Wednesday, July 15, 2015

ზოგადი უნარების „ლოგიკის“ წინააღმდეგ, ლოგიკის დასაცავად



გიორგი ხარიბეგაშვილის წერილი

„ფილოსოფიურ აზროვნებასაც ძალზე ხშირად განიხილავენ როგორც მხოლოდ შიშველ ფორმალურ მოქმედებას, განსაკუთრებით კი ლოგიკას, რომელსაც საყოველთაო აღიარებით საქმე აქვს აზრებთან, როგორც ასეთთან და მისი უშინაარსობა გადაწყვეტილ საქმედ ითვლება“     
                                                                           
 ჰეგელი
 ლოგიკის მეცნიერება,  1812 წ.

“დავალებებში ზოგჯერ შეგხვდებათ ისეთი მონაცემები, რომლებიც არ შეესატყვისება სინამდვილეს, არაა ჭეშმარიტი. მაგ.: `მხოლოდ ჟირაფებს აქვთ ფრთები~, ან `ყველა სევდიანი ადამიანი იცინის~. მაგრამ თქვენი ამოცანაა, იპოვოთ ის ერთადერთი პასუხი, რომელიც ლოგიკურად გამომდინარეობს წანამძღვრებიდან, და არა ის, რომელიც რეალობას მეტად შეესატყვისება. ამიტომ დავალების შესრულებისას ნუ დაეყრდნობით საკუთარ გამოცდილებასა თუ ცოდნას, რომელიც დავალების პირობაში მოცემულ სიტუაციას უკავშირდება; ლოგიკური მსჯელობა ააგეთ მხოლოდ დავალების მონაცემებზე (წანამძღვრებზე) დაყრდნობით და შემდეგ აირჩიეთ პასუხი.”

                                                                                  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი,
როგორ მოვემზადოთ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 
ზოგადი უნარები  2015    წ.                                                      


გთავაზობთ ჩაატაროთ კვლევა, რომელიც კორელაციურ კავშირს დაადგენს ზოგადი უნარების „ლოგიკაში“ აღებულ მაღალ ქულებსა(დამოუკიდებელი ცვლადი) და სტუდენტის ფილოსოფიური მსჯელობის უნარს(დამოკიდებული ცვლადი) შორის. თუ მოახერხებთ და ამ ცვლადებს სხვა დამატებით ფაქტორებს ჩამოაცილებთ, დიდი ეჭვი მაქვს, რომ მათ შორის რაიმე კავშირი დაინახოთ. ვინაიდან და რადგანაც, ეს ეჭვი მხოლოდ ჩემს შეზღუდულ გამოცდილებას ეყრდნობა, ცხადია თავს უფლებას არ მივცემ მთელ პოპულაციაზე განვაზოგადო, თუმცა  იმის დამტკიცებას კი შევეცდები რომ „ლოგიკასა“ და ლოგიკურობას შორის კავშირი ლოგიკურადვე შუძლებელია. 

ზოგადად, ტესტებით ცოდნისა და უნარების შემოწმების მეთოდოლოგიურ სანდოობასა და შეზღუდულობაზე ადრეც დაწერილა და ამიტომ აღარაფერს ვიტყვი. არც იმის მტკიცებას მოვყვები, რომ არანაირი გარანტია გვაქვს იმისა, რომ „მაღალ ქულიანი“ სტუდენტი შემეცნებისადმი წყურვილსა და სწავლისადმი ენთუზიაზმს გამოავლენს. ის ფაქტი, რომ თავსატეხებისა და რებუსების ამოხსნაში ბადალი არა გყავთ, ანდა იმდენად SMART ხართ, რომ Prince of Persia-s ყველა level-ი დახურეთ, სულაც არ მეტყველებს იმაზე, რომ ლექციებზე ივლით, მასალებს დაამუშავებთ და მეცნიერული შრომის კულტურას განივითარებთ.

არ ვამბობ, რომ ლოგიკაში გამოცდა არ უნდა იყოს. უბრალოდ 1. ზოგადი უნარების „ლოგიკისათვის“ ლოგიკის დარქმევას ვაპროტესტებ. 2. „ლოგიკის“  საფუძველმდებარე ძალაუფლების, მასში იმპლიციტურად ნაგულისხმები ინდოქტრინაციის კრიტიკას ვცდილობ.

ლოგიკა ყოველთვის როდი არსებობდა... მითოსურ მსოფლმხეველობას ლოგიკურს ვერ ვუწოდებთ, რადგან მისი მატარებელი ადამიანი უმალ წარმოდგენათა ოკეანეშია ჩაკარგული. ის ჯერ კიდევ ერთმანეთისაგან ვერ მიჯნავს საგანს ამ საგანზე არსებულ წარმოდგენისაგან და ვერც აზრისა და წარმოდგენის ურრთიერთგანსხვავება მოუხდენია. ლოგიკის აღმოჩენას, წინ მწარმობლური შრომის საფუძველზე, შემმეცნებლისაგან დამოუკიდებლად არსებული ბუნების აღმოჩენა უძღვოდა. მას შემდეგ, რაც ადამიანმა მკაფიო საზღვარი გაავლო მასსა და მის გარემომცველ სამყაროს შორის, წარმოდგენების ბუნდოვანება გაიფანტა. აქედან მოყოლებული, ყოფიერების გარემდგომი ინდივიდი აღარ განიცდის სამყაროსთან ორგანულ ერთიანობას და გრძნობს, რომ მისი შემეცნება იმ პოზიციითა შეზღუდული, რომელიც მას hic et nunc უკავია. ის თუ ყოფიერების რა ნაწილია მისთვის სახეზემყოფი, თუ რა რაკურსიდან ხედავს მას, მის ტოპოსზეა დამოკიდებული. მაგრამ ანტიკური ეპოქის ადამიანი ფენომენების სამყაროს შემცნებით არ კმაყოფილდება და ცდილობს იმგვარ ტოპოსს მიაგნოს, საიდანაც  ყოფიერება მთელი თავისი სისავსით დაინახება. ძველი ბერძენი მოაზროვნისათვის ამ ტოპოსს ლოგოსი ქმნის. მხოლოდ ლოგოსში მდგარ ადამიანს შეუძლია თქვას რომ „არსი და აზრი მასზე ერთი და იგივეა“. ლოგიკა, ამ სიტყვის ფილოსოფიური გაგებით ყოფიერების უშინაგნეს სტრუქტურის თვითამეტყველებაა. ლოგიკის კანონების ობიექტურობა და აუცილებლობა კი ყოფიერების ჩვენი ნება-სურვილისაგან დამოუკიდებლად არსებობით აიხსნება.

ამდენად, ლოგიკურ მსჯელობას საქმე საგანთა არსების ამსახველ აზრებთან, ანუ ცნებებთან აქვს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაიმეზე მსჯელობას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ ის ამ მსჯელობის შედეგად ცნებას განსაზღვრავს. ცნების განსაზღვრება კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენს წარმოდგენებს ჩამოვაცილოთ, ყოველგვარი არაარსებითი ნიშნები, პარტიკულარობები და მჭვრეტელობითი ფორმები. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლოგიკური აზროვნება არსებულებში ყველაზე არსებითის, შინაარსის ძიებაა.

ყოველივე ზემოთთქმულისაგან განსხვავებით, ზოგადი უნარების “ლოგიკა“ ფორმისა და შინაარსის ურთიერთმოწყვეტილობის დაშვებას ეყრდნობა. ფორმისა და შინაარსის დიალექტიკა წარმოადგენს იმ მაკავშირებელ რგოლს, რომელშიც ნათლად ვლინდება ნებისმიერი ლოგიკური კავშირის დიალექტიკურობა. ზოგადი უნარების „ლოგიკას“ ვერც ფორმალურ ლოგიკას ვუწოდებთ, ვინაიდან ეს უკანასკნელი დიალექტიკურ აზროვნებას კი არ უპირისპირდება, არამედ მისი რედუქციული ფორმა და კერძო შემთხვევაა, აქედან გამომდინარე, წარმოუდგენელია მისი გაგება შინაარსით ავსებული ცნებების გარეშე. ფორმალური ლოგიკის ყოფიერებისაგან მოწყვეტამ სქოლასტიკის კრიზისამდე მიგვიყვანა, რის გამოც  ვულგარული სქოლასტიკა უძლური აღმოჩნდა წინააღმდეგობა გაეწია კრიტიკული აზროვნებისათვის. „აზრები უშინაარსოდ ცარიელია, მჭვრეტელობანი უცნებოდ ბრმაა“ - შენიშნავს კანტი და ნართაულად ვაი-ლოგიკური აზროვნების უნაყოფობასა და სიბეცეზე მიგვანიშნებს.

როგორც ვნახეთ, ლოგიკას, იმისდა  მიუხედავად, ფორმალური იქნება თუ დიალექტიკური, აუცილებლობით საქმე აქვს ცნებებთან. ზოგადი უნარების „ლოგიკა“ კი წარმოდგენებითა და იმგვარი ფიგურებით ოპერირებს, რომლებიც განურჩეველნი არიან შინაარსების მიმართ. ცხადია, გვეტყვიან, რომ ტესტების შემდგენლებს პრეტენზია არც ჰქონიათ იმაზე, რომ მსჯელობაში ცნებები შეეტანათ და მათ მხოლოდ ის აინტერესებთ თუ აბიტურიენტი როგორ ფლობს ლოგიკური მსჯელობის წმინდა ფორმების გამოყენების უნარს. საქმე რომ მხოლოდ აზრობრივ თამაშებსა და „ტვინხვრეტვორდებს“  ეხებოდეს, ცხადია ჩვენი სტატიის დაწერასაც აზრი დაეკარგებოდა; მაგრამ გამოცდაზე აბიტურიენტი „სუდოკუს“ შევსებით როდი ერთობა, აქ მისი შემდგომი განათლების საკითხი წყდება, „სწორი პასუხების“ რაოდენობა ხომ მის „კონკურენტუნარიანობას“ ამოწმებს. ამდენად, შეიძლება „ლოგიკის“ მამებს არ ჰქონდეთ პრეტენზია ფილოსოფიურ ლოგიკურობაზე, თუმცა საგანგაშო სწორედ ისაა, რომ  მათ მიერ „ჭეშმარიტად“ ჩათვლილმა და წინასწარ დადგენილ პასუხებთან შესაბამისობამ ადამიანის განათლების შემდგომი ბედი უნდა განსაზღვროს.

ლოგიკის სახელით, „ლოგიკის“ თავსმოხვევა „არახალია, ძველია.“  როგორც კი ბერძენმა მოაზროვნეებმა „მარად ცვალებადობის“ საფუძვლად მდებარე ლოგოსი უარყვეს, მაშინვე  აბსოლიტურ რელატივიზმში გადაეშვნენ და სოფისტებად მოგვევლინენ. მართალია, მაშინ Power point-ი არ არსებობდა, მაგრამ “შთამბეჭდავ პრეზენტაციებს“ მაინც აწყობდნენ, „დებატების კლუბს“ მართავდნენ, ყველაზე არაარსებითს ეჭიდებოდნენ მასზე ხაზგასმით ცდილობდნენ აუდიტორიის დარწმუნებას. თანამედროვე ტერმინი რომ ვიხმაროთ, სოფისტები ძალზედ skillfull-ები იყვნენ... სანამ სოკრატე დაუსვამდა კითხვას შინაარსზე.

ჰეგელი, თავის „ლოგიკის მეცნიერებაში“ აკრიტიკებდა რა, ლოგიკის გაგების იმგვარი ფორმალისტურ ტენდენციებს, რომლებიც უმალ მსჯელობისა და დასკვნის გამოტანის ვირტუოზულობით ინტერესდებოდნენ, ვიდრე რაიმე ჭეშმარიტების დადგენით, წერდა: „ცნების ლოგიკური ფორმები, მართლაც რომ წარმოდგენებისა და აზრების მკვდარი, არაქმედითი და გულგრილი შემცველები იყოს, მაშინ მათი ცოდნა ჭეშმარიტებითვის სრულიად ზედმეტი ისტორია იქნებოდა.“ ჰეგელს აქ იმის თქმა უნდოდა, რომ შინაარსისაგან დაცლილ და ყოფიერებისაგან მოწყვეტილ აბსტრაქციებს არამც თუ რამენაირი მიმართება არა აქვთ ჭეშმარიტებასთან, არამედ სრულიად უსარგებლონიც არიან ჭეშმარიტების შემეცნების გზაზე.  გავბედავ და ვიტყვი, რომ შინაარსისაგან დაცლილი უნარების ტესტის სავარაუდო პასუხებიდან არც ერთი პასუხია ლოგიკურად ჭეშმარიტი! ჰეგელის სიტყვებით რომ ვთქვათ „ნამდვილში ჭეშმარიტია მხოლოდ ის, რაც ჭეშმარიტია ამ ფორმების ძალით, მათი საშუალებით და მათში.“ შეუძლებელია  ტესტის რომელიმე პასუხი  ჭეშმარიტი იყოს, თუკი მისი განჯის ფორმები ყოფიერების სტრუქტურას არ წარმოადგენენ, თუკი ეს ფორმები ძალმოსილნი არ არიან სინამდვილე მოიხელთონ და მკაფიო განსაზღვრებები ჩამოაყალიბონ. 

ფორმალური ლოგიკა განსჯის ფორმებს იკვლევს და არა აზრ-წარმოდგენების ფორმებს. ეს უკანასკნელი პრინციპში მოუხელთებელნი არიან გონებისათვის და შესაბამისად არალოგიკურნიც. ზოგადი უნარების აზრ-წარმოდგენები(„ნინი ჟირაფია“) სადღაც მითოსურ მსოფლმხედველობასა(წარმოდგენებით ოპერირების დომინანტურობა) და სოფისტური, ფუჭი ბრძნობისაკენ გვაბრუნებს. ეს კი იმას გვაჩვევს, რომ ჩვენმა გონებამ მიწას მოგვწყვიტოს და  სრულიად განყენებულ „ზეციურ“ საგნებზე „გვა-ფალოს-ოფოსოს.“ განა რაიმე სტრუქტურული განსხვავებაა შიზოიდურ „ბჭობასა“ და რეალობას მოწყვეტილ „ლოგიკას“ შორის? რა იქნებოდა დედამიწას რომ კონუსის ფორმა ჰქონოდა? ქერუბიმებს ექვსი ფრთა აქვთ თუ რვა? საჯარო სივრცეში, ამგვარი შეკითხვების დასმის გამო, ნუ გაგიკვირდებათ, თუ არაადეკვატურად მიგიჩნევენ და ფსიქიატრიულში მოგათავსებენ. ჩვენ უფრო ის გვაკვირვებს, თუ რა მანქანებით შეძლო არარაციონალურმა დისკურსმა საგანამანათლებლო სივრცეში ისე ღრმად შეღწევა, რომ ჩვენი გონიერებისათვის ლაკმუსის ქაღალდად იქცა?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ცხადია, სერიოზულ კვლევებს საჭიროებს. აქ კი იმას დავჯერდებით, რომ წინა პლანზე ამგვარი ცოდნებისა და ძალაუფლების ურთიერთმიმართბის საკითხი წამოვწიოთ. ამ ეტაპზე ჩვენ ის კი არ გვაინტერესებს, თუ „რა არის (ლოგიკური) ჭეშმარიტება“, არამედ პრობლემას ნიცშეანურად ვუდგებით; ვინ არის ის ვინც ჰბედავს და კითხულობს „რა არის ჭეშმარიტება?“ ანდა, ვინ არის ის სუბიექტი ვინც „ნინი ჟირაფია“-ს ლოგიკურ ჭეშმარიტებად აცხადებს?  ვინც არ უნდა იყოს, ერთი რამ ცხადია, ის არ ეყრდნობა ჭეშმარიტების შემოწმების ობიექტურ კრიტერიუმებსა და რაციონალურ არგუმენტაციას. მისი ჭეშმარიტების აუცილებელ და საკმარის პირობას „ძალა აღმართსა ჰხნავს“ წარმოადგენს. სწორედ ძალაუფლება ადგენს თუ რა არის „სწორი“, „ნორმალური“ და „ჭეშმარიტი.“ 

რამოდენიმე წლის წინ ფისიქიკური შეზღუდულობის მქონე ერთი პირის ფრიად მახვილგონივრულ მიგნებას მოვკარი ყური: „ჩვენ კი არა ვართ გიჟები, უბრალოდ, თქვენ ხართ .... ბევრნი“.  სწორედ ძალაუფლება წყვეტს, რომ „ბოდვითი იდეებით“ შეპყრობილ ადამიანს ფსიქიატრიულში მიუჩინოს ადგილი, „ნინი ჟირაფიას“ გამომგონებელს კი - განათლების სამინისტროში.  „ეშმაკსაც წაუღია ნინიცა და ჟირაფიც, -გვიპასუხებენ „ლოგიკისა“ და „დემოკარტიის“ მამები - მთავარი ხომ ისაა, რომ რეფორმები გავატარეთ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციები გავითვალისწინეთ და ჩვენი კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიყვანეთ დასავლეთში აპრობირებულ მოდელთან, რომ განათლების სისტემაში გამეფებული კორუფცია მოვსპეთ და ინვესტიციების შემოდინებას გზა გავუხსენით“.  

აღარ მოვყვები იმის მტკიცებას, რომ „დასავლეთის“ ცნების ქვეშ სრულიად განსხვავებული პოლიტიკურ-კულტურული სტრუქურების მოქცევა შეუძლებელია, იმაზეც აღარაფერს ვამბობ, რომ გამოცდის ამგვარი ფორმები სულაც არაა საერთო ევროპული მოვლენა და ა.შ. თქვენი ყურადღება მინდა „მათი აზრების“ გადმოცემის ფორმას მივაპყრო. ცხადია, ეს სიტყვები არსაიდან გადმომიწერია, არც არავის ციტირებას ვახდენ, თუმცა კი შეგნებულად ბრჭყალებში ჩავსვი, ვინაიდან ეს მრავალგზის მოსმენილი სიტყვების კომბინაციაა, ნეო-ლიბერალური დისკურსია, პროექტების ენაა, რაც „ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.“ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, კონკრეტულად ვინ წარმოთქვა ეს სიტყვები, კახამ, ნინომ, მიშამ თუ ბიძინამ, სულ ერთია, ის მაინც არ ყოფილა ამ სიტყვების ავტორი. დისკურმა ინდივიდები საკუთარი გამოხატვის ფუნქციებად, გამოთქმის ინტრუმენტებად აქცია. ამიტომაცაა, რომ კაპიტალის ინტერესების გამტარი ჩინოვნიკები, სანამ პირს გააღებდნენ უკვე წინასწარ ვიცით რასაც იტყვიან. კულტურული კოდები, პოლიტკორექტულობა თუ „საღი აზრი“ ინდივიდს იმთავითვე რაფინირებულ აზრებს გამოათქმევინებს, უმალ დისკურსს ამეტყველებს ვიდრე პიროვნებას...

შეიძლება ფიქრობთ, რომ თემის ძირითად ხაზს გადავუხვიე, რომ „ლოგიკით“ დავიწყე და დისკურსით ვამთავრებ.  შესაძლოა. მაგრამ ეს არ ყოფილა შემთხვევითი, ისევე როგორც „ზოგადი უნარების“ ლოგიკანობაც სულაც არაა შემთხვევით შერჩეული. დავსძენ, რომ  შორს ვარ შეთქმულების თეორიებისაგან და არც ის  მჯერა, რომ „ბოროტი ბიძიები“ ქართველობის გადაშენებას ცდილობენ. საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი დისკურსისთვის არსებითი მახასიათებელია ტოტალური გახდეს. ის იჭრება არა მარტო პოლიტიკაში, არამედ სოციალური სინამდვილის ყველა სფეროში, იქნება ეს ზოგადი უნარების „ლოგიკა“ თუ  ბანკის რეკლამა, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით საკრედიტო მომსახურებას რომ გთავაზობთ. კაპიტალს სულაც არ სჭირდება სისხლისმხვრეპავი კაპიტალისტი, შოლტით ხელში რომ მუშების საცემად მიიჩქარის, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სუბიექტი თავად კაპიტალია და არა მისი მოურავ-მენეჯერები. შესაბამისად, აზრს მოკლებულია კრიტიკა კონკრეტული ინდივიდების წინააღმდეგ. უშედეგო იქნება ასევე, კრიტიკის დაყვანა ერთ კონკრეტულ, ვიწრო საკითხზე(თუნდაც ეს უნარების „ლოგიკის“ კრიტიკა იყოს) ისე, რომ ნაჩვენები არ იქნეს მისი განუყოფლობა  ტოტალურ ნეო-ლიბერალურ დისკურსთან, კაპიტალის ინტერესებს რომ ახმიანებს და საზოგადოებრივ შრომას რომ უპირისპირდება.

როგორც აღვნიშნე, ნებისმიერ დისკურსს ტოტალიზაციის ტენდენცია ახასიათებს. საჯარო სივრციდან განდევნილი მემარცხენე დისკურსსაც არ შეუძლია არ განევრცოს და რომ უნივერსალური არ გახდეს. აკი კაპიტალი „თავის მესაფლავეებს თავადვე აჩენს“. ნეო-ლიბერალური დისკურსის ტოტალურობა თავის თავში სხვა დისკურსების(მემარცხენე თუ კონსერვატორული) აღჩენისა და გატოტალურების ნიშნებს დაატარებს. „სქილებზე“ გათვლილი განათლება მხოლოდ არაკომპეტენტური კადრების კვლავწარმოებას ახდენს, რაც ბუმერანგის სახით კაპიტალსვე უბრუნდება და შედეგად „ელიტების კრზისს“ ვიღებთ. კაპიტალიზმის მესვეურთა იდეოლოგიურ-მორალური გაბანკროტება მასების ამბოხს მოასწავებს. რევოლუციებიც ასე იწყება.


0 comments:

Post a Comment

 

Blogger news

About

Copyright © თვითორგანიზების ქსელი