Friday, November 20, 2015

ნუ დამიტირებთ, ორგანიზდით!

0 comments
წინამდებარე ორი წერილი ეკუთვნის მნიშვნელოვან და საინტერესო ფიგურას „მსოფლიოს ინდუსტრიულ მუშათა“ მოძრაობაში. 1879 წელს დაბადებული ჯო ჰილი იმ ადამიანთა რიგს მიეკუთვნება, რომლებიც უსამართლოდ მოკლა ვუდრო ვილსონის ფაშისტურმა ადმინისტრაციამ. დღეისათვის, ჩვენ დავივიწყეთ ბევრი ის ადამიანი, რომელიც იბრძოდა მუშების კეთილდღეობისთვის, სამართლიანი პირობებისთვის და ღირსეული სიცოცხლისთვის. ისინი ნაკლებად ცნობილნი არიან მუშათა მოძრაობების, მასობრივი ორგანიზაციების და აქტივისტთა წრეების გარეთ. თუმცა, ვილსონის დაარესბული დასავლური პროპაგანდის ოფისის ეფექტური მუშაობის მიუხედავად, ამერიკის მუშათა მოძრაობამ შეძლო ჯო ჰილის სიმღერების, წერილებისა სახელის შნარჩუნება. ჰილს ეკუთვნის „There is Power in a Union“, „Casey Jones – the Union scab” და სხვა სიმღერები, რომლებიც შესულია „მსოფლიოს ინდუსტრიულ მუშათა“ მოძრაობის „პატარა წითელ სიმღერათა კრებულში“ (Little Red Songbook). 1914 წელს, ჯო ჰილს ბრალი დასდეს ორი ადამიანის მკვლელობაში. ჰილი არ ყოფილა დამნაშავე, თუმცა ის მაინც გაასამართლეს. ჯო ჰილი დახვრიტეს 1915 წლის 19 ნოემბერს. წინამდებარე წერილები მან ციხეში ყოფნისას დაწერა.

ნუ დამიტირებთ, ორგანიზდით!

100 წლის წინ, 19 ნოემბერს სიკვდილით დასჯილი შრომის მომღერლის ჯო ჰილის ორი წერილი


29 ნოემბერი, 1914

რედაქტორი, სოლიდარობა:

როგორც „სოლ“-ში ვნახე, სიმღერების კრებულის ახალი გამოცემის გამოქვეყნებას აპირებთ. მე მასში რამდენიმე მცირე ცვლილება და შესწორება შევიტანე. ვფიქრობ ეს ოდნავ გააუმჯობესებს წიგნს, რომელსაც აქვე დავურთავ.

რა თქმა უნდა, ვიცი იმ გამოჩენილი მეამბოხეების შესახებ, რომლებიც თვლიან, რომ მუშათა ორგანიზაციაში არ არის სიმღერების და სატირის ადგილი. ვაღიარებ, სიმღერები მართლაც არ არის აუცილებელი საერთო საქმისთვის. თუმცა, როდესაც „მომესურვება“ კიდევ დავწერ სულელურ სიმღერებს, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცი - კლასობრივი ბრძოლა საკმაოდ სერიოზული საკითხია.

პამფლეტი, როგორი კარგიც არ უნდა იყოს, მხოლოდ ერთხელ იკითხება, ხოლო სიმღერა ხშირად მეორდება და ზეპირად გვამახსოვრდება. ამიტომ ვამბობ, რომ თუ ადამიანი მოაქცევს რამდენიმე ცივ, ადვილად გასაგებ ფაქტს სიმღერაში და ზედმეტი სიმშრალის გასაქარვებლად, შეფუთავს მათ (ფაქტებს) იუმორის მოსასხამში, ის წარმატებით მიიბყრობს მშრომელთა დიდი რაოდენობის ყურადღებას, რომლებიც შესაძლოა ძალზე გაუნათლებლები, ან უბრალოდ გულგრილნი არიან პამფლეტის ან ეკონომიკური მეცნიერების შესახებ სტატიის წაკითხვისათვის.

ორგანიზაციის ძველი წევრების შენარჩუნებისა და პოტენციური წევრების კლასობრივი ბრძოლით დაინტერესებისთვის, მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო, ეს გართობაა. შვედეთის მეამბოხეებმა ეს გაიაზრეს და ყოველ კვირას, გარკვეულ დროს განტვირთვას უთმობენ. სწორედ ამიტომ, მათ სხვა ერებზე უფრო კარგად მოახერხეს მუშა ქალთა ორგანიზება. სამწუხაროდ, შეერთებულ შტატებში, მუშა ქალები მიტოვებულები არიან, განსაკუთრებით დასავლეთში. შესაბამისად, შევქმენით ცალფეხა, მახინჯი, ცხოველის მსგავსი კავშირი. ჩვენი წვეულებებიც გაცვეთილი და თითქოს ხელოვნური „მამრობითი“ ღონისძიებებია.  მათ აკლია სიცოცხლე და შთაგონება, რომელთა შემოტანა მხოლოდ ქალს შეუძლია.

გთავაზობთ კაცებსა და ქალებს შორის კარგი ამხანაგობის დატვირთვის მქონე სოციალური კავშირის დანერგვას, რომელიც დაეხმარება მათ იმის წარმოდგენაში, თუ როგორი იქნება მომავალი საზოგადოება, ხელს შეუწყობს მათ დაინტერესებას კლასობრივ ბრძოლაში და მოანდომებს არსებული კორუმპირებული სისტემის დამხობას. ვფიქრობ კარგი იქნება, თუ მივცემთ ქალ ორგანიზატორებს, მაგალითად გერლი ფლინს, ექსკლუზიურად მუშა ქალთა მძლავრი ორგანიზაციის შექმნის საშუალებას. ისინი უფრო ექსპლუატირებულნი არიან, ვიდრე კაცები და ჯონ ბული სიამოვნებით დაგისაბუთებთ, რომ ისინი არ განიცდიან მებრძოლი და რევოლუციური განწყობის ნაკლებობას.

თუ ჩვენ გავითვალისწინებთ შვედი ამხანაგების მაგალითს და მეტ ყურადღებას დავუთმობთ გართობას, ორიგინალური სიმღერებითა და სურათებით, წარმატებით მოვიზიდავთ ახალგაზრდებს, როგორც კაცებს, ასევე ქალებს ერთ დიდ კავშირში.

შენი ჯო ჰილი

მისამართი. ჯოს. ჰილსტორმ, კო. ციხე, სოლთ ლეიქ სითი, იუტა.

18 ნოემბერი, 1915

ვ.დ. ჰეივუდი
ჩიკაგო, ილინოისი

მშვიდობით ბილ: ვკვდები, როგორც ნამდვილი მეამბოხე. ნუ დახარჯავთ დროს ჩემს დატირებაში - ორგანიზდით! აქედან ვაიომინგამდე ასი მილია. ხომ არ შეგიძლია ისე მოაწყო, რომ ჩემი სხეული დასამარხად შტატის საზღვრამდე მიათრიონ? არ მინდა იუტაში მიპოვონ მკვდარი.
ჯო ჰილი  
მეტის ნახვა ...

Thursday, October 15, 2015

ქალთა კითხვის წრე მხოლოდ ქალებისათვის გრძელდება

0 comments

კითხვის წრემ და ქალებისათვის ავტონომიური სივრცის შექმნის მცდელობამ ბევრი პოზიტიური შედეგი დაგვანახა გასული რამდენიმე შეხვედრის მანძილზე. აქტიურად მიდიოდა მსჯელობა ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე როგორებიცაა სოლიდარობის არსი , ჰორიზონტალობის პრინციპის დაცვის მნიშვნელოვნება, მატერიალისტური პერსპექტივიდან ქალთა საკითხის ანალიზის აუცილებლობა. კითხვის წრის მიზანია არა ქალთა საკითხებზე ცოდნათა დეპოზიტური ლოგიკით დაგროვება არამედ ამ ცოდნებისათვის პრაქტიკული განზომილების დაბრუნება . ქალებისათვის praxis-ის ცნების აქტუალიზება. Praxis=action + reflection. კითხვის წრე განახლდება 18 ოქტომბერს,ახალ ლოკაციაზე(არაყიშვილის ქ. №7).

დავიწყებთ ჩვენს ივენთზე მითითებული ტექსტის ეტაპობრივ დამუშავებას.

მსურველებმა მოგვწერეთ თვითორგანიზების ქსელის ფეისბუქ გვერდზე ან დაგვირეკეთ შემდეგ ნომერზე: 599809778.
მეტის ნახვა ...

ოტო რენე კასტილიო - აპოლიტიკური ინტელექტუალები

0 comments
ერთ დღესაც
ჩემი ქვეყნის აპოლიტიკურ ინტელექტუალებს
პასუხს მოსთხოვს ყველაზე უბრალო ხალხი.

მათ კითხავენ
თუ რას აკეთებდნენ მაშინ,
როცა მოკვდა მათი ქვეყანა
როგორც ტკბილი კოცონი,
პატარა და მარტოსული.

მათ არავინ ჰკითხავს
თუ რა ეცვათ,
არც მათ გრძელ დასვენებებზე ჰკითხავენ
ლანჩის შემდეგ.
არავის მოუნდება იცოდეს რაიმე,
მათ სტერილურ ბრძოლაზე
როცა არაფრის არ გწამს.
(„იდეა არაფრის შესახებ“)
არავინ იდარდებს
მათ ფულით ნაყიდ ცოდნის მანერაზე.

მათ არაფერს ჰკითხავენ
ბერძნულ მითოლოგიაზე,
არც მათ ზიზღს დააკვირდება ვინმე.
ზიზღს საკუთარი თავის მიმართ,
რომელიც ჩნდება მაშინ,
როცა ერთ-ერთი მათგანი
ლაჩრულად იწყებს კვდომას.

და არავის მოაფიქრდება
მოსთხოვოს მათ პასუხი
იმ აბსურდულ თავის გამართლებაზე,
რომელიც ტოტალური ტყუილის ჩრდილში დაიბადა.

ამ დღეს
მოვლენ უბრალო ადამიანები
ვისი ადგილიც არ იყო წიგნებსა და ლექსებში.
სამაგიეროდ,
მათ ყოველდღე მოჰქონდათ
აპოლიტიკური ინტელექტუალებისთვის
პური და რძე,
მჭადი და კვერცხები.
ყოველდღე ატარებდნენ მათ მანქანებს,
უვლიდნენ მათ ძაღლებს და ბაღებს,
მუშაობდნენ მათთვის.

და ისინი იკითხავენ :

„რას აკეთებდი, როცა ღარიბი იტანჯებოდა,
როცა მასში სამუდამოდ ჩაქრა
სიცოცხლის და სითბოს,
სიკეთის უკანასკნელი ნაკვერჩხალი?“

ჩემი ტკბილი ქვეყნის
აპოლიტიკურო ინტელექტუალებო,
თქვენ არ გექნებათ პასუხი,
სიჩუმის სვავი ამოჭამს თქვენს შიგნეულობას.

თქვენივე საცოდაობა
დაძიძგნის თქვენს სულს,
და დარჩებით მდუმარე თქვენსავე სირცხვილში.


თარგმანი : ალექსანდრა აროშვილი, სოფო ჯაფარიძე
მეტის ნახვა ...

Tuesday, October 6, 2015

ხელოვნური დაპირისპირებები კაზრეთში

0 comments
გიორგი კობახიძის წერილი

ჩემი ჩანაწერი კაზრეთის შესახებ ამ თემაზე დაწერილი რამდენიმე სტატიიდან ერთ-ერთია, ამიტომ კაზრეთში არსებული მძიმე შრომითი პირობების ზოგად აღწერას გამოვტოვებ. ვწერ იმ პრობლემების შესახებ, რომლებმაც 2014 წლის გაფიცვის შემდეგ მჭიდროდ შეკრული დასახლება ერთმანეთისგან სრულიად გაუცხოვებულ ერთეულებად აქცია. საუბარია ხელოვნურად პროვოცირებულ დაპირისპირებებზე, რომლებიც გვხვდება, როგორც სხვადასხვა ჯგუფებს შორის, ასევე, პასიური ფორმით, ერთეულებს შორის, რაც განსაკუთრებით მძიმეა. ეს უკანასკნელი იკვეთება საყოველთაო უნდობლობაში, რომელიც, მიუხედავად ყოველდღიური კონტაქტისა მუშებს შორის, მუდმივად არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ თუ ეს ერთეულები შეძლებენ ამ დაპირისპირების საარსებო პირობის გააზრებას (უიმედო სიღარიბისგან გამოწვეული საჭიროებებით გადადგმული ნაბიჯები) ისინი ამ უნდობლობის არსებობის წინაპირობას, მისი არარსებობის წინაპირობად აქცევენ.

ამის გასააზრებლად მნიშვნელოვანია მიზეზის საყოველთაოობის გათავისება: გაფიცვისას, იყო შემთხვევები, როცა კონკრეტული ადამიანები უმძიმესი მატერიალური და ხშირ შემთხვევაში, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ვერ ძლებდნენ მიზერული ხელფასის გარეშე და იძულებულნი იყვნენ ემუშავათ. ამან ძლიერად იმოქმედა გაფიცულების ერთიანობაზე, რაც დღემდე ჩანს მათ ურთიერთობაში. თუმცა, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა სწორედ ის მიზეზია, რომელსაც დაყოფასთან ერთად, ყველაზე მეტად შეუძლია ამ ადამიანების გაერთიანება, რადგან ეს მიზეზი საერთოა და მოქმედებს როგორც დამყოფი მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ერთსა და იმავე დროს, ერთ ადამიანს უფრო მწვავედ ეხება, ვიდრე მეორეს. სწორედ ამიტომ არის კაზრეთში ერთეულებს შორის არსებული უნდობლობა უფრო მძიმე ვიდრე ჯგუფებს შორის არსებული დაპირისპირებები, რადგან მისი აღმოფხვრა მოითხოვს უშუალოდ მუშების რთულ ინდივიდუალურ ძალისხმევას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, თუ როგორ ხდება მუშების გაერთიანებასთან დაკავშირებული დაბრკოლებების, წინააღმდეგობების და დაპირისპირებების ხელოვნური კონსტრუქცია კომპანია RMG-ის მიერ.

ჯგუფები, რომლებსაც აქამდე ვახსენებდი, შეიძლება ორ კატეგორიაში მოვაქციოთ: 1. საერთო აზრის საფუძველზე გაერთიანებული ჯგუფები. 2. საერთო მიზნის მქონე ჯგუფები. ამ კატეგორიების გარდა კაზრეთში მიმდინარე პროცესებში ჩართულია პროფკავშირი, კონკრეტული ფიგურები (ლიდერები)  და პოლიცია. ეს ჯგუფები ხსენებული კატეგორიების მიღმა უნდა მოვიაზროთ. 

პირველ კატეგორიაში ერთიანდებიან როგორც დასაქმებული, ასევე უმუშევარი მაცხოვრებლები. ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებიც სინამდვილეში არავისთან გაერთიანებულან, თუმცა მათი შეხედულებების საფუძველზე შეგვიძლია კონკრეტული ჯგუფის წევრებად წარმოვიდგინოთ. პირველ კატეგორიაში არიან ასევე ის ჯგუფები, რომლებიც საწარმოში სპეციალიზაციის ნიშნით არიან გაერთიანებულნი, მაგალითად მძიმე ტექნიკაზე მომუშავე ადამიანები, რომელთა წარმომადგენელმა, ჩემთან საუბარში გამოთქვა პროტესტი დაბალი ხელფასების გამო და მითხრა, რომ თუ კომპანია არ გაზრდის მძიმე ტექნიკაზე მომუშავე დასაქმებულების ხელფასს, ის და მისი კოლეგები გაიფიცებიან. სამწუხაროდ, ეს ადამიანი საკუთარ და მის რამდენიმე თანამშრომლის პრობლემებს საყოველთაოსგან გამიჯნულად მოიაზრებს და შესაბამისად, კაზრეთის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის დინამიკაში მოქმედებს იზოლირებულად, როგორც განცალკევებული სუბიექტი, კონკრეტულად - მძიმე ტექნიკის მუშა, რომელსაც ზოგადად დასაქმებულების ექსპლუატაცია არ შეეხება არც მატერიალუად და მითუმეტეს, არც მორალურად. ამავე კატეგორიაში არიან ის ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულ ზიზღს გამოხატავენ კომპანია RMG-ს მიერ ჩამოყვანილი სომეხი და რუსი მუშების მიმართ. საბოლოოდ, უნდა ვახსენოთ უმუშევართა ის ჯგუფი, რომელიც უიმედო ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ემზადება კაზრეთიდან წასასვლელად და ამით კიდევ უფრო შორდება სხვა მუშებს და უმუშევრებს. აქვე უნდა ვთქვა, რომ უმუშევართა საკმაოდ დიდი ნაწილის მატერიალური მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მათთვის წასვლა არ წარმოადგენს გამოსავალს. ისინი რჩებიან კაზრეთში და არსებულ სინამდვილეს შეგუებულები, ელოდებიან სიკვდილს. ასეთი იყო ერთი მოხუცი ქალი (სახელი და გვარი არ ვიცი), რომელიც ფლაერის დანახვისას ატირდა, რადგან კითხვა არ იცოდა. მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ის იდგა ერთ ადგილზე და ელოდებოდა შვილს, რომელსაც მისივე თქმით, ვეღარ სცნობდა. ასეთი შემთხვევები ხშირად გვიბიძგებს ერთეული მაგალითებით ხელმძღვანელობაზე, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს მთლიანობისადმი სიბრმავეს. ამიტომ, ასეთ მსჯელობებში, მორალური კატეგორიები არ წარმოადგენს მართებულ მიდგომას. 

მეორე კატეგორიაში არსებულ ჯგუფებს აერთიანებს კონკრეტული პოლიტიკური, მატერიალური, სოციალური და ძალაუფლებრივი მიზნები. პირველ რიგში, ამ კატეგორიის ჯგუფად მოვიაზრებ იმ ადამიანებს, რომლებმაც გაფიცვის მიწურულს მიიღეს კომპანია RMG-ს მატერიალური შემოთავაზებები და დღეს კაზრეთში აშენებენ ამ კომპანიის პოლიციურ რეჟიმს. ამ ადამიანების ფუნქციებში შედის: მეთვალყურეობა, დასმენა, დაშინება, პროვოცირება, ინდოქტრინაცია და ყველა ჩამოთვლილი ხერხის გამოყენებით, ყოველგვარი წინააღმდეგობის აღკვეთა. გარდა ამისა, მათ მთავარ მიზანს წარმოადგენს მუშების მომართვა პროფკავშირის წინააღმდეგ. ამ ჯგუფის წევრები ხშირად სარგებლობენ სოციალური კაპიტალით, რომელიც ასევე დაშინებით აქვთ მოპოვებული. არანაკლებ აქტიურად მოქმედებენ პარტია “ქართული ოცნების” ინტერესთა გამტარებლები, რომელთა სპეციფიურ როლზე ამ ეტაპზე ვერ ვილაპარაკებ. ამავე კატეგორიაში შედის კომპანია RMG-ს დაფინანსებული „გარემოს საკითხებზე მომუშავე“ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც თვალებს უხვევს მოსახლეობას და გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებების მიუხედავად, უარყოფს კომპანიის მხრიდან გარემოს მზარდ დაბინძურებას. მეტიც, ორგანიზაციის წარმომადგენელი იმასზეც ამახვილებს ჩვენს ყურადღებას, რომ RMG-ს განსაკუთრებულად აწუხებს ეკოლოგიური საკითხები და ინტენსიურად მუშაობს ჰაერის დაბინძურების რედუქციაზე.  თუმცა, ასეთი ორგანიზაციის არსებობა არ არის გასაკვირი იმ დასახლებაში, სადაც ერთ კომპანიას ეკუთვნის ყველაფერი. საბოლოოდ, ამავე კატეგორიაში შედის ბოლნისის მედია, რომელიც ცალსახად RMG-ს ხელქვეითია: თვითორგანიზების ქსელის კაზრეთში ყოფნის მეორე დღეს (30.09.15), ბოლნისის მედიამ გააშუქა შეხვედრა, რომელიც პროფკავშირებსა და მუშებს შორის იყო დაგეგმილი, თუმცა, კომპანია RMG-ს ადმინისტრაციის თანამშრომლებისგა შემდგარმა პროვოკატორთა ჯგუფმა, სხვადასხვა ხერხით სცადა შეხვედრის ჩაშლა და ამაში გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია. ბოლნისის მედიამ, რომელიც უშუალოდ შეხვედრისას, მოხალისე სტუდენტებისადმი კეთილგანწყობას იჩენდა, რეპორტაჟი სრულიად დაუთმო პროვოკატორების ჯგუფს, რითიც მათ კიდევ ერთხელ შეძლეს პროფკავშირის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება. 

ხსენებულ ორ კატეგორიაში შემავალი ჯგუფები წარმოადგენენ კაზრეთს, როგორც თანამედროვე ე.წ. company town-ს და სწორედ მათ შორის არსებული აქტიური თუ პასიური ჭიდილი, რომელიც თითქმის სრულიად ცალმხრივია, განსაზღვრავს კაზრეთის მოსახლეობის ეკონომიკურ, სოციალურ და მორალურ მდგომარეობას. აღნიშნული ჭიდილის სივრცეში ძალაუფლების განაწილება სრულიად ერთგვაროვანია, განსხვავებით ამ ძალაუფლების სამოქმედო ხერების და მათი გამოყენების შედეგებისა, რომლებიც ბევრად უფრო კომპლექსურ სურათს გვიხატავს.

კომპანიის “ საქველმოქმედო აქციები” და ბავშვებისთვის განკუთვნილი გასართობი ღონიძიებები, მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია იმისა, რასაც შეიძლება ვუწოდოთ მუშების პრობლემებში საზოგადოებრივი ჩართულობის წინააღმდეგ აღმართული იდეოლოგიური კედელი, ან სხვანაირად პიარი. თუმცა, ეს პრაქტიკა არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს ხელოვნური დაპირისპირების მთავარ წყაროს. ასეთი ღონისძიებები წარმოქმნის დაპირისპირებას კომპანიასა და ქართული საზოგადოების იმ ნაწილს შორის, რომელიც მიუთითებს RMG-ს მის მიერ წარმოებულ ექსპლუატაციაზე. ამაზე ბევრად მნიშვნელოვანია ის ხელოვნური დაპირისპირებები, რომელთა მეშვეობით კომპანია თვითონ კაზრეთის მოსახლეობას უპირისპირებს ერთმანეთს და ერთიანობაში, უპირისპირებს პროფკავშირს.

ასეთი შემთხვევისთვის საჭირო წინაპირობა გაჩნდა 2014 წლის გაფიცვისას, როდესაც გაფიცული მუშები დაუპირისპირდნენ დასაქმებულთა იმ ნაწილს, რომლებიც ზოგი პირადი ინტერესის, უფრო მცირე ნაწილი კი გაუსაძლისი მატერიალური მდგომარეობის გამო, იძულებული იყვნენ ემუშავათ. მათ რიგებში იყვნენ ადამიანები, რომელთათვის იმ ერთი თვის ხელფასის დაკარგვა სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა. გაფიცულებმა ასეთი საქციელი ღალატად აღიქვეს და დღეს, სწორედ ასე მოიხსენიებენ იმ დროს მომუშავე ადამიანებს. მსგავს დაპირისპირებას ვხვდებით დასაქმებულებსა და გათავისუფლებულებს შორისაც. გაფიცვის მიწურულს კომპანიამ შესთავაზა გარკვეული პრივილეგიები იმ ადამიანებს, რომლებიც გაფიცვაში ყველაზე აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას. ნაწილი ამას დათანხმდა და მათგან რამდენიმე შევიდა იმ პროვოკატორთა და დამსმენთა ჯგუფში, რომელზეც ზემოთ დავწერე. აქ მნიშვნელოვანია, რომ უმუშევრებს და დაბალ პოზიციებზე დასაქმებულ მუშებს თითქოს ისევე ეზიზღებათ დამსმენები, როგორც ის ადამიანები, რომლებმაც შეინარჩუნეს ადგილები, მაგრამ არ შედიან დამსმენთა რიგებში. ამ ორ დაპირისპირებას ემატება მესამე, დაპირისპირება მუშებსა და პროფკავშირს შორის, რომელიც ასევე ხელოვნურად წარმოქმნილია. პროვოკატორთა და დეზინფორმატორთა ჯგუფის ეფექტურ მუშაობასთან ერთად, ამ დაპირისპირების მთავარი წინაპირობა გახდა მედიაცია (სახელმწიფოს ჩარევა კომპანიისა და მუშების/პროფკავშირის დავაში). სახელმწიფოს ჩარევას არ გამოუღია შედეგი, რადგან შეთანხმება, რომლის საფუძველზეც კომპანიამ იკისრა გარკვეული მოთხოვნების შესრულება, სრულად არ შესრულდა. პროფკავშირები ითხოვდნენ შეთანხმების შესრულებას, რის შემდეგაც დაიწყო პროფკავშირებზე ზეწოლა. RMG-მ ეს მოვლენები 180 გრადუსით შეატრიალა : თუ პროფკავშირს არ ჰყავს წევრები, ის კარგავს წარმომადგენლობით ფუნქციას და ამგვარად ეკარგება გავლენაც. დღეს კი კომპანიაში, ფაქტობრივად შეუძლებელია პროფკავშირული ანუ ორგანიზებული ბრძოლის გარეშე არამხოლოდ ნაკისრი შეთანხმების სრულად შესრულებისთვის ბრძოლა, არამედ ელემენტალური პირობების გაუმჯობესებისათვის მუშაობა.

შევეხები კიდევ ერთ დაპირისპირებას, რომელიც არ ამოზრდილა 2014 წლის გაფიცვიდან. პირველ დღეს (29.09.15) ჩემ მიერ გამოკითხული ათი ან თერთმეტი მუშისგან ორმა განსაკუთრებული სიძულვილი გამოხატა არა RMG-ს მიმართ, არამედ ამ კომპანიის მიერ ჩამოყვანილი სომეხი და რუსი მუშების მიმართ. მათი თქმით, კომპანია ასაქმებს უცხოელ მუშებს, ხოლო ადგილობრივებს ათავისუფლებს ან ნაწილ-ნაწილ აშორებს დომინანტურ წარმოებას და გადაჰყავს კომპანიისავე მფლობელობაში არსებულ მცირე “შპს”-ებში. შესაბამისად, მათი ხელფასი კიდევ უფრო მცირდება. კითხვაზე: ამაში ხომ კომპანიაა დამნაშავე და არა უცხოელი მუშები? პასუხად უარი მივიღე, რაც შესაძლოა RMG-ს მიერ განხორციელებული დაშინებების ბრალია. მუშებთან საუბრისას, ზოგ შემთხვევაში, რთულია იმის გარკვევა თუ რამდენად გულრწფელია მათი პასუხი. 

ასეთი “ნაციონალიზმი” იმდენად ნათლად გვიჩვენებს მის სოციო-ეკონომიკურ საფუძველს, რომ თვითონ ნაციონალიზმის იდეას აყენებს ეჭვქვეშ. ამას არ მალავს არც ზიზღის ობიექტი და არც სუბიექტი. მტრულ განწყობას იმ ორ ადამიანს შორის, რომლებიც სრულიად გაუცხოვებულები არიან პოლიტიკის არათუ კეთებისგან, არამედ მის ტელევიზორში ყურებისგან, საგანმანათლებლო პროცესებისგან და ზოგადად საკუთარი ცხოვრების სრულუფლებიანი მართვისგან არ შეიძლება ჰქონდეს თავისთავად წარმოქმნილი საფუძველი. კომპანია RMG-მ ეს მოვლენა რაციონალური გათვლით შექმნა.

მთლიანობაში ეს მდგომარეობა გვამცნობს, რომ RMG-მ მიაღწია გაფიცვის დროს დასახულ მიზანს. მან შეძლო მუშების ხელახალი გაერთიანებისთვის ისეთი დაბრკოლებების შექმნა, რომლის დაძლევა, მუშების უშუალო ძალისხმევი და ორგანიზების გარეშე შეუძლებელი იქნება. ამ ძალისხმევის აღკვეთაზე კი სათანადოდ ზრუნავენ კომპანიის ხელქვეითი პირები და ინსტიტუტები.
მეტის ნახვა ...
 

Blogger news

About

Copyright © თვითორგანიზების ქსელი