სადმე უწერია ან ნაგულისხმევი აქვს რაიმე ერთადერთი, რაც მნიშვნელობს ღირებულების თვითზრდისათვის და ყველაფერი სხვა მასზე შეიძლება იქნას რედუცირებული. ის ბევრ სხვა რამეზე ახდენს გავლენას. ხანდახან ეს გავლენა გადამწყვეტია - შეიძლება ეს იყოს მთავარი მიზეზი, რის გამოც კაპიტალი შეცდომითაა მიჩნეული ყველაფრის შესახებ წიგნად - შიდა კავშირებზე დაკვირვება არ ნიშნავს სხვა ყველაფრის დაყვანას ღირებულების თვითგაფართოებაზე.

რა თქმა უნდა, გარკვეული აზრით,  ყოველი სპეციფიკური ფოკუსის მქონე წიგნი ტოვებს სხვა თემებს, მაგრამ როგორც წესი, ჩვენ უკმაყოფილებას არ გამოვთქვამთ იმის გამო, რომ კულინარიული რეცეპტების წიგნში გამოტოვებულია მანქანის ზეთის გამოცვლის ინტრუქცია ან საერთაშორისო პოლიტიკის ანალიზი. ბრალდებები იმის შესახებ, რომ კაპიტალი ვერ ახერხებს მიმოიხილოს კაპიტალიზმის ბევრი ასპექტი, ჩემთვის ასეთივე არამართებული და უსამართლოა.

ის ფაქტი, რომ სამყარო ახლა ძალიან განსხვავებული ჩანს იმისგან, რასაც ვხვდებით კაპიტალში, უბრალოდ არ გულისხმობს იმას, რომ წიგნი აღარ არის აქტუალური, ან იმას, რომ ის ნაკლებად აქტუალურია იმ დროსთან შედარებით, როცა ის დაიწერა. როდესაც მარქსი ამ წიგნს წერდა, სამყარო მაშინაც ძალიან განსხვავებული ჩანდა და ის თავადაც კარგად ხვდებოდა ამას. მაგალითად, მეორე ტომში ის შენიშნავს: “ბურჟუაზიული ჰორიზონტისთვის ტიპიურია, … სადაც ბიზნეს გარიგებები მთლიანად ავსებენ  ადამიანთა გონებას, რომ წარმოების წესის საფუძვლები დაინახო მის შესაბამის ვაჭრობის წესში, და არა პირიქით.” მიუხედავად ამისა, ის ხაზს უსვამდა, რომ საბაზრო ურთიერთობები მყიდველსა და სამუშაო ძალის გამყიდველს შორის (კაპიტალისტსა და მშრომელს შორის)  “ფუნდამენტურად დაფუძნებულია წარმოების სოციალურ ხასიათზე და არა ვაჭრობის წესზე; ვაჭრობის წესი გამომდინარეობს წარმოების წესისგან.

შესაბამისად, საკითხავია არა ის, შეიცვალა თუ არა კაპიტალიზმი მარქსის ეპოქის შემდეგ, ან ის, მნიშვნელოვანია თუ არა ეს ცვლილება,  არამედ ის, თუ რა მნიშვნელობის მქონეა თავად ის ფაქტი, რომ ვითარება  სავსებით განსხვავებულად გამოიყურება იმისგან, რასაც კაპიტალი წარმოგვიდგენს.  შეიძლება თუ არა ეს ფაქტი მივიჩნიოთ წიგნის ლეგიტიმურ კრიტიკად, ან თეორიული შეუსაბამობის ინდიკატორად?

მარქსი ჭვრეტდა მსგავსი სახის წინააღმდეგობას, რომელსაც მან ასე უპასუხა: “ვულგარული ეკონომისტი ფიქრობს, რომ მან დიდი აღმოჩენა გააკეთა, როდესაც შიდა კავშირების გამომჟღავნების საწინააღმდეგოდ, მან ამაყად დაიჩემა, რომ გარეგნულად საგნები განსხვავებულად გამოიყურებიან. თუ ასეა, მაშინ საერთოდ რაში გვჭირდება მეცნიერება?” მარქსი  არ ცდილობდა კაპიტალისტურ საზოგადეობაზე ისეთი კომენტარების წარმოდგენას, რომელიც ძლიერად მოიხელთებდა გარეგნულ მხარეს, მისი კომპონენტების და კავშირების იმგვარი აღწერით, როგორადაც ისინი მოჩანს საზოგადოების ზედაპირზე. ის ამის ნაცვლად დაკავებული იყო “მეცნიერებით” -ცალკეულ ნაწილთა და მათ აშკარა გარეგან ურთიერთობათა შორის “შინაგანი კავშირების გამომჟღავნებით”.   

ამ მიზნის გათვალისწინებით, სრულიად უადგილოდ მიმაჩნია ამ წიგნის შეფასება იმ კრიტერიუმით, თუ რამდენად ზუსტად ემთხვევა ის საგნების გარეგნულ მხარეს. მაგალითად, იმ კრიტერიუმით, რომ ბიზნეს გარიგებები და ფინანსური ბაზარი, რომლებიც დომინირებს ეკონომიკურ სიახლეებსა და ბურჟუათა გონებებში, დომინირებს თუ არა ასევე წიგნში. ამის სანაცვლოდ, ის უნდა შეფასდეს იმ კრიტერიუმით, თუ რამდენად წარმატებით წარმოაჩენს ის შინაგან კავშირებს.

ამრიგად ვფიქრობ, რომ ის გარემოებები, რომლის საფუძველზეც კაპიტალი მიჩნეულია არააქტუალურ ან ნაკლები აქტუალობის მქონე წიგნად, კრიტიკას ვერ უძლებს. თუმცა,  ეს ნეგატიური არგუმენტაცია თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ წიგნი ინარჩუნებს აქტუალურობას. ამასთან ერთად, საჭიროა პოზიტიური არგუმენტებიც, რისთვისაც, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი ასეთი მცირე მოცულობის ტექსტი. ამიტომ, მე მოკლე კომენტარებით შემოვიფარგლები წიგნის იმ ასპექტებზე, რომლებიც,  ჩემი აზრით, დღეს განსაკუთრებით აქტუალურია.

სხვა მემარცხენე ტენდენციების კრიტიკა

კაპიტალი ეჭვქვეშ აყენებს ზოგიერთ იდელოგიას, რომელიც საკმაოდ მიმსგავსებულია დღეს არსებულ იდეოლოგიებთან. ერთის მხრივ, ის ებრძვის ბურჟუაზიული პოლიტეკონომიის პერსპექტივას, რომლის მიხედვითაც “ისტორია არსებობდა, მაგრამ ის მეტად აღარ არსებობს”, როგორც, მარქსმა, თავად გამოთქვა სარკაზმით. უკანასკნელ დეკადებში, ეს პერსპექტივა კვლავ დაბრუნდა მარგარეტ ტეტჩერის მანტრის ფორმით: “ალტერნატივა არ არსებობს (there is no alternative)”. ამგვარად, კაპიტალი  პირდაპირ გამოთქვამს უკანასკნელი დეკადის პოპულარული მოძრაობების მთავარ საზრუნავს, კერძოდ კი იმას, რომ “განსხვავებული სამყარო შესაძლებელია” და ამას ახერხებს იმით, რომ წიგნი გვაჩვენებს, თუ რა უნდა შეიცვალოს კაპიტალიზმის გადასალახად.

მაგრამ წიგნი ასევე ებრძვის პრუდონისა და სხვა მემარცხენეების პოლიტეკონომიურ მოსაზრებებს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ კაპიტალიზმის უკეთურებათა გამოსწორება შესაძლებელი იყო მონეტარული, საბაზრო თუ ფინანსური ურთიერთობების რეფორმით, ისე, რომ ხელუხლებლად დარჩენილიყო კაპიტალისტური წარმოების წესი. შემდეგი ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით, ფინანსურ რეფორმაზე საუბარმა, კაპიტალის ეს განზომილება ხელახლა გახადა აქტუალური.

როდესაც წიგნი მიჩნეულია მხოლოდ ბურჟუაზიული პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკად, და არა, მასთან ერთად, პრუდონისეული პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკადაც, მაშინ მისი გარკვეული ნაწილი მიუწვდომელი და მეტიც, უაზრო ხდება. გავამახვილოთ ყურადღება პირველი თავის მესამე სექციაზე - “ღირებულების ფორმის” შესახებ. ეს სექცია შეიცავს ფულის ფორმის რთულ დიალექტიკურ გამოყვანას საქონლის ფორმიდან, მაგრამ რა არის  მიზანი? მარქსი ხაზს უსვამს, რომ ეს “გამოყვანა” გადამწყვეტია : “ჩვენ უნდა შევასრულოთ ეს ამოცანა … ჩვენ უნდა ვაჩვენოთ … ჩვენ უნდა მივყვეთ კვალს” - მაგრამ რატომ? ჩემი აზრით, პასუხი შემდეგია: მარქსი ცდილობს გვაჩვენოს, რომ ფულადი გაცვლა არის მხოლოდ შედეგი, გარდაუვალი შედეგი სასაქონლე წარმოებისა. სანამ არსებობს სასაქონლე წარმოება, იქამდე იარსებებს ფული და მასთან დაკავშირებული სოციალური ბოროტებანი. “აუცილებელია, ამის ნათლად დანახვა, რომ თავიდან ავიცილოთ შეუძლებელი ამოცანების დასახვა, და ვიცოდეთ მონეტარული რეფორმების და ცირკულაციის [სასაქონლე გაცვლის] ტრანსფორმაციის ლიმიტები”. პრუდონის სურვილს, გააუქმოს ფული, ისე, რომ არ გაუქმდეს სასაქონლე წარმოების პირობები, მარქსი ადარებს “პაპობის გაუქმებას მაშინ, როდესაც კათოლიციზმი ისევ არსებობს” - არც ერთი მათგანი არ არის განხორციელებადი.

ის ფაქტი, რომ სხვა საკითხებთან ერთად, კაპიტალი  გვევლინება სხვა მემარცხენე ტენდენციების მიერ შემოთავაზებული გზების კრიტიკად კაპიტალიზმის გადალახვისათვის, ხშირად, საერთოდ დავიწყებულია. ისინი, ვინც გამუდმებით მოუწოდებენ სხვებს, გაერთიანდნენ ერთი მიზნის, ქმედების, თუ პროგრამის გარშემო, ხშირად მიიჩნევენ მარქსის იდეებს მათი საქმიანობისაგან ყურადღების გადამტანად, დამაბრკოლებლად. ხოლო მაშინ, როდესაც მარქსის მიმართ კეთლგანწყობილნი არიან, აქცევენ მას კერპად, რომელმაც ძალიან ცოტა რამ თქვა განსაკუთრებული :  არაფერი ისეთი, რაც შეიძლება “საფრთხის შემცველი” იყოს. ბევრს სურს მის სახელს დაუკავშიროს ის პერსპექტივები და პროექტები, რომლებსაც უფრო მეტი საერთო აქვთ ტენდენციებთან, რომელსაც მარქსი მთელი ცხოვრება ებრძოდა საკუთარი იდეებით. ის კი განუწყვეტლივ იბრძოდა თავისი სპეციფიკური იდეებისთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კაპიტალი გამოქვეყნდა და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა.

1875 წელს, გერმანიაში “მარქსისტული” და ლასალიანური  პოლიტიკური პარტიები გოთას პროგრამის საფუძველზე გაერთიანდნენ. ამ პროგრამის მარქსისეული კრიტიკა გამოთქვამს უკმაყოფილებას იმის შესახებ, რომ ის პოზიციები და მოთხოვნები, რაც პროგრამაშია გამოთქმული, არ შეესაბამება კაპიტალში მოცემულ თეორიულ დასკვნებს. ეს არ ყოფილა უბრალოდ აკადემიური კრიტიკა, ის ეწინააღმდეგებოდა პარტიების გაერთიანებას სწორედ იმიტომ, რომ  პროგრამის იდეები არასწორად და შეუსაბამოდ მიაჩნდა. კონკრეტულად, პროგრამის მოთხოვნა შემოსავლის “სამართლიანი გადანაწილებისათვის” ძალზე ახლოს იდგა პრუდონისტულ პერსპექტივასთან, რომელსაც მარქსი რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში ებრძოდა - პერსპექტივას, რომლის მიხედვითაც უთანასწორო შემოსავალი საწარმოო ურთიერთობების ცვლილების გარეშე უნდა გამოსწორებულიყო. ის ამას  შეუძლებლად მიიჩნევდა და არ მისცემდა აღნიშნულ გაერთიანებას სამყაროს სწორ აღქმასა და შემდეგ მის ეფექტურად შეცვლაში ხელის შეშლის უფლებას.

გაპიროვნებული კაპიტალი

კაპიტალის პირველი ტომის პირველი გამოცემის წინასიტყვაობაში მარქსი შენიშნავს: “კაპიტალისტისა და მიწის მესაკუთრის ფიგურებს მე სრულიად არ ვხატავ ვარდისფრად”. მიუხედავად ამისა, ის არც მათ დემონიზებას ახდენს და არ მიიჩნევს მათ დამნაშავედ კაპიტალისტური სისტემის დეფექტებისათვის : “...აქ ლაპარაკია პიროვნებებზე მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ისინი არიან ეკონომიურ კატეგორიათა გამოვლინებანი, განსაზღვრული კლასობრივი ურთიერთობისა და ინტერესების მატარებელნი. ჩემს თვალსაზრისს,… უფრო ნაკლებად შეუძლია, ვიდრე სხვა რომელიმე თვალსაზრისს, ცალკეული პიროვნება პასუხისმგებელი გახადოს იმ ურთიერთობისათვის, რომლის ქმნილებადაც იგი რჩება სოციალურად.” მოგვიანებით ის ამბობს: “სოციალური მექანიზმი რომელშიც ის [კაპიტალისტი] არის უბრალოდ ჭანჭიკი.. … კონკურენცია თითოეულ ინდივიდუალურ კაპიტალისტს თავს ახვევს კაპიტალისტური წარმოების წესის იმანენტურ კანონებს, როგორც გარეგან იძულებით კანონებს.” თუ ისინი ამგვარად არ მოიქცევიან, კაპიტალისტების ნაცვლად გახდებიან ყოფილი, გაკოტრებული კაპიტალისტები.

ვფიქრობ, ეს თვალსაზრისი განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც სხვადასხვა მოვლენები, მაგალითად უკანასკნელი ეკონომიკური კრიზისი და კაპიტალიზმის სხვა დეფექტები გამუდმებით მიეწერება კაპიტალისტთა სიხარბეს და “ნეოლიბერალურ” სტიმულს, გაანადგუროს ყოველი დაბრკოლება თავის გზაზე, რათა მდიდრები გახდნენ კიდევ უფრო მდიდრები. ასეთი მიდგომის ქვეტექსტი გულისხმობს, რომ დღევანდელი სისტემის დეფექტები შესაძლოა გამოსწორდეს, თუკი ახლანდელი კაპიტალის გამომხატველ პიროვნებებს ჩავანაცვლებთ ანტინეოლიბერალური განწყობების მქონე, სხვა პრიორიტეტის მქონე პიროვნებებით.

აქ იგნორებულია მარქსის არგუმენტი, რომლის თანახმადაც ხალხი, რომელიც მართავს სისტემას, ვერცერთ მომენტში ვერ აკონტროლებს სიტუაციას. რეალურად, სიტუაციას “კაპიტალისტური წარმოების კანონები” აკონტროლებენ, როგორც კაპიტალის ინდივიდუალური განსახიერებები. ეს მოიცავს ატიპიურ განსახიერებებსაც, როგორიცაა ინდივიდუალური სახელმწიფო კაპიტალი და მშრომელთა მიერ მართული საწარმო, რომლებიც უნდა დაემორჩილონ ამ კანონებს ან უარი თქვან “კონტროლზე”. ყველაზე მნიშნელოვანი კანონი “ღირებულების კანონია”, ანუ ღირებულების განსაზღვრა სამუშაო დროით. ის აიძულებს ბიზნესს, (ვინც არ უნდა ფლობდეს ან აკონტროლებდეს მას) შეამციროს დანახარჯი, რათა დარჩეს კონკურენტუნარიანად და შედეგად დაითხოვოს არაეფექტური ან არასაჭირო მშრომელები, დააჩქაროს წარმოება, არ ქონდეს უსაფრთხო სამუშაო გარემო, აწარმოოს მოგებისთვის იმის ნაცვლად, რომ აწარმოოს საჭიროებისთვის და ასე შემდეგ. თუ თქვენ ხართ კაპიტალისტურ სისტემაში, თქვენ  უბრალოდ არ შეგიძლიათ გასცეთ დირექტივა საჭიროებისათვის წარმოებისა, ან გასცეთ დირექტივა მუშების დათხოვნისგან თავის შეკავების შესახებ. დანახარჯების შემცირება წარმატების გასაღებია. სხვა ადამიანებისთვის, სხვა პრიორიტეტის მქონე ადამიანებისთვის “კონტროლის” მინიჭებით ჩვენ ვერ გავაუქმებთ ამ კანონს ან რაიმე სხვა კაპიტალისტური წარმოების კანონს. სისტემის დეფექტები იარსებებს იქამდე, სანამ თავად ეს კანონები არ გაუქმდება.

ღირებულების გარდაქმნა წარმოების ფასებად

კაპიტალის მესამე ტომში, მარქსი საბოლოოდ იწყებს “რეალური სამყაროს” განხილვას. განხილვას იმ ფორმებისა, რომლებშიც მის მიერ გაანალიზებული კატეგორიები და ურთიერთობები “მოსჩანს საზოგადოების ზედაპირზე, სხვადასხვა კაპიტალისტების ერთმანეთთან ურთიერთობაში, ესეიგი კონკურენციაში და თავად პროდუქციის აგენტების ყოველდღიურ ცნობიერებაში.”  ნაცვლად იმისა, რომ ისაუბროს “კაპიტალისტზე” და “ზედმეტ ღირებულებაზე”, რომელსაც ის გამოსწოვს “მშრომელს”, მარქსი საუბრობს ინდუსტრიულ კაპიტალისტებზე, ვაჭრებზე, მიწის მფლობელებზე და ფინანსისტებზე, როგორც განსხვავებულ ჯგუფებზე, განსხვავებული ინტერესებით, რომლებსაც განსხვავებული შემოსავალი აქვთ: ინდუსტრიული მოგება, კომერციული მოგება, პროცენტი და რენტა. მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალისტი ჯერ კიდევ არ არის აღწერილი თავისი მთლიანი კონკრეტული კომპლექსურობით, ჩვენ მაინც გაცილებით შორს ვართ პირველი ტომისგან და ახლა ფოკუსი პირდაპირ წარმოების პროცესზეა გადატანილი.

და მაინც, მარქსი აჩვენებს, რომ ეს უფრო “რეალისტური”, ნაკლებად რედუქციული მიდგომა არ ცვლის იმ დასკვნებს, რომელიც მან კაპიტალის პირველ ორ ტომში გამოიყვანა. როგორც რაია დუნაევსკაია გამჭრიახად შენიშნავს:


რა არის ცხოვრების ყველა ფაქტის შესწავლის ძირითადი შედეგი? როგორ შეცვალეს მათ კანონები, რომლებიც წარმოიშვება წარმოების მკაცრი პროცესიდან, რომლებსაც აკადემიკოსი ეკონომისტები “აბსტრაქტულს” უწოდებენ? როგორ და საერთოდაც ვერ შეცვალეს. ბოლოს … , მარქსი ისევ გვაბრუნებს უკან, იქ, სადაც ის ეყრდნობა ღირებულებას და ზედმეტი ღირებულების წარმოებას. ის გვაჩვენებს, რომ საბოლოო ანალიზის თანახმად, ყოველი ფასის ჯამი ყოველი ღირებულების ჯამის ტოლია. იქ, სადაც მშრომელი არ ქმნის არაფერს, მანიპულატორი კაპიტალისტიც ვერ იღებს ვერაფერს. მოგება, თუნდაც როგორც ზედმეტი ღირებულება, გამომდინარეობს არა “ფლობიდან” არამედ წარმოებიდან. ...არაფერი ფუნდამენტური არ იცვლება;”


მესამე ტომის მეცხრე თავში, მარქსი განიხილავს ღირებულების გარდაქმნას წარმოების ფასებად და ზედმეტი ღირებულების გარდაქმნას “საშუალო მოგებად”. ძველი მითის მიხედვით, მისი არგუმენტის ლოგიკური წინააღმდეგობრიობა დამტკიცებულია. გარდა ამისა, ამ წინააღმდეგობის დამადასტურებელ საეჭვო მტკიცებულებებათა ტექნიკური და მათემატიკური ხასიათის, ასევე  “გარდაქმნის პრობლემის” დამაბნეველი ეგრეთწოდებული “გადაჭრის გზების”(ანუ მცდელობების ამ საეჭვო წინააღმდეგობის “გასწორების”) გამო, ეს თემა ხშირად არასერიოზულად აღქმული და ინგორირებულია, როგორც გაურკვეველი და უმნიშვნელო. თუმცა, ამ თავის მნიშვნელობა გადამწყვეტია, რადგან სწორედ აქ ამტკიცებს მარქსი  ხელახლა იმ ყველაზე მნიშვნელოვან დასკვნას, რომელიც მან კაპიტალში ადრე უკვე “გამოიყვანა”.

ინდივიდუალურ ფირმებს შეუძლიათ და ყიდიან თავიანთ პროდუქტს თავიანთ რეალურ ღრებულებაზე მეტად და შედეგად მათ შეუძლიათ მიიღონ უფრო მეტი მოგება, ვიდრე ზედმეტი ღირებულება, რომელიც მათ შექმნეს. თუმცა, მეცხრე თავში, გარდაქმნის შესახებ განვითარებული მოსაზრების თანახმად, მარქსი აჩვენებს, რომ ეკონომიკაში მთლიანად, ყველა პროდუქტის მთლიანი ფასი ტოლია მათი მთლიანი ღრებულებისა. შესაბამისად, მთლიანი მოგება ტოლია მთლიანი ზედმეტი ღირებულების, რომელიც გამოწოვილია მშრომელთაგან წარმოების უშუალო პროცესში. მაშასადამე საერთო მოგების ნორმა არის იმდენივე, რამდენიც ინვესტირებული კაპიტალის თითოეულ დოლარზე საერთო ზედმეტი ღირებულება, მიუხედავად ყველა შეუსაბამობისა ფასსა და ღრებულებას, თუ მოგებასა და ზედმეტ ღირებულებას შორის. “არაფერი ფუნდამენტური არ შეცვლილა”.

მეორე ტომში, მარქსი გვაფრთხილებდა: 

ჩვენ არ უნდა გავყვეთ პრუდონის მანერას, რომელიც მან ბურჟუაზიული ეკონომიიდან გადმოიღო, და საქმე ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს კაპიტალისტური წარმოების წესის მქონე საზოგადოება, მთლიანად აღებული, კარგავს ამ თავის სპეციფიკურ , ისტორიულ-ეკონომიურ ხასიათს. პირიქით: ასეთ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს კოლექტიურ კაპიტალისტთან.

ეს მეთოდი, მეცხრე თავისა, ასევე მთელი მესამე ტომის მეთოდია: მიუხედავად იმისა, რომ ეს ტომი ძირითადად განიხილავს კაპიტალისტებს ერთმანეთთან კონკურენციაში, თავიანთი დაპირისპირებული ინტერესებით, რომლებიც წარმოადგენენ კაპიტალისტთა კლასის სხვადასხვა ფრაქციებს, მეცხრე თავი აბსტრაგირდება კონკურენციისა და კაპიტალისტთა მრავალფეროვნებისგან. ეს თავი უბრუნდება კაპიტალისა და შრომის ცნობილ დაპირისპირებას, რომელიც პირველ ტომში წარმოების პროცესთან ერთადაა განხილული, თუმცა ახლა აგენტები არიან არა “კაპიტალისტი” და “მშრომელი”, არამედ კოლექტიური კაპიტალისტი და კოლექტიური მშრომელი. მარქსი ვარაუდობს, “რომ ხუთი სხვადასხვა კაპიტალის ინვესტიცია ზემოთ მოცემულ მაგალითში, I-V, ეკუთვნის ერთდაიგივე ადამიანს.” ამ ადამიანის ანგარიშზე მიწერილი მოგება იქნებოდა თუ არა რეალურად მშრომელისგან გამოწოვილი, ან იქნებოდა თუ არა თითოეულ მოგებაზე მიღებული მოგება მისი მოცულობის პროპორციული - “I-V საქონელთა მთლიანი ფასი … იქნებოდა იგივე, რაც მათი მთლიანი ღირებულება. … და იგივე ითქმის საზოგადოებაში ნაწარმოებ მთლიან საქონელზე.” ინდივიდუალურია თუ კოლექტიური მფლობელობა, შედეგი მაინც ერთნაირია.

შესაბამისად, მარქსისთვის კაპიტალიზმს თავის “სპეციფიკურ ისტრიულ და ეკონომიკურ ხასიათს” აძლევს მისი წარმოების წესი. სულ ერთია, ეს წარმოების წესი კონკურენტუნარიანი საზოგადოების ფორმაში გამოიხატება, რომელიც ატომიზირებული მესაკუთრეებისგან შედგება, თუ კოლექტიურ საზოგადოებაში, რომელშიც მთლიანი კაპიტალი “ეკუთვნის ერთ ადამიანს”, მისი არსი უცვლელი რჩება. ასე რომ, როგორც ის თავად გამოკვეთს, მეცხრე თავის მთავარი მიზანი, და მესამე ტომის მთლიანად, იმის ჩვენება იყო, რომ კონკურენცია და საკუთრების უფლების მრავალი ადამიანისთვის ქონა არ ცვლის ღირებულებისა და ზედმეტი ღირებულების კანონებს. ისინი ცვლიან მხოლოდ იმ ფორმებს, რომლებშიც ეს კანონები გამოვლინდებიან. საზოგადოებაში, როგორც მთელში, ისინი განაგრძობენ არსებობას ზუსტად ისე, როგორც მან პირველ ტომში აღწერა.

მარქსის კაპიტალისტური კრიზისის თეორია

დასკვნები, რომლებთანაც მარქსი მივიდა მესამე ტომის მეცხრე თავში, ძალიან მნიშვნელოვანია მისივე “მოგების ნორმის დაცემის ტენდენციის კანონისათვის” და  კაპიტალისტური ეკონომიკის კრიზისის თეორიისათვის, რომელსაც ფესვები ამ კანონში აქვს გადგმული. კაპიტალისტური წარმოების მარცხში და სხვაგანაც, მე ვამტკიცებდი, რომ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ამერიკული კორპორაციების მოგების ნორმის დაცემა საფუძველმდებარე და არაპირდაპირი, თუმცა მნიშვნელოვანი მიზეზი იყო დიდი რეცესიის და მისი ხანგრძლივი შედეგისათვის, და თითქმის ყველა მოგების ნორმის დაცემა შეგვიძლია მივაწეროთ იმ ფაქტს, რომ კაპიტალის ინვესტირების ზრდა უსწრებდა დასაქმების ზრდას, სწორედ ისე, როგორც ამას მარქსის კანონი აცხადებს.

კაპიტალის მესამე ტომის ცენტრალურ ადგილს მეორე თავის მეცხრე თავში ვპოულობთ. შემდეგი თავი დათმობილია მოგების ნორმის დაცემის ტენდენციის კანონს, ანუ კრიზისის თეორიას. მარქსს არ შეეძლო ამ კანონის გამოყვანა მეცხრე თავში განვითარებულ მტკიცებათა გარეშე. ის აჩვენებს, რომ “მოგების ნორმა” მიისწრაფის დაცემისკენ სწორედ შრომის დამზოგავი ტექნოლოგიური ცვლილებების გამო, მაგრამ ამის ჩვენება მას შეუძლია მხოლოდ იმიტომ, რომ “მოგების ნორმაზე” გავლენას ვერ ახდენს შეუსაბამობანი ფასსა და ღირებულებას შორის, მოგებასა და ზედმეტ ღირებულებას შორის. ეს არის კოლექტიური კაპიტალისტის (ან მთლიანი კაპიტალისტთა კლასის) მოგების ნორმა, და ეს მოგების ნორმა, როგორც მეცხრე თავშია ნაჩვენები, სხვა არაფერია თუ არა მთლიანი ზედმეტი ღირებულება, ინვესტირებული კაპიტალის თითო დოლარზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოგების ნორმის დაცემის ტენდენციის კანონი დამყარებულია პირველი ტომის ძირითად შედეგზე, რომელიც ხელახლაა დადასტურებული მესამე ტომის მეცხრე თავში - კერძოდ იმაზე, რომ არ შეიძლება, მოგება იყოს მეტი, ვიდრე მშრომელთა მიერ ზედმეტი შრომით შექმნილი ზედმეტი ღირებულება, როგორც მარქსი აღნიშნავდა მოსამზადებელ ხელნაწერში:

"ჩვენ ვნახეთ რომ მოგების ნორმა ინდივიდუალური კაპიტალისთვის განსხვავდება საერთო რაოდენობის ავანსირებული კაპიტალის ზედმეტი ღირებულების შეფარდებისგან. მაგრამ ასევე ვნახეთ რომ … კაპიტალისთა კლასის მთლიანი კაპიტალი, საშუალო მოგების ნორმა სხვა არაფერია, თუ არა მთლიანი ზედმეტი ღირებულება, გამოთვლილი ამ მთლიანი კაპიტალის შესაბამისად …. ასე რომ, აქ ჩვენ კიდევ ერთხელ ვდგავართ მყარ ნიადაგზე, სადაც მრავალი კაპიტალის კონკურენციაში შესვლის გარეშე, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყვანოთ ზოგადი კანონი პირდაპირ კაპიტალის ზოგადი ბუნებიდან. ეს კანონი არის ყველაზე მნიშვნელოვანი კანონი პოლიტიკური ეკონომიისთვის და მდგომარეობს იმაში რომ მოგების ნორმას, კაპიტალისტური წარმოების პროგრესის შესაბამისად, დაცემისაკენ გააჩნია ტენდენცია."

Andrew Kliman, 2015
თარგმნა შოთო აზიკურმა
წყარო : 
http://www.marxisthumanistinitiative.org/alternatives-to-capital/on-the-relevance-of-marxs-capital-for-today.html

0 comments:

Post a Comment

 

Blogger news

About

Copyright © თვითორგანიზების ქსელი