Thursday, September 17, 2015

სოლიდარობა ქურთ ხალხსა და თურქულ ოპოზიციას !

თურქეთის „ხალხთა დემოკრატიული პარტია“ (HDP) განცხადებას აქვეყნებს, სადაც საერთაშორისო ძალებს დაუყოვნებლივ, გადაუდებელი მოქმედებისკენ მოუწოდებს. ქვეყანაში მიმდინარე პროცესები პირდაპირ  სამოქალაქო ომის წინაპირობად შეგვიძლია მივიჩნიოთ. თურქეთის მთავრობის ძალადობრივი პოლიტიკა განსაკუთრებით 7 ივნისის არჩევნების შემდეგ  გამწვავდა.  სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი PKK-სა (ქურთისტანის მშრომელთა პარტიის) და თურქეთის სახელმწიფოს შორის ამჟამად დასრულებულია, თუმცა ომი ისევ გრძელდება.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, თურქულ ქალაქებში მძიმე შეტაკებები ხორციელდება : მოსახლეობას მიზანმიმართულად უტევენ სახელმწიფო ძალები. 24 ივლისიდან AKP (თურქეთის მმართველი პარტია; საპარლამენტო უმრავლესობა) არ ესხმოდა თავს ISIS-ს (ისლამურ სახელმწიფოს) როგორც მათ სურდათ ეს წარმოეჩინათ, არამედ ის ესხმოდა ქანდილის მთებს - ქურთისტანის რეგიონალურ მთავრობას, სწორედ მათ, ვინც სინამდვილეში ებრძვის ისლამურ სახელმწიფოს. ისინი უტევდნენ და უტევენ ქურთ მოქალაქეებს, ქალებსა და ბავშვებს, დემოკრატიულ ძალებსა და მთლიანად, თურქეთის ოპოზიციურ ძალებს.

თურქეთის სახელმწიფო და AKP მიმართავს ყველა სახის რეპრესიულ ზომას, მაგალითად იმ ქალაქებში მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვას, რომელის წინააღმდეგაც ისინი სამხედრო ოპერაციებს ატარებენ (სამხრეთ ქურთისტანიდან სოლიდარობის ნიშნად საზღვარზე გადასულ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს); ასევე, ყოველგვარი საკომუნიკაციო საშუალების გაწყვეტას მათ შორის: სატელეფონო და ინტერნეტის ხაზების, პრესის და დამკვირვებლების ბლოკირებას ნაციონალური და საერთაშორისო ყურადღების თავიდან არიდებს მიზნით. ქალაქ ჯიზრეში, სადაც გასულ კვირას 21 მშვიდობიანი მოქალაქე იქნა მოკლული, კომენდანტის საათი გამოცხადდა. ჯიზრე ალყაში იყო მოქცეული, ქალაქში შეიქმნა სერიოზული  დეფიციტი საკვების, წყლის, საბაზისო სამედიცინო მომსახურეობის თუ დაჭრილების პრევენციული მკურნალობის. ასევე, გართულდა უშიშროების ძალების მიერ მოკლული მოქალაქეების დაკრძალვის საკითხები.

სწორედ ასეთ სიტუაციაში გახდა HDP კვლავ ერდოღანის მიერ მართული მედიის მიზნობრივი შეტევის მსხვერპლი - AKP ოფიციალური განცხადებებით მოუწოდებს HDP ის წინააღმდეგ ომის წამოწყებისაკენ. სწორედ ერდოღანის  ძალადობრივი პოლიტიკის შედეგად დაესხნენ თავს სხვადასხვა ქალაქებში, HDP-ს ათეულობით ოფისს, ფაშისტური და რასისტული ჯგუფები. 8 სექტემბერს მათ ცეცხლი გაუხსნეს სათაო ოფისს ანკარაში. მთელი ქვეყნის მასშტაბით, თავდასხმა სულ 128 შტაბზე მოხდა. უფრო მეტიც, უსაფრთხოების სამსახურებმა და პოლიციამ არაფერი გააკეთა ამ თავდასხმების პრევენციისთვის.

ისინი წვავენ ქურთი ხალხის კუთვნილ მაღაზიებსა და კაფეებს. ყველას, ვისაც ქურთული დროშა აქვს გამოკიდებული, ლინჩის წესით ასამართლებენ. ქურთი მოქალაქეები აცხადებენ რომ ეს არ არის ომი - შეუიარაღებელი ბავშვების ხოცვა უკვე ქურთი ხალხის გენოციდია.

თავის განცხადებაში, HDP შემდეგ მიმართვას ავრცელებს: „მიუხედავად ბოლოდროინდელი ნეგატიური მოვლენებისა, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ინსტიტუტს,  სამოქალაქო საზოგადოებას და საერთაშორისო მედიას მხარდაჭერისა და სოლიდარობისკენ, რათა დაუყონებლივ მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა და დაიწყოს მშვიდობიანი მოლაპარაკებები. ჩვენი მთავარი მოწოდება გადაუდებელი ქმედებისკენ მოწოდებაა თქვენი მხრიდან, თურქეთის სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ძალადობის შეჩერებისათვის, ადამიანზე ძალადობისა და მისი უფლებების ხელყოფის შეჩერებისათვის და ანტიდემოკრატიული პრაქტიკის შეწყვეტისაკენ არა მხოლოდ ქურთულ ქალაქებში, არამედ მთელ დასავლეთ რეგიონში. ჩვენ სწორედ ახლა საერთაშორისო  მხარდაჭერა, ისე, როგორც არასდროს, იმისთვის, რომ მივაღწიოთ ხანგრძლივ და სტაბილურ მშვიდობიან მდგომარეობას მივაღწიოთ ახლო აღმოსავლეთში, თურქეთში და ქურთისტანში. ამ მოთხოვნით, ჩვენ ვიწვევთ ყველა ჩვენს მეგობარს, პოლიტიკურ პარტიებს, ასოციაციებს, ქსელებს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და ყველა მშვიდობისმოყვარე ძალას, იმისთვის, რომ გამოგვიცხადონ  სოლიდარობა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა დემოკრატიულ საერთაშორისო ინსტიტუტს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები თურქეთის სახელმწიფოს ძალადობრივი პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელსაც ის საკუთარ ხალხზე, საკუთარ მოქალაქეებზე ახორციელებს.

„თვითორგანიზების ქსელი“ სოლიდარობას უცხადებს ქურთ ხალხს და გმობს თურქეთის მთავრობის იმპერიალისტურ პოლიტიკას.

ნინკა ხაინდრავა

0 comments:

Post a Comment

 

Blogger news

About

Copyright © თვითორგანიზების ქსელი