2014 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სამუშაო ადგილზე 41 ადამიანი გარდაიცვალა, 61 კი დაშავდა. ამის პარალელურად ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელიც ასევე შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროცაა, წამოაყენა შრომის მონიტორინგის ინიციატივა. ამ ინიციატივის თანახმად შემოწმდებოდ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც თავად მოითხოვდნენ მონიტორინგს და ამას ექნებოდა არა საინსპექციო, არამედ რეკომენდაციული ხასიათი. „შრომის ინსპექციის“ წარმოდგენილ მოდელს შესაბამისი კრიტიკა და წინააღმდეგობა მოყვა პროფკავშირებისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისგან.
2015 წლის 13 თებერვალს, სამმა სტუდენტურმა გაერთიანებამ, “მწვანე მუშტმა”, “სტუდენტთა თვითორგანიზების ქსელმა” და “ახალგაზრდა მწვანეებმა” საპროტესტო აქცია მოაწყო შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროს წინ, რეალური შრომის ინსპექციის მოთხოვნით და სოლიდარობა გამოუცხადა პროფკავშირების და მშრომელთა ბრძოლას არა მარტო შრომის უსაფრთხოებისთვის, არამედ ასევე სამართლიანი შრომითი პირობებისთვის. პროფკავშირების, სახალხო დამცველის და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ამ ძალისხმევას სამინისტროსგან ადეკვატური რეაგირება მოჰყვა. 18 თებერვალს , შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო რეალური შრომის ინსპექციის შექმნასთან დაკავშირებით პროფკავშირების ხელმძღვანელს ირაკლი პეტრიაშვილს და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენელს შეხვდა. როგორც მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული სამსახურის ფუნქცია შრომის პირობების კონტროლთან ერთად ასევე იქნება ხელშეკრულების დარღვევის და შრომითი ექსპლუატაციის მაკონტროლირებელი ორგანო.
ჩვენ, “სტუდენტთა თვითორგანიზების ქსელი”, “მწვანე მუშტი” და “ახალგაზრდა მწვანეები” მივესალმებით სამინისტროს ნაბიჯს, მიველსამებით იმასაც, რომ პროცესში ჩართულია პროფკავშირები. ჩვენ მხარს ვუჭერთ მინისტრის ინიციატივას, თუმცა ვეჭვობთ, რომ ამ გადაწყვეტილებას ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდება მრავალი მხრიდან, ისევე როგორც მსხვილი კერძო მესაკუთრეებისგან, მათ შორის გარკვეული წრეებიდან თავად ხელისუფლების შიგნით. ამიტომ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია საზოგადოების, თავად მშრომელთა უფრო მეტად ჩართვა პროცესში, რათა კვლავ პოლიტიკური და ბიზნეს ელიტების მიერ, საზოგადოების ზურგს უკან არ მოხდეს პროცესის ნეიტრალიზება. საწყის ეტაპზე, აუცილებელია სამინისტრომ წარუდგინოს თავისი სამოქმედო გეგმა დაინტერესებულ ჯგუფებს და პროფაკვშირებს, რომლებიც დიდი ხანია მუშაობენ ამ საკითხებზე და აქვთ გარკვეული გამოცდილება და ცოდნა ამ მხრივ. შემდეგ კი, უნდა შემუშავდეს რაიმე ფორმატი, რითაც შესაძლებელი გახდება ამ გამოცდილების და ცოდნის ათვისება და გამოყენება პროგრამის ოპტიმალურად განხორციელებისთვის.
0 comments:
Post a Comment