Thursday, December 17, 2015

"თავისუფალი არჩევანი" კაპიტალიზმისა და პატრიარქატის დომინაციის პირობებში

რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ვიდეო ინტერვიუ ჯანეტ ქერდიყოშვილთან, მის საქართველო 2011-თან, რომელიც წელს საქართველოს "მის სამყარო 2015"-ის კონკურსზე წარადგენს. მის კონსერვატიულ განცხადებებს ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი იმ ნაწილს, როდესაც ჯანეტი ქალისა და კაცის მიერ ღალატს განსხვავებული დანაშაულის კატეგორიებად განიხილავს და ქალის, როგორც დედის მიერ პარტნიორის ღალატს ამორალურს უწოდებს, მამაკაცისთვის კი მისი აზრით ეს გართობის ერთ-ერთი სახეა.

საინტერესოა, თუ როგორ მიემართა ამ განცხადებებს სოციალურ ქსელებში აქტიური საზოგადოება. ერთი ნაწილისათვის ეს მოსაზრება მისაღები აღმოჩნდა და ჯანეტ ქერდიყოშვილს უწოდეს "ის შემთხვევა, როცა სილამაზესთან ერთად ღმერთი ჭკუასაც აძლევს ადამიანს", მეორე ნაწილმა კი მკაცრად გააკრიტიკა ჯანეტი მისი რეტროგრადული აზროვნების გამო და ამისთვის მკაცრი ლიბერალური რიტორიკა გამოიყენა - მისი იდენტიფიკაცია, მოხდა როგორც ცრუ დიქოტომიით დამკვიდრებული "კონსერვატიული საზოგადოების", "ბნელი" წარმომადგენლისა, რომლის მიმართაც ლიბერალი აქტივისტების უმრავლესობამ გამოიყენა ისეთი ტიპის სექსისტური სტერეოტიპებით ნასაზრდოები კრიტიკა, როგორიცაა "ლამაზი, მაგრამ სულელი" და ასე შემდეგ.

საზოგადოების იმ ნაწილმა, რომლებსაც დღეს საქართველოში ფემინისტებს უწოდებენ, თითქმის სრულად გაიზიარა ქალთა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ბაია პატარაიას განცხადება იმის შესახებ, რომ ,,ჯანეტს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც მას სურს: იყოს სამი შვილის დედა, იმუშავოს ცოტა, ან საერთოდ არ იმუშავოს, იქორწინოს ქართველი გვარის მქონე კაცზე და არ დაუშალოს მას ქორწინების გარეთ სექსი. თუ ჯანეტს არ უნდა ოჯახში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა და გენდერული თანასწორობა, ეს მისი პირადი ცხოვრების არჩევანია.’’

სამწუხარო ისაა, რომ ქალის არჩევანი, ისტორიულად არასდროს ყოფილა თავისუფალი, შესაბამისად, არ არის თავისუფალი დღესაც. საერთოდ, "არჩევანის თავისუფლების" შესახებ არსებული მითი ისეთ საზგადოებრივ მოწყობაში, სადაც შენს სოციალურ ცხოვრებას მთლიანად განსაზღვრავს გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტის მიერ დადგენილი დღის წესრიგი და დომინანტური წარმოების წესი, ისეთივე არაავთენტურია, როგორც ფინანსური კრიზისის დროს ადამიანებისთვის იმის დაჯერება, რომ ბანკიდან კრედიტის აღება მათი პირადი არჩევანია და არა სტრუქტურული აუცილებლობა.

სწორედ იმ დღიდან, როცა ქალის სხეული ხდება სასაქონლე ობიექტი, იგი მოკლებულია შესაძლებლობას, ჰქონდეს ნება, მართოს საკუთარი სხეული. მისი ფემინურობა მისგან დამოუკიდებლადაა განსაზღვრული. ლიბერალური ფემინიზმი, რომელსაც სჯერა, რომ პატრიარქალურ კაპიტალიზმში არჩევნის თავისუფლება შეიძლება არსებობდეს, თავგზას უბნევს ქალებს და მათი გადაბირებით არათუ კვებავს კაპიტალიზმს, მოგებასაც აწარმოებს მისთვის.

სექსუალური თავისუფლება და ღალატის "დაშვებულობა" კაცებისთვის სიამოვნების მიღების პრაქტიკებია, ქალების სექსუალური თავისუფლება კი, მისი ვულგარული გაგებით, როგორიცაა „მოვითხოვოთ ღალატის უფლება’’,  ამ კონტექსტში ჩაგვრის ახალ პერსპექტივებს ქმნის. სწორედ იმიტომ, რომ ლიბერალური თავისუფლება ქალებს არ ათავისუფლებს, არამედ "თავისუფალი ცხოვრების წესით მცხოვრები" ქალი, ხშირად უფრო მეტად ხდება ოპრესიის, პირდაპირი ძალადობისა და ჩაგვრის ობიექტი, რადგან ავტონომიურად ის ვერ გათავისუფლდება, თუ მისი პარტნიორი მჩაგვრელად რჩება. ჩაგრული კლასისთვის საკუთარ არჩევანზე უფლებების მინიჭება ხელსაყრელია სწორედ დომინანტური კლასისთვის - სწორედ ამაში მდგომარეობს კაპიტალისტური დემოკრატიის კრიზისი და ცრუ ცნობიერებით ნასაზრდოები "მოქალაქის" ხატი, რომელიც იბრძვის მისი არჩევანის თავისუფლებისათვის, რომელიც წინასწარგანსაზღვრულია. ზუსტად იგივე ლოგიკა მოქმედებს პატრიარქალურ პრაქტიკაშიც - ქალებისთვის საკუთარ სხეულზე უფლებების მინიჭება, მაშინ როცა მათი არჩევანი წინასწარგანსაზღვრულია, მხოლოდ მამაკაცისთვისაა ხელსაყრელი, რადგან ის მაინც ინარჩუნებს ქალზე ბატონობას. ასე იხვეწება და ვითარდება ჩაგვრის ფორმები და საბოლოოდ მიდის იმ ცნობიერ მდგომარეობამდე, სადაც დამორჩილებას თავისუფლების საბურველი აქვს.

დედობის არჩევანი ქალებს ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ წაერთვათ, მაშინ, როდესაც მათ სექსუალობაზე კონტროლი დაიწყო დომინანტურმა წარმოების წესმა, წარმოების ზრდის საჭიროების გამო. ჯერ კიდევ გვიანდელი შუა საუკუნეებიდან, ქალებს წაერთვათ თავიანთი რეპროდუქციის კონტროლი, ისინი აუცილებლად უნდა გამხდარიყვნენ დედები, რათა აღეზარდათ და დაესპეციალიზირებინათ მუშახელი. კაპიტალიზმში მუშახელად ყოფნა გარდაუვალია. მიუხედავად კულტურული დოგმებისა, არსებულმა ეკონომიკურმა ფორმაციამ მაინც აითვისა ქალი, როგორც სამუშაო ძალა და ასევე აითვისა მისი ემოციური რესურსები, ქალები აქცია სექს-მუშაკებად როგორც სახლში, ასევე ბაზარზე. ქალისთვის გარდაუვალია შეასრულოს ის სპეციფიური სამუშაო ოჯახში, რომელიც წმინდად კაპიტალის ზრდისთვისაა შექმნილი, რომელმაც ქალის შრომა დაცალა სამუშაოს შესრულების სოციალური ხასიათისგან და მას მიაკერა თავისთავადი ვალდებულების იარლიყი. ქალები არ არიან პოლიტიკური სუბიექტები იმდენად, რამდენადაც ისტორიულად ისინი ჩამოშორებულნი იყვნენ საჯარო სივრცეს, რომელიც აითვისა კაცმა. ჩვენ ეს გათიშულობა კი არ უნდა მივიღოთ, როგორც არჩევანი, არამედ უნდა დავინახოთ მისი მატერიალური საფუძვლები, - თუ ვინ იღებდა და იღებს მოგებას ქალის ინერტული, პასიური როლის შენარჩუნებისაგან. ჩვენ არ უნდა ვაკრიტიკოთ ასეთი ქალი, არამედ მის პოლიტიკაში ჩართვაზე უნდა ვიზრუნოთ. 

რაც შეეხება სილამაზის კონკურსებს, მოდის ინდუსტრიას და ქალის სხეულის მთლიანად გასაქონლებას, ისინი აფუძნებენ ქალისთვის მოუხელთებელ და მიუღწეველ ვიზუალურ სტანდარტებს და უქმნიან ილუზიას, რომ მხოლოდ ამ სტანდრტების დაცვით გახდებიან სასურველნი იმ თვალისთვის, რომელშიც კაცის მზერა და ბაზრის მოთხოვნები ერთმანეთს უტოლდება. ეს მიუღწეველი სტანდარტები იწვევს მუდმივი უკმარისობის განცდას საკუთარი არასრულყოფილების მუდმივი აღმოჩნების ნიადაგზე და სხვადასხვა ტიპის ფსიქიურ აშლილობებს: ანორექსიას, ბულიმიას, დეპრესიას, საკუთარი სხეულის პათოლოგიურ აღქმას და ა.შ.

ამგვარ ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაში, ნიშანდობლივია, რომ ზოგიერთი დაბალი კლასის ოჯახი, მიუხედავად  კონსერვატორული შეხედულებებისა, ცდილობს ქალიშვილში ჩადოს ინვესტიცია, მისგან მიიღოს მოგება ან თავიდან მოიშოროს იგი იმგვარად, რომ იგი (ქალი) აქციოს სოციალურად მისაღებად, კონკურენტუნარიანად სექსის ბაზარზე, არაპირდაპირი გაგებით - სარფიანად გაათხოვოს, დააქორწინოს , ან ისე გაზარდოს, რომ გოგონამ აიწყოს კარიერა როგორც მოდელმა, როგორც მხოლოდ სილამაზის ობიექტმა და მისი წარმატების ერთადერთი კრიტერიუმი, იყოს მისი გარეგნობა.

კრიტიკის  მთელი ის ქარცეცხლი, რომელიც თავს დაატყდა ჯანეტს, ემსახურება მარტივ მიზანს: გამოყოს ერთმანეთისაგან პროგრესული და რეტროგრადი ქალები. ნაცვლად სოლიდარობის პრინციპის ამაღლებისა, ნაცვლად ქალების პოლიტიკაში (არა  ვიწროდ პარლამენტში, არამედ პოლიტიკაში ფართო გაგებით) ჩართვის სურვილისა, საზოგადოების "ბნელი" ნაწილისგან გამიჯვნის ხარჯზე არსებობს სწორედ მათი აქტივიზმი. ლიბერალური აქტივიზმი ვერ იქნება სიცოცხლისუნარიანი, თუ ის მტრის ხატით არ იქნა მანიპულირებული, თუ ის არ დაუპირისპირდა ხალხს - რადგან რატომღაც, რეალურ ძალაუფლებას არასდროს უპირისპირდებიან "თავისუფალი არჩევანის" მქონე მოქალაქეები. ჯანეტის პოზიციის ინდივიდუალურ პასუხიმგებლობამდე დაყვანა ეწინააღმდეგება  მეორე ტალღის ფემინისტების მთავარ მონაპოვარს, რომ „პირადი პოლიტიკურია’’. ჯანეტი, ამ შემთხვევაში, თავისი კერძო აზრის გამხმოვანებელი კი არა, პატრიარქალური ლოგიკის რუპორია, რაც გამორიცხავს მისი დასჯის ან მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ლოგიკურობას.

,,რა ლამაზი მეჩვენებოდა ეს გოგო აქამდე და ახლა, ამის წაკითხვა-მოსმენის მერე საერთოდ აღარ აღვიქვამ ლამაზად. წარმოვიდგინე, რომ კაცი ვარ და სახლში ეს გოგო მხვდება ყოველდღე, ასეთი შტერი... აუცილებლად ვუღალატებდი.’’ -  ჟღერდება ამგვარი პოზიციებიც იმ ქალების მხრიდან, რომლებიც თავს ქალთა უფლებების დამცველებად მიიჩნევენ, მონაწილეობენ აქციებში, აქტიურობენ სოციალურ ქსელებში ამ მხრივ. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ქალთა მოძრაობის შიგნითაც კი ინტერნალიზებულ მიზოგინია და ჩაგრული ქალების მიმართ სოლიდარობის დეფიციტია.

ჯანეტ ქერდიყოშვილი არის ჩაგრული, როგორც პატრიარქალური აზროვნების გამტარი და ორმაგად ჩაგრული ლიბერალური ჯგუფების მიერ მარგინალიზებით. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ის მიეკუთვნებოდეს მაღალ კლასს, საერთოდ არ გააჩნდეს სოლიდარობა სხვა ქალების მიმართ, თავად იყოს მჩაგვრელი. ის ჩაგრულია იმ შემთხვევაშიც კი, თუ კონსერვატორული აზროვნების დემონსტრირება მის მიერ რეპრეზენტაციის ერთ-ერთი ფორმაა და არ ემთხვევა მის ნამდვილ პოზიციებს. ჩვენ არ ვემიჯნებით ასეთ ადამიანებს და მიგვაჩნია, რომ საჭიროა დავიწყოთ საფუძვლიანი ანალიზი და კრიტიკა არა პიროვნებების, არამედ მათი მჩაგვრელი მექანიზმებისა, იქნება ეს ოჯახი, სილამაზის კონკურსები, ქალის სხეულის განივთების სხვა სტუქტურები, დედობის კონსტრუქტი და აშ.

ქალთა კომიტეტი
17.12.2015

0 comments:

Post a Comment

 

Blogger news

About

Copyright © თვითორგანიზების ქსელი