Wednesday, July 1, 2015

იხსენით ბერძნები მათი მხსნელებისგან! - ალენ ბადიუ

სოსო ჭაუჭიძის თარგმანი


მაშინ, როდესაც ორიდან ერთი ბერძენი ახალგაზრდა უმუშევარია; იქ, სადაც ათანის ქუჩებში 25 000 უსახლკარო დახეტიალებს;  სადაც მოსახლეობის 30% სიღარიბის ზღვარს ჩამოცდა და სადაც მილიონობით ოჯახს აიძულებენ, ბავშვები სხვებს ჩააბარონ მოსავლელად, რათა ეს უკანასკნელნი შიმშილისა და სიცივისგან არ დაიხოცონ,; სადაც ლტოლვილები და ახალგაღატაკებულები საჯარო ნაგავსაყრელთან ერთმანეთს ნაგვის ურნების მოსაპოვებლად ეპაექრებიან, საბერძნეთის "მხსნელები", იმ საბაბით, რომ "საბერძნეთი საკმარისად არ ცდილობს", ხსნის ახალ გეგმას გვაჩეჩებენ, რომელიც გამოწერილ სასიკვდილო დოზას აორმაგებს - გეგმას, რომელიც შრომის უფლებას აუქმებს და ღარიბებს, საშუალო კლასის გაქრობის თანადროულად, უკიდურესი სიღატაკისთვის წირავს.

მიზანი საბერძნეთის "ხსნა" სულაც არ არის. ამ მოსაზრებას იზიარებს ყველა ეკონომისტი, რომელიც ღირსია, ასეთად იწოდებოდეს. მთავარი დროის მოგებაა, იმისთვის, რათა კრედიტორები, ქვეყნის გადავადებული კოლაფსისკენ სვლის პარალელურად, გადარჩნენ . საბოლოო ანგარიშით, მთავარი საზოგადოებრივი ცვლილების ლაბორატორიის საბერძნეთის საზღვრებს გარეთ შექმნაა, რომლის მთელი ევროპის მასშტაბით გავრცელებას მომავალი თაობა იხილავს. მოდელი, რომელიც საბერძნეთზე გამოსცადეს, გახლავთ მოდელი, სადაც საჯარო საზოგადოებრივი სერვისები, სკოლები, საავადმყოფოები და აფთიაქები ნანგრევებად იქცევიან, სადაც ჯანმრთელობა მდიდართა პრივილეგიად იქცევა და სადაც მოწყვლადი მოსახლეობა კარგად დაგეგმილი ამოშლისთვის (elimination) გაიმეტეს, დასაქმებულები კი უკიდურესი გაღატაკებისა და მუდმივი საფრთხისთვის (precarity) გაწირეს.

მაგრამ იმისთვის, რომ ამ ნეო-ლიბერალისტურმა იერიშმა მიზანს მიაღწიოს, ისეთი რეჟიმის დამყარებაა აუცილებელი, რომელიც ძირეული დემოკრატიული უფლებების ეკონომიკაზე იქნებოდა დაფუძნებული. მხსსნელების მითითებათა პირობებში, მთელი ევროპის მასშტაბებით, ჩვენ თვალს ვადევნებთ თვითდამკვიდრებულ ტექნოკრატიულ მთავრობებს, რომლებიც ხალხის სუვერენულობას არაფრად აგდებენ. ეს იმ პარლამენტარული სისტემის შემობრუნების წერტილია, სადაც თვალს ვადევნებთ თუ როგორ აძლევენ კარტ-ბლანშს ექსპერტებსა და ბანკრებს "ხალხის წარმომადგენლები", უარს ამბობენ გადაწყვეტილების მიღების მოჩვენებით ძალაუფლებაზე - თვალს ვადევნებთ ერთგვარ პარლამენტარულ coup d'etat-, რომელიც აგრეთვე იყენებს გაძლიერებულ არსენალს სახალხო პროტესტის წინააღმდეგ. ამრიგად, როდესაც პარლამენტის წევრები, ყოველგვარი დემოკრატიული ლეგიტიმაციის გარეშე, ტროიკას (ევროკომიისის, ევროპის ცენტრალური ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის) მიერ ნაკარნახევი, იმ მანდატისგან დიამეტრალურად განსხვავევებული კონვენციის რატიფიცირებას მოახდენენ, რომლისთვისაც ძალაუფლება ჩაიბარეს, გადაწყვეტილება ქვეყნის მომავალი 30-40 წლის მანძილზე ხელუხლებელი დარჩება.

ამასობაში, ევროკავშირი ახალი ანგარიშის წარმოებაზე მუშაობს, რომელიც პირდაპირ საბერძნეთის დასახმარებლად ჩაირიცხება, ოღონდ იმ პირობით, რომ იგი ვალის გადახდას უნდა მოხმარდეს. ქვეყნის " აბსოლუტური პრიორიტეტი" კრედიტორთა გასასტუმრებლად განკუთვნილი შემოსავალი უნდა იყოს, და, თუ აუცილებელი გახდება, პირდაპირ გადაირიცხოს იმ ანგარიშზე, რომელსაც ევროკავშირი მართავს. შეთანხმება გვპირდება, რომ ნებისმიერი სესხი, რომელიც მის ფარგლებში გაიცემა, უნდა დარეგულირდეს ინგლისური კანონმდებლობით, რომელიც მატერიალურ გარანტიებს ითვალისწინებს, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს იმას, რომ განაჩენს ლუქსემბურგის სასამართლოები გამოიტანენ, რადგან საბერძნეთი წინასწარ იტყვის უარს აპელაციაზე კრედიტორთა  სარჩელის წინააღმდეგ. მთლიანი სურათისთვის, პრივატიზაციის უფლება გადაეცა ტროიკას მენეჯმენტში არსებულ ფონდს, სადაც საჯარო სიკეთეებზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (title deeds) უნდა განთავსდეს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ფართოდ გავრცელებული მოროდიორობა ფინანსური კაპიტალიზმისთვისაა დამახასიათებელი, რომელიც, თავის მხრივ, აქ მართლაც მშვენიერ ინსტიტუციურ საჩუქარს უძღვნის საკუთარ თავს. იმდენად, რამდენადაც მყიდველები და გამყიდველები მაგიდის ერთსა და იმავე მხარეს სხედან, ეჭვი არ გვეპარება, რომ პრივატიზაცის ეს ინიციატივა მყიდველთათვის ნამდვილი წამალია. მაგრამ ყველა ზომამ, რომელიც აქამდე იქნა მიღებული, საბერძნეთი კიდევ უფრო ღრმა, უსაზღვრო (sovereign) ვალში ჩააგდო. მხსნელების დახმარებით, რომლებიც მხოლოდ ზედმეტი გადასახადის ფასად თუ გაასესხებენ ფულს, საბერძნეთი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თავისუფალი ვარდნით დაეშვა, როცა ვალმა მთლიანი შიდა პროდუქტის 170%- მიაღწია, მაშინ, როდესაც 2009 წელს იგი მშპ- 120%- წარმოადგენდა. სავარაუდოა, რომ მხსნელთა ამ კოჰორტას - როგორც კი "საბოლოოდ" წარმოჩნდებოდა ხოლმე - საბერძნეთის პოზიციის კიდევ უფრო დასუსტების გარდა სხვა მიზანი არ ჰქონია. შედეგად, რესტრუქტურირების თვალსაზრისით ყოველგვარი პერსპექტივისგან დაცლილი საბერძნეთი იძულებულია "ქამრების შემოჭერის კატასტროფის" მუქარის ფონზე ყველა მევალეს დაუთმოს.

ხელოვნური და იძულებითი ვალის გაუარესების პრობლემა მთლიანად საზოგადოებაზე თავდასხმის იარაღად გამოიყენეს. სამართლიანია, რომ ჩვენ აქ მილიტარულ სფეროსთან დაკავშირებული ტერმინებით ვსაუბრობთ: ჩვენ მართლაც ომს ვადევნებთ თვალს, ომს, რომელსაც ფინანსების, პოლიტიკისა და სამართალის მეშვეობით აწარმოებენ, კლასობრივ ომს მთლიანად საზოგადოების წინააღდეგ. დემოკრატიული უფლებები და საზოგადოებრივი სიკეთეები ის ნადავლია, რომელიც ფინანსურმა კლასმა „მტერს“ გამოგლიჯა, მაგრამ, საბოლოო ანგარიშით,  წართმეულია ადამიანური ცხოვრების შესაძლებლობა, როგორც ასეთი. მათ კი, ვინც მოგების მაქსიმიზაციის სტრატეგიის პირობებში საკმარისად ან არასაკმარისად მოიხმარს, სიცოცხლე არ უნდა შეუნარჩუნდეთ.


ამრიგად, სპეკულაციასა და დაუსრულებელ, დამანგრეველ გირაოებს შორის მომწყვდეული ქვეყნის სისუსტე ის უკანა კარია, რომლის გავლითაც ნეოლობერალური ფუნდამენტალიზმის მოთხოვნათა შესაბამისი, ახალი საზოგადოებრივი მოდელი აღემართა. ეს რეალური პრობლემაა და პასუხი იმაზე, თუ რატომ არ დაიყვანება ბერძენი ხალხის დაცვის მცდელობა სოლიდარობისა და აბსტრაქტული ჰუმანურობის ჟესტებზე: აქ დემოკრატიის მომავალი და ევროპულ ერთა ბედი წყდება. „მტკივნეული, მაგრამ სასარგებლო“ ქამრების შემოჭერის პოლიტიკის „გადაუდებელ აუცილებლობას“ საბერძნეთის ბედის გაზიარებისგან თავის არიდების საშუალებად წარმოგვიდგენენ, მაშინ, როცა იგი (ეს საშუალება; მთარგმ. შენ) სწორედ ამ ბედის გაზიარებისკენ მიგვიძღვის.

საზოგადოებაზე მიტანილი ამ იერიშის წინააღმდეგ, მაშინ, როცა დემოკრატიის უკანასკნელი კერების განადგურებას ვადევნებთ თვალს, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს ფრანგ და ევროპელ მეგობრებს, ხმა აიმაღლონ. ნუ გადასცემთ საუბრის მონოპოლიას ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს. როგორ შეგვიძლია წავუყრუოთ იმ ფაქტს, რომ კონკრეტულად გერმანელმა და ფრანგმა ლიდერებმა საბერძნეთისთვის არჩევნებში ხმის წართმევა მოითხოვეს?  ნუთუ პასუხს არ იმსახურებს ევროპელი ხალხის სიტემური გმობა და სტიგამატიზაცია? ნუთუ შესაძლებელია, ხმა არ აიმაღლო ბერძენი ხალხის ინსტიტუციური ლიკვიდაციის წინააღდეგ? და შეგვიძლია კი, დუმილი შევინარჩუნოთ ფორსირებული მარშის წინაშე, იმ სისტემისკენ რომ აუღია გეზი, რომელიც უშუალოდ საზოგადოებრივი სოლიდარობის იდეას კანონგარეშედ აცხადებს?

უკან დასახევი გზა მოჭრილია. საჭიროა ვებრძოლოთ რიცხვთა ჭიდილსა და სიტყვათა ომს, რათა დავუპირისპირდეთ შიშისა და ყალბი ინფორმაციის ულტრა-ლიბერალურ რიტორიკას. საჭიროა იმ მორალური გაკვეთილების დეკონსტრუქცია, რომლებიც საზოგადოებაში მიმდინარე რეალურ პროცესებს აბუნდოვნებენ. საჭიროზე მეტია „ბერძნული სპეციფიკურობის“ რასისტული დაჟინების დემისტიფიცირება, რომელიც ადამიანებს  ნაციონალურ შტრიხებად ახარისხებს (სიზარმაცე და, სურვილისამებრ, ეშმაკობა) და რომელიც გლობალურ სინამდვილეში არსებული კრიზისის ძირეული მიზეზია. დღეს სპეფციფიკურობები - იმისდა მიუხედავად, ნამდვილები არიან თუ წარმოსახვითები -  არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს საერთო: იმ ხალხის ბედი, რომელიც სხვებზეც იქონიებს გავლენას.

 „საზოგადოების განადგურების ან გაკოტრების“ (რომელიც, როგორც ვხედავთ, საზოგადოების „განადგურებასა და გაკოტრებას ნიშნავს) ალტერნატივათა დასაძლევად უამრავი ტექნიკური ახსნა შემოგვთავაზეს. რასაკვირველია, სხვა ევროპის კონტრუქციისკენ მიმართული აზროვნების გამოსაკვებად მაგიდაზე ყველა კერძი უნდა ჩამოატარონ, მაგრამ პირველ რიგში დანაშაული უნდა ამხილო, ნათელი მოჰფინო სიტუაციას, რომელშიც ბერძენი ხალხი სპეკულანტთა და კრედიორთა მიერ შემოთავაზებული (და მათთვისვე განკუთვნილი) „ხსნის პაკეტების“ წყალობით აღმოჩნდა. როდესაც მხარდაჭერის მოძრაობა მთელს მსოფლიოს ჩაექსოვა, როცა ინტერნეტ-ქსელებში სოლიდარობის ინიციატივები ზუზუნებენ, ნუთუ ფრანგი ინტელექტუალები უკანასკნელნი აღმოჩნდებიან, ვინც საბერძნეთის მხარდასაჭერად ხმას აიმაღლებენ? ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, გაამრავლეთ სტატიები, მედია-გამოსვლები, დებატები, პეტიციები, დემონსტრაციები, რადგან ყველა ინიციატივა მისასალმებელია, ნებისმიერი ინიციატივა სასწრაფოა.

ჩვენ, ჩვენი მხრივ, ამას გთავაზობთ: სწრაფად დავიძრათ ინტელექტუალთა და ხელოვანთა ევროპული საზოგადოების ფორმირებისკენ, რომელიც წინააღმდეგობაში ჩაბმული ბერძენი ხალხის სოლიდარული იქნება. ვინ გააკეთებს ამას ჩვენს ნაცვლად? ახლა თუ არა, მაშ როდის?

ალენ ბადიუ, ჟან-კრისტოფ ბეილი, ეტიენ ბალიბარი, ჟან-ლუკ ნანსი, ჟაკ რანსიერი, ავიტალ რონელი
______________________________________________________________________________

წყარო: http://www.egs.edu/faculty/alain-badiou/articles/save-the-greeks-from-their-saviors/

0 comments:

Post a Comment

 

Blogger news

About

Copyright © თვითორგანიზების ქსელი