Tuesday, December 29, 2015

შრომა, როგორც თავისუფლება - თავისუფლება, როგორც შრომა



შრომა ადამიანთა თვითგამოხატვის უმაღლეს ფორმაა. რას წარმოადგენს შრომა და რას წარმოადგენს „მუშაობა“? წინამდებარე
  წერილში მე არ ვაპირებ ამ ორს შორის რომელიმე გამოვარჩიო, არამედ, გამოვიყენებ მათ ურთიერთშენაცვლებით.

კომუნიზმი არ გულისხმობს უსაქმურობას. ის გულისხმობს სამუშაოს ქონისა და არჩევის შესაძლებლობას საჭიროებებისა და სურვილების მიხედვით. როგორც მარქსი ამბობს: „შრომა წარმოადგენს... პროცესს ადამიანსა და ბუნებას შორის, პროცესს, რომლის მეშვეობით ადამიანი... განაშუალებს, აწესრიგებს და მართავს იმ პროცესთა ერთობლიობას, რომლებიც მასსა და ბუნებას შორის მიმდინარეობს.“ 

საბოლოო ჯამში, ჩვენ ვმუშაობთ თავისუფალი შრომისთვის. თავისუფლება, ამ შემთხვევაში, ნიშნავს - შეგვეძლოს თავად ავირჩიოთ, თუ როგორ გამოიყენებოდეს ჩვენი შრომა და ვინ მიიღოს ამისგან მოგება. სწორედ ამას ეწოდება კომუნიზმი.

რაც უფრო მეტს ვმუშაობთ, მით უფრო ვცვლით გარემოს, მიზანს, მოქმედებას ან საგნებს. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მეტს ვშრომობთ, მით უფრო იზრდება ცვლილების შესაძლებლობა.

კაპიტალიზმი დაეპატრონა ადამიანის სიცოცხლისუნარიანობის გამოხატვის ამ უმაღლეს ფორმას, შრომას,  და დაუქვემდებარა ის კერძო ინტერესს. ჩვენ  აღარ გვეკუთვნის ჩვენი სამუშაო არამხოლოდ სამუშაო ადგილზე, სადაც წართმეული გვაქვს ჩვენი შექმნილი პროდუქტი, სადაც ჩვენ არ განვაგებთ სამუშაო პროცესს, არამედ მის გარეთაც.

შრომის ოთხი კატეგორია და შესაბამისი დროები

აზრის უკეთ გადმოსაცემად, მე გამოვყოფ ერთმანეთისგან ოთხ სხვადასხვა დროს და დავყოფ  მათ შრომის ოთხ კატეგორიად. პირველია შრომის კატეგორია, რომელსაც ფლობს და მართავს კაპიტალისტი. ეს კატეგორია ძირითადად მოიაზრებს საშინაო შრომას - თუ ადამიანი დიასახლისია - ან სამუშაო ადგილს. ეს სამუშაო ჩვენ არამხოლოდ წაგვერთვა, არამედ ის ჩვენს წინააღმდეგაც გამოიყენება. რაც უფრო მეტს ვმუშაობთ, მით უფრო ძლიერდება კაპიტალიზმი, შესაბამისად, კაპიტალიზმი მზარდად ძლიერდება მაშინ, როდესაც ჩვენ მისი ზრდის პროპორციულად, უფრო და  უფრო ვსუსტდებით. ამავე კატეგორიაში შედის ის დროც, რომელიც სამსახურში წასასვლელად მომზადებაში, სამუშაო ადგილამდე მგზავრობასა და სხვა მოქმედებებში იხარჯება.

მეორე კატეგორია მოიცავს მინიმალურ, ნეიტრალურ სამუშაოს: განტვირთვას მეგობრებთან ერთად, ფილმების ყურებას, „ფეისბუქის“ თვალიერებას და სხვა პასიურ ქმედებებს. ეს ქმედებები, შეგვიძლია პირველ კატეგორიასაც მივაკუთვნოთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათ სამუშაოს შემდეგ ძალ-ღონის აღსადგენად ვახორციელებთ, რათა მომდევნო დღეს შეგვეძლოს სამსახურში დაბრუნება კაპიტალისტის სასარგებლოდ, ან დიასახლისის შემთხვევაში, შემდეგი დღის სახლის საქმეებისთვის მომზადება. თუმცა, ბუნდოვანების თავიდან ასაცილებლად, სჯობს ეს კატეგორია პირველისაგან გამოვყოთ. პასიურ ქმედებებში დახარჯული დროის შედეგი, გარკვეულწილად, ირიბად უწყობს ხელს კაპიტალიზმს, თანაც, შენი შრომა ამ შემთხვევაში, უკვალოდ ქრება: ამ დროში შესრულებული მინიმალური სამუშაო არსად არ გასაქონლდება - ვერ გამოხატავს თავს ვერცერთ კონკრეტულ საგანში ან ურთიერთობაში  და ასე შემდეგ. ვინმემ შეიძლება იკითხოს - კი მაგრამ, ხომ შეიძლება, მეგობრებთან ერთად განტვირთვისას საინტერესო საუბრები მოვისმინო, სადაც რამეს ვისწავლი, ან ხომ შეიძლება, გასართობმა ფილმმა ცოდნის გაღრმავებაში შემიწყოს ხელი?“ რა თქმა უნდა, ეს შესაძლოა მოხდეს, და მსგავს შემთხვევებს ქვემოთ განვიხილავ.

მესამე კატეგორია უმეტესწილად ქალებს უკავშირდება. ის მოიცავს სამუშაოს, რომელსაც ჩვენ ადამიანური ურთიერთობების შენარჩუნებისთვის ვეწევით. მას შემდეგ, რაც ზრუნვა და ემოციური შრომა ძირითადად ქალებისგან მოგვეწოდება, მესამე კატეგორიის დამატება წინა ორი ტიპის შრომასა და დროზე, განსაკუთრებით სწორედ მათ აწვებათ მძიმე ტვირთად. ეს სამუშაო მოიცავს ზრუნვას ქმრებზე, ძმებზე, მამებზე, დედებზე, დებზე, მეგობრებზე, ამხანაგებზე და ასე შემდეგ... ვგულისხმობ ისეთი ელემენტარულ ქმედებებს, როგორიცაა ავადმყოფი მეგობრის მოკითხვა, მოწყენილი ბავშვის გამხიარულება, საყვარელი ადამიანის სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება და ა.შ.

დროის მეოთხე კატეგორია მოიცავს იმ სამუშაოს, რომელსაც მე რევოლუციურს ვუწოდებ. ეს სამუშაო განსხვავდება დანარჩენი სამისგან, რადგან ის მოითხოვს შრომას - ადამიანის თვითგამოხატვის უმაღლეს ფორმას - ამ შემთხვევაში, ჩვენს ყველაზე ღრმა პოლიტიკას - რომელიც განსხეულდება სხვადასხვა საგნებში, რომ არ დაიკარგოს, რათა შევძლოთ მისი დაგროვება ჩვენ სასარგებლოდ; კომუნისტური საზოგადოების შექმნის სასარგებლოდ; კაპიტალიზმთან ბრძოლის სასარგებლოდ. ეს კატეგორია პირდაპირ უპირისპირდება პირველ კატეგორიას. ის ეწინააღმდეგება ჩვენი შესრულებული სამუშაოს ჩვენგან მოპარვის გზით, მის ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენს დასამორჩილებლად გამოყენების მთლიან სტრუქტურას.

ეს სამუშაო განსხვავდება წინა სამისაგან არამხოლოდ მისი განსაკუთრებული შინაარსით, არამედ იმითაც, რომ, მისი შესრულება არ არის განსაზღვრული უფროსის მიერ და შესაბამისად, არც ქუჩაში უსახლკაროდ დარჩენის შიშითაა განპირობებული, როგორც ეს პირველ კატეგორიაშია. ის არც იმდენად მარტივი და სახალისოა, როგორც მეორე კატეგორია. ის წარმოადგენს ცნობიერ ქმედებას, რომელსაც ჩვენ გემო უნდა გავუგოთ
და განვავითაროთ, დავხვეწოთ, გამოვაწრთოთ.

დღევანდელ დღეს, უამრავი ადამიანი იყენებს მეოთხე კატეგორიისთვის საჭირო მიდგომას პირველი კატეგორიის სამუშაოსთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი იძულებულნი არიან შეასრულონ პირველი კატეგორიის სამუშაო, მათ გამოუმუშავდებათ ისეთი ტიპის დამოკიდებულება სამუშაოსადმი, რომელიც ახასიათებს რევოლუციური სამუშაოს კატეგორიას. ხშირად, სწორედ ესაა მიზეზი რევოლუციური მუშაობის ჩამორჩენისა. ის განიხილება, როგორც უსიამოვნო და არასათანადოდ მნიშვნელოვანი შესაბამისად, ამ კატეგორიაში ჩადებული ძალები მკვეთრად ჩამოუვარდება სხვა კატეგორიებში დახარჯულ ენერგიას. საპროტესტო აქციებზე სიარულს - ჩვენ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაზე მუშაობას ვამჯობინებთ, რადგან ამ უკანასკნელის შედეგები ბევრად მარტივად შეიმჩნევა. დიდი ალბათობით, მნიშვნელოვანი ტექსტის წაკითხვას, ჩვენ მეგობრებთან განტვირთვას ვამჯობინებთ. როდესაც ვამბობ „ნაკლებ მუშაობას“, ვგულისხმობ ნაკლებ ენერგიას, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლები მუშაობა ნაკლებ ხარისხსა და ინტენსივობას უდრის.

ჩვენი რევოლუციური მუშაობის საცავს რომ ჩავხედოთ, ვნახავთ, რომ თითქმის არაფერი დაგვიგროვებია. ხოლო თუ დავაკვირდებით კაპიტალისტის საცავს, დავინახავთ, რომ ის სავსეა შრომით. თუ  ჩვენ შევხედავთ კაპიტალიზმს, დავინახავთ თუ  როგორ ძლიერად გვიმუშავია მისთვის, ხოლო, თუ ჩვენს რევოლუციურ მიზნებს შევხედავთ, დავინახავთ თუ რამდენად ცოტა გვაქვს ნამუშევარი. 
      
ცხადია, სამუშაოს ბალანსის სფეროში თანასწორნი ვერასდროს ვიქნებით, რადგან კაპიტალიზმში ვცხოვრობთ და ეს სისტემა გაცილებით მოქნილად იპარავს ჩვენი სამუშაოს თითოეულ სანტიმეტრს. ჩვენ არ გაგვაჩნია ის ბაზისური მექანიზმებიც კი, რაც რევოლუციონერების სამუშაოს გამოავლენდა. ჩვენ მხოლოდ ერთმანეთის იძულება შეგვიძლია და ზოგიერთი ჩვენგანი  გაცილებით მეტს მუშაობს სხვისი უსაქმურობის ასანაზღაურებლად, იმისთვის, რომ ეს პოლიტიკა გაგრძელდეს.

დიახ, ჩვენ მხოლოდ მაშინ ვართ ნამდვილად თავისუფლები, როდესაც ჩვენი სამუშაო ემსახურება არა კაპიტალიზმს, არამედ პირიქით, მისი დანგრევის იარაღია. 


მუშაობაზე გადასვლა  

გარშემო ბევრი ადამიანია, რომელიც მემარცხენე იდეებს ატარებს, თუმცა ვერ ახერხებს მათ მატერიალიზებას - განამდვილებას - სამუშაოს შესრულების საშუალებით. ძირითადად, ეს ადამიანები ყველაზე იმედგაცრუებულები არიან, რადგან პოლიტიკას აღიქვამენ, როგორც არგუმენტაციის ხელოვნებას და არა თავისუფლად მუშაობას. ისინი თვალს ადევნებენ კაპიტალისტთა მზარდ გაძლიერებას: მსოფლიო სავსეა იმ სამუშაოთი, რომელსაც კაპიტალისები ფლობენ და მათი ძალაუფლება უფრო და უფრო მეტად იზრდება, მაგრამ ისინი ვერ ხედავენ, რომ ფუნდამენტური გამოსავალი სწორედ იმ სამუშაოშია, რომელსაც კაპიტალი იპარავს ჩვენგან - რაც გვჭირდება ჩვენი სამუშაოს საწარმოებლად კაპიტალისტებისგან შორს, რომ დავუმალოთ მათ ჩვენი შრომა, რათა მოვახერხოთ ბრძოლისთვის ჩვენი იარაღის დაგროვება.

იყო რევოლუციონერი - ნიშნავს იმის გაცნობიერებას, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ჩვენთვის; ჩვენი ქმედებები უნდა განსხეულდეს, გამოიღოს საგნობრივი შედეგი. ჩვენი კონკრეტული შრომის მიზანი რევოლუციაა.


შენიშვნები ინტენსივობაზე  

გაბატონება ყველა სიტუაციაზე კლასობრივი ბრძოლის გასაფათოვებლად, კომუნიზმის დასამყარებლად.

ზოგიერთი თვლის, რომ მისი ენერგია იმდენად იხარჯება პირველი და მესამე კატეგორიის სამუშაოში, რომ რევოლუციური მუშაობისთვის დრო აღარ რჩება. ვფიქრობ, ეს არ არის უმრავლესობის პრობლემა. ჩემი აზრით, საქართველოში არსებული კონტექსტი უფრო მეტ ახალგაზრდას და ზრდასრულ მამაკაცს აძლევს ამ კატეგორიაში მუშაობის საშუალებას. პრობლემა სამუშაოს არასწორად აღქმაში, ან შესაძლოა, ჩვენს ფარისევლობაში უფრო მდგომარეობდეს.

დანარჩენ სამ კატეგორიაშიც არსებობს თავისუფლების მსუბუქი ფორმები და ისინი, შესაძლოა, ასევე საჭიროებდნენ მეტ ენერგიას. ადამიანს შეუძლია - იმდენად მაინც, რამდენადაც მას არ დასჯიან - ნაკლები ენერგიის დახარჯვა სამუშაო ადგილზე ან დიასახლისად ყოფნისას. მას შეუძლია მეოთხე კატეგოიაში მუშაობისთვის გამოიყენოს ის დრო, რომელსაც არ აკონტროლებს კაპიტალისტი სამუშაო ადგილზე მისი თანამშრომლების მომხრობაში კაპიტალიზმის წინააღმდეგ, ან დახარჯოს ეს დრო თანამშრომლებისათვის მათი შრომითი მდგომარეობის გაცნობიერების ხელშეწყობაში.

მეორე კატეგორიაში, მეგობრებთან ერთად განტვირთვა, შეგვიძლია გამოვიყენოთ პოლიტიკური საუბრებისთვის, ან ფილმის უსიტყვოდ ნახვის მაგივრად, ვიმსჯელოთ მის სოციალურ კონტექსტზე. ეს მხოლოდ მარტივი მაგალითებია.

მესამე კატეგორიაში, ემოციური სამუშაოსა და ზრუნვის გამოყენებით გამომუშავებული ნდობის შედეფად შეგვიძლია ადამიანების პოლიტიზირება ურთიერთობებშივე. ნაძეჟდა კრუპსკაია ამბობდა : „ნუ მიატოვებთ ოჯახს იმისთვის რომ გახდეთ  რევოლუციონერი, არამედ აქციეთ მთელი ოჯახი რევოლუციონერებად. არასდროს გაუშვათ ხელიდან შანსი თქვენი ახლობლების პოლიტიზირებისა.“

მეოთხე კატეგორია არ გულისხმობს მხოლოდ იმ დროს, რომელსაც თქვენ რევოლუციურ საქმიანობაზე ცალკე ხარჯავთ, რომელიც მოწყვეტილია დანარჩენი ყოველდღიური  ცხოვრებისგან. პირიქით, ის თქვენი ცხოვრების სწორედ რომ დიდ ნაწილს წარმოადგენს.
ასეთი შრომა იძულებით სამუშაოს გათავისუფლების პოტენციალის მქონე სამუშაოდ გარდაქმნის. ის „შემოაპარებს“ გათავისუფლების საშუალებას.

რა თქმა უნდა, მე არ ვგულისხმობ იმას, რომ პირველ სამ კატეგორიაში მუშაობის მიღმა, მუშაობა არ მოგვეთხოვება. კითხვის, ფიქრის, მსჯელობის, წერის, შეხვედრის, დაგეგმვის, ფლაერების დარიგების, ჩაწერის, ბანერების კეთების, ლექციების კითხვის, მუშებთან ურთიერთობის და სხვა ტიპის რევოლუციური სამუშაო აუცილებლად უნდა შესრულდეს. ეს სამუშაო განსაკუთრებული ინტენსიობით უნდა სრულდებოდეს, რათა დავაგროვოთ კოლექტიური შრომა კაპიტალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მხოლოდ ამ სამუშაოს შესრულებისას ვიქნებით თავისუფლები.  

ეს გამოჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვიმუშავებთ.

სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანი არ ასრულებს რევოლუციურ სამუშაოს, თუ ის მათი „გართობის“ ან ანაზღაურებადი შრომის ნაწილი არ არის. სულ უფრო და უფრო მეტად ჩანს, რომ ანაზღაურების შემოთავაზების შემთხვევაში, სამუშაო უფრო მეტად სრულდება. ასევე, თუ გართობის პერსპექტივა ჩანს, ადამიანები უფრო მეტად მოდიან.
თუ ჩვენ გვსურს შევწყვიტოთ მუშაობა კაპიტალისტებისთვის, ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა ჩვენთვის.


ს.ჯაფარიძე

0 comments:

Post a Comment

 

Blogger news

About

Copyright © თვითორგანიზების ქსელი