Sunday, January 3, 2016

ილია ურუშაძის წერილი ბათუმის ბულვარის ახალი კონცეფციის შესახებ

ნებისმიერი მოძრობა, რომელიც დაცლილია სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკური ხედვისგან, ვერანაირ რეალურ  ცვლილებას ვერ  ცვლილებას.
რამდენიმე დღეა ბათუმის ბულვარის მომავალის შესახებ მსჯელობამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაწილი ფიქრობს, რომ უნდა შენარჩუნდეს ბულვარის ის კონცეფცია, რომელიც 130 წელია ყალიბდება და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსამდეა ასული. ამის საწინააღმდეგოდ, არსებობს ახალი პროექტი, რომელიც სასეირნო ბილიკის ნაცვლად,  ხელოვნური ჩანჩქერის მოწყობას და ახალი შენობების აგებას ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა ის, თუ რომელი ხედვაა მართებული, არამედ რა შედეგები გამოიღო ყოველივე ამან, და რა გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე. კერძოდ, ვგულისხმობ მოძრაობას ,,დაიცავი ბულვარი“ და მის ირგვლივ გაერთიანებულ ადამიანებს.
მოძრაობის ჩამოყალიბება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ბულვარის განვითარების კონცეფციას უკავშირდება, რომელსაც არასამთავრობო სექტორი და საზოგადოების ნაწილი არ ეთანხმება. შეიძლება იფიქროთ, რომ მოძრაობისთვის სტატუსის მინიჭება ჯერ ადრეა, თუმცა, მათი პრაქტიკა (რამდენიმე საპროტესტო აქცია) და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული დისკუსია ამის თქმის საშუალებას გვაძლევს. არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე რამდენიმე დასკვნის გამოტანა შემიძლია, რაც დაგვეხმარება მოძრაობის იდეოლოგიური პერსპექტივის და არსის გარკვევაში.
საქართველოში მკვეთრად მწვანე პოლიტიკის შემოსვლა  რამდენიმე მოძრაობას უკავშირდება. ესენია : „მწვანე მუშტი“, „პარტიზანი მებაღეები“, „ახალგაზრდა მწვანეები“ და სხვ. ცხადია, თავისი წინამორბედებიდან გამომდინარე ბათუმის მოძრაობაც ეკლექტურია. კერძოდ, მასში გაერთიანებულ ადამიანებს სხვადასხვა შეხედულებები და მიზნები აქვთ. თუმცა თუ შევეცდებით მათი  ხედვის ვერბალიზებას, შემდეგ მოცემულობას მივიღებთ: ურბანული თემის წინა პლანზე წამოწევა; ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების კრიტიკა მორალიზებული დისკურსიდან; მწვანე პოლიტიკის გაგება, როგორც ცივილიზებული საზოგადოების განუყოფელი ატრიბუტის (,,ვესტერნულ“ მოდელად ქცევა) და სხვა.
სამწუხაროდ, ეს მოძრაობაც წინამორბედების მსგავსად ვერ ცდება სამოქალაქო ცნობიერებას. მეტიც, ერიდებიან საკუთარ პოზიციას პოლიტიკური ხასიათი მიანიჭონ და პრობლემა  გლობალურ დონეზე აღიქვან. მათი  პოლიტიკური პრაქსისი, ძირითადად მორალური აღმატებულებით და ბიზნესის მტრის ხატად წარმოდგენით საზრდოობს. რაც შეეხება მოძრაობის წევრებს, არ არის გამორიცხული, რომ მათი უმრავლესობა  გულწრფელად და პატიოსნად ზრუნავს  გარემოს დაცვაზე. თუმცა, ნაწილი პარტიული ინტერესებით მოქმედებს, ან ხარკს უხდის ფსევდოინტელექტუალურ მოდას.
ასეთი მოძრაობების გაჩენიდან, შემდეგი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. საქართველოში გაფართოვდა ის ფენა, რომელსაც აღარ აკმაყოფილებს ლიბერალური მოცემულობა, სადაც წინა პლანზე კერძო ინტერესებია წამოწეული და საზოგადოებრივი სფეროს გადადება, ან მიჩქმალვა
ხდება. მიუხედავად პროტესტული ნოტისა, რაც ფაქტია რომ არსებობს, მსგავს მოძრაობებს მიაჩნიათ, რომ რეალური ცვლილება შესაძლებელია ძალაუფლებასთან დაპირისპირების და მისი ბაზისის შეცვლის გარეშე. კერძოდ, ისინი რეფლექსირებენ მოვლენებზე მხოლოდ სამოქალაქო პლატფორმიდან და „მწვანე სათვალეებიდან“. ასევე დეფექტურია კრიტიკის წარმართვა მორალური და ასოციალური ველიდან. მაგალითად, როცა ჩვენ გვჯერა ცვლილების სისტემის გარეთ ყოფნისას და ურბანულ პოლიტიკას განვიხილავთ სოციალური პრობლემებისაგან დამოუკიდებლად (უკეთეს შემთხვევაში მოწყვეტილად ვრთავთ მას).
რთულია ვისაუბროთ რამდენად შესაძლებელია მწვანე პოლიტიკის და სოციალური პრობლემატიკის შეთანხმება. თუმცა, საჭიროა მშრალი პრაქტიკის ნაცვლად დავიწყოთ ჩვენი ქმედების კრიტიკა და „ერთი ლუკმა’’ არგუმენტიც დავდოთ კრიზისის გადალახვის მეთოდების შესახებ. აგრეთვე, წინა პლანზე წამოვწიოთ სოციალური თემატიკა და  ბულვარის კონცეფციის შეცვლაც მისგან წარმოებულად ვაღიაროთ. ვინაიდან, თუ ვაპირებთ პრობლემის წამოწევას, მისი პოლიტ-ეკონომიური საფუძვლების დანახვის გარეშე ეს შეუძლებელია.

ილია ურუშაძე
03.01.2016












0 comments:

Post a Comment

 

Blogger news

About

Copyright © თვითორგანიზების ქსელი