13 მარტს, 15:00 საათზე, RMG GOLD-ის ცენტრალურ ოფისთან იმართება საქართველოს პროფკავშირების მიერ ორგანიზებული გამაფრთხილებელი აქცია, რომელიც, კომპანიის მიერ, უკანასკნელ პერიოდში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების წინააღმდეგაა მიმართული. პროფკავშირები აცხადებენ, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენლები მიზანმიმართულად დევნიან და ავიწროებენ კომპანიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც პროფესიულ კავშირებშია გაერთიანებული.
RMG GOLD-ი, რომელიც დაბა კაზრეთში ოქროსა და სპილენძის მომპოვებელ საწარმოს ფლობს, პირველად არ ხდება პროფკავშირებისა და სხვა ორგანიზაციების ყურადღების საგანი. უკვე წლებია, რაც დაბა კაზრეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიას კომპანია თავის ინტერესებს უქვემდებარებს, მინიმალური დანახარჯის შედეგად მაქსიმალური მოგების მისაღებად: დაწყებული შრომითი ექსპლუატაციის უმძიმესი ფორმებით, დამთავრებული იმით, რომ რეგიონში კატასტროფული ეკოლოგიური მდგომარეობაა. ფაქტიურად, კომპანია არაოფიციალურად აკონტროლებს და ბატონობს დაბა კაზრეთის ტერიტორიაზე და საწარმოში მიმდინარე სამუშაოების გარდა, იქ არსებული მოსახლეობის მთელ ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას.
გასული წლის თებერვალში, დაბა კაზრეთში მშრომელების მასშტაბური გაფიცვა დაიწყო, რომელიც მედიაციის შუამდგომლობის შედეგად, მუშებსა და ადმინისტრაციას შორის შეთანხმებით დასრულდა. კომპანია შეთანხმების პირველივე კვირიდან ახდენს შეთანხმებით აღებული ვალდებულებების იგნორირებას. გარდა ამისა, RMG GOLD-ის ადმინისტრაციის მიერ პროფესიულ კავშირებში გაერთიანებულ მშრომელებზე ზეწოლის შედეგად, სამსახურიდან გათავისუფლების, მუქარის თუ სხვა მეთოდების მეშვეობით, პროფესიული კავშირის რიგები 1000 მდე წევრმა დატოვა.
შრომასა და კაპიტალს შორის კონფლიქტი ახალი მოვლენა ნამდვილად არ არის. მესაკუთრეები ყოველთვის ცდილობდნენ საკუთარი ინტერესების გატანას მინიმალური ხარჯით, მეტი ექპლუატაციითა და მშრომელთა დეზორგანიზებით. საქართველოში, მიხეილ სააკაშვილის ნეოლიბერალური იდეოლოგიური გუნდის მიერ წარმოებული პოლიტიკა წლების განმავლობაში იდგა მესაკუთრეეთა ინტერესების მხარეს, რასაც მშრომელების ელემენტარული და საბაზისო უფლებები ეწირებოდა.ეკონომიკური განვითარების ერთადერთ გზად მასიური პრივატიზაცია გამოცხადდა, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება კი ინვესტორების ინტერესებთან გათანაბრდა. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, მიუხედავად დეკლარირებული სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკისა,სახელმწიფო ისევ ბიზნესის ინტერესებს ატარებს და ვერ ხერხდება ქმედითუნარიანი შრომის ინსპექციის შექმნა, მიუხედავად შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებებისა. ამ დროს, საქართველო პირველ ადგილს იკავებს ეკონომიკური უთანასწორობით რეგიონში, პარალელურად კი ქვეყნიდან გაედინება უზარმაზარი ღირებულების საქონელი, საიდანაც სახელმწიფოს მინიმალური თანხები რჩება.
პროფკავშირებთან ერთად, აქციას ორგანიზატორობას უწევენ სტუდენტური ორგანიზაციები „თვითორგანიზების ქსელი“, და „მწვანე მუშტი“ .“. 13 მარტს, 14:00 საათზე იგეგმება ორგანიზებული მსვლელობა RMG GOLD – ის ცენტრალურ ოფისამდე, რომელიც ტრადიციულად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან დაიწყება. მოგიწოდებთ შემოუერთდეთ პროფკავშირებისა და სტუდენტური ორგანიზაციების ერთობლივ ძალისხმევას, შეაჩერონ კერძო კომპანიის მიერ დაწყებული დანაშაულებრივი ქმედებები. დროა, ჩვენი საზოგადოებრივი ინტერესები კერძო მესაკუთრეთა ანტისოციალურ ინტერესებს დავუპირისპიროთ, რომლებიც უმძიმეს პირობებში დასაქმებულ მშრომელებს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის ელემენტალურ შესაძლებლობებსაც კი ართმევენ.
0 comments:
Post a Comment