Saturday, June 27, 2015

რა შეიძლება ვისწავლოთ „ელექტრო-ერევნისგან“?

გიორგი კობახიძის პოსტი სომხური პროტესტების შესახებ.


სომხეთში განვითარებული საპროტესტო მოძრაობის მიმდინარეობიდან ქართულმა საზოგადოებამ რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ შეიძლება გაითვალისწინოს. პირველ რიგში, მომენტალური მობილიზაციის თითქმის უპრეცენდენტო ფაქტი, შემდეგ უკომპრომისო დამოკიდებულება მთავრობასთან და მრავალმხრივი მსოფლმხედველობის ადამიანთა ერთობლივი მონაწილეობა. ეს არის სოციალური და კლასობრივი საკითხის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანთა ერთობა. ჩვენ უნდა გავიცნოთ რეგიონში არსებული სხვადასხვა ჩაგვრით გამოწვეული პრობლემები და მეტად ვადევნოთ მათ თვალი. უნდა მოვახეროთ სომხური მაგალითის გაკვეთილად ქცევა, რადგან დიდი ხანია ვდგავართ ანალოგიური პრობლემის წინაშე და ადრე თუ გვიან, მობილიზაციის და მისი გრძელვადიან პერიოდში შენარჩუნების საჭიროება გარდაუვალი იქნება.

ერევანში მშვიდობიანი აქციის მონაწილეების სასტიკი დარბევიდან ოთხი დღე გავიდა. საჯარო სივრცეში უკვე გამოჩნდა რამდენიმე თვალსაზრისი, რომელიც სხვადასხვა ინიციატორს და იდეოლოგს „ამხელს.“ პასუხად, აქციას შეემატა ტრანსპარანტი წარწერით „ეს არ არის მაიდანი, ეს არის მარშალი ბაგრამიანი!“ (“ЭТО НЕ МАЙДАН ЭТО МАРШАЛ БАГРАМЯН!“) ხსენებული სტატიები განწირულია იყოს მხოლოდ თეორიული სპეკულაცია. ჩვენ მათ სამართლიან კრიტიკად ვერ ჩავთვლით: ისინი ვერ ჩაითვლება სამართლიანად რადგან ავტომატურად, წინასწარ განუსაზღვრავს აქციაზე შეკრებილ ადამიანებს იქ ყოფნის მიზეზსა და მიზანს. ახლადწამოჭრილი პრობლემის გარშემო დაწყებული ასეთი პროცესი ვულგარულად ეპყრობა უშუალოდ აქციის მონაწილეს და ართმევს მას სათქმელის დამოუკიდებლად გამოთქმის უფლებას. ეს მაშინ, როდესაც ამ სათქმელს დემონსტრანტი ჯერ კიდევ პოლიციელისგან იცავს. ამ მოვლენაზე რეფლექსია საკმაო სიფრთხილეს მოითხოვს, რადგან პროტესტი, ჯერ კიდევ, შოკურ ეტაპზეა და მისი იდეოლოგიური კალაპოტი არ არის გამოკვეთილი.

დღეისათვის ცნობილი, ერთადერთი სანდო ინფორმაცია გვამცნობს, რომ პროტესტი უშუალოდ ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილების წინააღმდეგ არის მიმართული. ამასთან ერთად, 23 ივნისის დარბევამ მოსახლეობის პროტესტი პოლიციის წინააღმდეგაც მიმართა. ჩვენ უნდა გავუძლოთ აქცენტის მთლიანად სახელმწიფო ძალადობაზე ან მითუმეტეს გეოლოპოლიტიკურ ფაქტორებზე გადატანის ცდუნებას და არ უნდა დავივიწყოთ მთავარი მოთხოვნები.

მიუხედავად ქვეყანაში არსებული ატომური სადგურისა, რომელიც შედარებით იაფ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, სომხეთში მოქმედი ტარიფი პოსტ-საბჭოთა ქვეყნების მასშტაბით ყველაზე მაღალია. 2013 წლის მონაცემებით, სომხეთის მოსახლეობის 63%, სიღარიბის გამო, თვიდან თვემდე ზღუდავს ოჯახში დენის მოხმარებას. (საქართველოში ეს მაჩვენებელი 47%-ია). 19 ივნისსს ინიცირებული კიდევ ერთი ზრდა, სხვა ფაქტორებთან ერთად, ემსახურება რუსული კაპიტალით კონტროლირებული კერძო კომპანიის - „სომხეთის ელექტრული ქსელების“ (ს.ე.ქ.) ვალების დაფარვას. კერძოდ, ისეთ აბსურდულ ხარჯებს, როგორებიც არის: ხელმძღვანელობის ძვირადღირებული მანქანების ქირა, ასევე იურიდიული მომსახურეობის და ელექტრო-ქსელების რეკლამა. შესაბამისად მოცემული ზრდა სხვა არაფერია, თუ არა სომხეთში თავისუფალი ბაზრის მიერ გამოწვეული მოსახლეობის მასობრივი გაღარიბების კიდევ ერთი მაგალითი.

აქედან გამომდინარე, ამ კონკრეტული აქციის წარმატებისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ს.ე.ქ.-ის და მსგავსი კომპანიების ნაციონალიზაციას. ნაციონალიზაცია ასევე მოითხოვა ამერიკაში მოღვაწე სომეხმა მუსიკოსმა და აქტივისტმა სერჟ ტანკიანმა. ეს პროცესი საკმაოდ რთული იქნება, განსაკუთრებით რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით. 2015 წლის დასაწყისიდან სომხეთი „ევრაზიული საბაჟო კავშირის,“ არსებითად, რუსული ორგანიზაციის წევრია. რუსეთი კი მისთვის დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შემსუბუქებას, დიდწილად სწორედ სომხეთის ღარიბი ფენის ხარჯზე ცდილობს. მიუხედავად ამისა, სომხეთი, ისევე როგორც რამდენიმე სხვა ქვეყანა ჩვენს რეგიონში, დიდი საჭიროების წინაშე დგას. დემონსტრანტებმა უნდა მოახერხონ საკუთარი თავის გლობალურ სურათში აღმოჩენა, სადაც ისინი კაპიტალიზმის მუდმივი კვლავწარმოების აუცილებელი მსხვერპლის როლში გამოდიან.

რაც შეეხება პოლიციის ძალადობრივ და ყოვლად უკანონო რეაგირებას, უნდა ითქვას, რომ ქვეყნის მთავრობამ, როგორც ლეგიტიმურ ძალადობაზე მონოპოლიის მფლობელმა, 23 ივნისს კიდევ ერთხელ გამოავლინა თვითორგანიზებული საზოგადოებრივი ძალის მიმართ ძლიერი შიში. მშვიდობიანი აქციის წყლის ჭავლით დარბევა, ცალსახად მიგვითითებს სახელმწიფოს და მისი აპარატების გამოუვალ მდგომარეობაზე. აქედან გამომდინარე გამართლებულია დემონსტრანტების მხრიდან მთავრობის შემოთავაზებულ მოლაპარაკებაზე თქმული უარი, როგორც მიზნის მიღწევისკენ გადადგმული დამოუკიდებელი და კატეგორიული ნაბიჯი.

დარბევამ დემონსტრანტებში, განახლებულ მუხტთან ერთად, საერთაშორისო გამოხმაურებაც გამოიწვია. კიევში, სტამბულსა და თბილისში მემარცხენე ჯგუფებმა სოლიდარობის აქცია გამართეს და ჩაგრულებს თანადგომა გამოუცხადეს. თბილისში სომხეთის საელჩოსთან ქართველები და სომხები ერთდ იდგნენ. ეს შემთხვევა საყურადღებოა, როგორც ორ ჩაგრულ საზოგადოებას შორის ხმამაღლა გამოცხადებული თანადგომა, რომელიც საკუთარ სოლიდარობას, ქვეყნის პოლიტიკური ელიტისგან დამოუკიდებლად და ნაციონალისტური რიტორიკის გარეშე გამოხატავს.

სომხეთის ღარიბი მოსახლეობისთვის მთავრობის გამოტანილი ასეთი განაჩენი არ არის პირველი. იმავე ახალგაზრდა აქტივისტებმა, რომლებმაც შეძლეს ახლახანს მომხდარი პროტესტის ორგანიზება, სულ ცოტა ხნის წინ, წარმატებით აღკვეთეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთის ფასის ზრდა, რომლის ინიციატორი სომხეთში 48 კერძო კომპანია იყო. მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, რომ ეს აქტივისტები მოქმედებენ დამოუკიდებლად, პარტიული მხარდაჭერის გარეშე. ამ ფაქტმა, შესაძლოა, გარკვეული ოპტიმიზმის მიზეზიც მოგვცეს და რეგიონალური თანამშრომლობის აუცილებლობაც დაასაბუთოს.

0 comments:

Post a Comment

 

Blogger news

About

Copyright © თვითორგანიზების ქსელი