Thursday, April 30, 2015

კონცეფცია - "ფორუმი: შრომა და შრომითი ურთიერთობები საქართველოში"

შრომა და შრომითი ურთერთობები ნებისმიერი საზოგადოების ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვან, შეიძლება ითქვას, ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ჩვენ გვჯერა, რომ მით უფრო განვითარებულია სახელმწიფო და საზოგადოება, რაც უფრო მეტად არის მშრომელთა უფლებები დაცული და რაც უფრო მეტად აქვთ მშრომელებს, ანუ საზოგადოების თითქმის უმრავლესობას სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების საშუალება.




ჩვენ, „სტუდენტთა თვითრგანიზების ქსელი“ და „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები“ ვთვლით, რომ ამ მხრივ ჩვენი საზოგადოება მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, დაწყებული უმუშევრობის მაღალი დონით, დამთავრებული სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების მექანიზმების არ არსებობისგან გამოწვეული მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლით.

1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული. ბოლო წლებში საქართველოშიც დაიწყო ამ დღის, როგორც მშრომელთა უფლებებისა და ინტერესების ბრძოლის დღის აღნიშვნა და შესაბამისი პრობლემატიკის გაჟღერება. არსებობს ჯგუფები და ორგანიზაციები, რომლებიც ამ პრობლემატიკაზე მუშაობენ და გარკვეულ ცოდნასა და გამოცდილებას ქმნიან, რომელის გაზიარება და განხორციელება სჭირდება ჩვენს საზოგადოებას არა უბრალოდ ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის, არამედ იმგვარი პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც ადამიანებს სიკვდილის პირისპირ აყენებს. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პირველი მაისის შემდეგ, მაისის თვის პირველ ორ შაბათ-კვირას თავი მოგვეყარა ამ ჯგუფებისთვის და ადამიანთათვის შრომის პრობლემატიკისათვის მიძღვნილ ფორუმზე, სადაც მონაწილეობას მიიღებენ აკედემიური სფეროს, პროფკავშირების, არასამთავრობოებისა და სხვა საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც დიდი ხანია მუშაობენ ამ პრობლემატიკაზე.

ფორუმი დაიყოფა 4 ნაწილად, შესაბამისად 4 დღედ. თითო დღე დაეთმობა თითო თემას. კერძოდ პირველ დღეს განხილული იქნება ის ზოგადი ფონი რაც დღეს ჩვენს საზოგადოებაში არსებობს შრომის პრობლემატიკასთან მიმართებაში. შემდეგი დღე დაეთმობა უფრო კონკრეტულ საკანონმდებლო მხარეს, ეკონომიკური ვითარებას, გენდერულ, ეკოლოგიურ და ურბანულ ასპექტებს. შემდეგი შაბათ-კვირა დაეთმობა ორ თემას: პირველ დღეს განვიხილავთ განათლებისა და შრომის ბაზარის ურთიერთობას, სტუდენტებისა და უნივერსიტეტის როლს ამ საკითხებთან დაკავშირებით.მეორე, ფორუმის ბოლო დღეს საქართველოში არსებული მემარცხენე ორიენტაციის მოძრაობები და ორგანიზაციები წარმოადგენენ არსებული პრობლემების გადაჭრის სტრატეგიებსა და გამოსავლის გზებს.

ფორუმის ჩატარება საუნივერსიტეტო სივრცეში მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რადგან ეს ხელს შეუწყობს საზოგადოებაში არსებული პრობლემების აქტუალიზაციას საუნივერსიტეტო სივრცეში და მეტიც, გამოკვეთს უნივერსიტეტის როლს ჩვენი საზოგადოების სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ფორუმზე დასწრება შეეძლება ყველა მსურველს.ფორუმის ჩატარების შემდეგ, საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი იქნება მოხსენებების ვიდეო და ტექსტური ჩანაწერები.

0 comments:

Post a Comment

 

Blogger news

About

Copyright © თვითორგანიზების ქსელი