Monday, June 1, 2015

2 ივნისი და ქართული სამოქალაქო აქტივიზმი

შოთო აზიკურის ბლოგი:

2 ივნისს უკვე მესამედ გაიმართება აქცია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით. საქართველოში ნარკოპოლიტიკა არაჰუმანური და რეპრესიულია, ამ აზრს ნარკოპოლიტიკის შერბილებასთან დაკავშრებით ევროპელი კოლეგების რეკომენდაციებში განსხეულებულს, როგორც ჩანს ეთანხმებიან პარლამენტარები და მთავრობის წარმომადგენლებიც. ის რომ ეს არასწორი მიდგომა მძიმედ აწვება ჩვენს საზოგადოებას, რომ ბევრი ადამიანი კვდება ამის გამო, მათ შორის ახალგაზრდა და რომ ამის გამოსწორება პოლიტიკური ნების საფუძველზე შესაძლებელია არის მოცემულობა, რომლის განხილვას და ანალიზს აქ არ დავიწყებ. ამაზე ჩემზე უკეთ ბევრი ისაუბრებს და უსაუბრიათ ორგანიზაციებს და ადამიანებს ვინც ამ მიმართლებით წლებია მუშაობენ, წერენ, იკვლევენ და პირადად, ყოველდღიურ ცხოვრებაში ეხებიან ამ რეალობას. სანაცვლოდ, მინდა ერთი ნაბიჯი უკან გადავდგათ და ვცადოთ კრიტიკული თვალით შევხედოთ იმას, თუ როგორ ხდება ამ და ამდგაგვარი პრობლემების პრობლემატიზება და მათი საჯარო სივრცეში გამოტანა. რა წინაპირობებია საჭირო ამისთვის? რა ინსტიტუციური, პოლიტიკური და სოციალური ნიადაგია საჭირო? ვინ არიან ამ პრობლემატიზების აგენტები/განმახორციელებლები? ხდება თუ არა პრობლემის საზოგადოების სხვადასხვა დონეზე ფიქსირება? რამდენად ხდება პრობლემა გარკვეულწილად პრივილეგირებული სოციალური ჯგუფებისათვის ძალაუფლებრივი ინსტრუმენტი?

ეს კითხვები ცდება ვიწროდ აღებულ 2 ივნისის და მარიხუანას დეკრიმინალიზაციის პრობლემატიკას, თუმცა ჩემი მიზანი არ არის ამ მოძრაობის ჭეშმარიტების ან მცადრობის დამკტიცება, ან მისთვის სწორი გზების და სტრატეგიების დასახვა, არამედ ჩემი მიზანია ამ კონკრეტული სოციალური აქტივობის კრიტიკული ანალიზით, შევძლოთ გავცეთ პასუხი კითხვას, რა სახის ფენომენია ქართული სამოქალაქო აქტივიზმი? რას გვეუბნება ის ჩვენი საზოგადოების შესახებ და რამდენად არის ის პროგრესული. მე არ მაქვს ილუზია, რომ ამ კითხვებზე ნათელი პასუხების გაცემას შევძლებ, მაგრამ ვთვლი რომ უკვე დროა ამ თემაზე მსჯელობის და ფიქრის, და თუ ეს ბლოგი სულ მცირედი ბიძგი მაინც იქნება, ამითაც კმაყოფილი დავრჩები.

ჩვენი თემატიკის კონტურები შესამჩნევი 2003 წლისთვის ხდება. ვარდების რევოლუციის შემდეგ, დგება ერთგვარი საგანგებო რეჟიმი და იწყება სახელმწიფოს შენება. ამ დროს იწყება იმ სივრცის გამოთავისუფლება, სადაც შემდგომში უნდა აღმოცენდეს ის რასაც დღეს ჩვენ ქართულ სამოქალაქო აქტივიზმს ვუწოდებთ. ეს გამოთავისუფლება შედეგია მთელი რიგი ექსკლუზიების, შემდეგ კი ახალი სტანდარტების, ახალი მიზნების და ახალი ნარატივების. ექსკლუზიებში ვგულისხმობ, სხვადასხვა სოციალური ჯგუფების სხვადასხვა დოზით საზოგადოებრივი ცხოვრებიდან ჩამოშორებას. იქნებოდა ეს კრიმინალური ჯგუფების პირდაპირ ციხეში ჩასმა (ნულოვანი ტოლერანტობა), თუ “ინტელიგენციის ჩარეცხვა”. ერთის მხრივ, საზოგადოების იქამდე ყველაზე აქტიური წევრები ჩამოშრდნენ ყოველგვარ საზოგადოებრივ პროცესს, მეორეს მხრივ არ იყვნენ ადამიანები ვინც შეავსებდა ამ ცარიელ ადგილს, რომელზეც ახალი სტანდარტები და მიზნები ბატონობდა: ევროპა, დასავლეთი, თავისუფელბა, თავისუფალი ბაზარი, ინდივიდუალიზმი, ინგლისური და კომპიუტერი, კარიერა და ა.შ. პერიოდულად, გარიყული უმრავლესობა პარლამენტის წინ ბრუნდებოდა თავისი ადგილის დასაბრუნებლად, მაგრამ სახელმწიფო პოლიციური ძალაუფლება საკმარისად ძლიერი იყო, რათა წესრიგს საფრთხე არ შექმნოდა. გარიყული უმრავლესობა ყოველი მარცხის შემდეგ, კიდევ უფრო კარგავდა თავის სასიცოცხლო ძალებს, კიდევ უფრო მძიმე ხდებოდა მათი სოციალური ყოფა, კიდევ უფრო მცირდებოდა მათი წვდომა საჯარო სივრცეზე და გავლენა სახელმწიფო ინსტიტუტებზე. ახლა ჩვენ ისინი უნდა მივატოვოთ და კიდევ ერთი ნაბიჯით გადავინაცვლოთ.

როდესაც ვსაუბრობთ სამოქალაქო აქტივიზმზე, ვსაუბრობთ სწორედ ამ სივრცეზე, რომელიც ცარიელი დარჩა ამ გარიყვების შედეგად, და რომელიც მზად იყო ახალი ადამიანებისთვის და ჯგუფებისთვის. მაგრამ საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ სირვცის შევსება აქტიურად დაიწყო 2012 წლის არჩევნების შემდეგ, იმ ძალის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, რომელმაც გამოათავისუფლა ეს სივრცე და შექმნა მისი იდეოლოგიური და ინსტიტუციონალური საფუძვლები. იმ კითხვაზე პასუხის გაცემა, თუ რატომ მოხდა სამოქალაქო აქტივიზმის დაბადება ნაციონალური მოძრაობის შეცვლის შემდეგ, ჩემი აზრით მნიშნელოვანია ამ ფენომენის გასააზრებლად. მოხდებოდა თუ არა იგივე, რომ არ შეცვლილიყო ხელისუფლება? თუ არა, მაშინ რა განსხვავებული კონფიგურაცია მივიღეთ არჩევნების შემდეგ, რამაც ბიძგი მისცა სამოქალაქო აქტივიზმის? ამაზე შეიძლება სხვადასხვა მოსაზრებები არსებობდეს და კარგი იქნება ამ ყველაფრის უკეთესად გამოკვლევა, მაგრამ თავს უფელბას მივცემ გამვთქვა ჩემი აზრი, რომელიც მხოლოდ ზოგად დაკვირვებებს ეყრდნობა და შესაბამისად მოითხოვს კრიტიკასაც.

არჩევნების შემდეგ ქართული ოცნების ხელისუფლების მოსვლის შედეგად, არ გაჩენილა პრინციპულად განსხვავებული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი რეალობა. იგივე ეკონომიკური პოლიტიკა, იგივე დასავლური კურსი, იგივე სოციალური რეალობა. მაგრამ ჩემი აზრით, არსებობს მნიშვნელოვანი ორი ცვლილება. ერთი, პოლიტიკურ სცენაზე გაქრა დაპირისპირება გარიყულ უმრავლესობასა და ხელისუფლებას შორის, დაპირისპირება, რომლის ჩახშობაც მუდამ უწევდა ხელისუფლებას პოლიციური ძალით, დაპირისპირება, რომელიც “სამოქალაქო საზოგადოებისთვის” გამოთავისუფლებულ ადგილს მუდმივად იკავებდა. და მეორე, გაჩნდა პოლიტიკური თავისუფლება, რომლის მსგავსი 2003-2012 წლებში არაფერი მოიძებნებოდა, მაგრამ ვის შეეძლო მისით სარგებლობა? გაღატაკებულ მასებს, რომლებიც წლობით ჩამოშორებული იყვნენ ყოველგვარ საზოგადოებრივ პროცესებს, არანაირი ინსტრუმენტი აღარ ქონდათ ამ პოლიტიკური თავისუფლების გამოყენების, მაგრამ უფრო მეტიც, ამ თავისუფელბამ მათ წინააღმდეგ იმუშავა. თუ ადრე მათ შეეძლოთ კონფრონტაციაში შესულიყვნენ ხელისუფელბასთან სწორედ პოლიტიკური თავისუფლების მოთხოვნისთვის, და დაეკავებინათ თავისუფალი სივრცე გამოყოფილი “სამოქალაქო საზოგადოებისთვის”, ახლა მათ ეს პოზიციაც დაკარგეს. და მხოლოდ ამ მომენტში მივიღეთ, რეალურად გამოთავისუფლებული სივრცე.

ახლა უნდა ვიკითხოთ, თუ როგორ შეივსო ეს სივრცე, ალბათ უფრო სწორი იქნება ვიკითხოთ თუ როგორ ივსება ეს სივრცე? რა ჯგუფები, ორგანიზაციები და ინსტიტუტები ახდენენ მის ფორმირებას? რა მიმართებებში არიან “სამოქალაქო საზოგადოება” და სახელმწიფო? რა როლი აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რა როლი აქვთ უცხოურ დონორ ორგანიზაციებს?  რა წესებს ექვემდებარებიან მისი აქტორები, რა ეკონომიკურ და სოციალურ საფეხურებზე იმყოფებიან და რა დამოკიდებულება აქვთ მათ საზოგადეობის გარიყულ უმრავლესობასთან? რა გადაკვეთები აქვს სამოქალაქო აქტივიზმს გაღატაკებულ მასებთან, ბიზნეს ინტერესებთან, პოლიტიკურ ინტერესებთან?

დავუბრუნდეთ იმას საიდანაც დავიწყეთ, 2 ივნისს და მარიხუანას დეკრიმინალიზაციას და შევეცადოთ ზემოთ განვითარებული კრიტიკული მსჯელობის ფონზე ამ მოძრაობის გააზრებას. რა ჯგუფები უდგანან ამ მოძრაობას სათავეში? საზოგადოების რომელი სოციალური ფენაა მასში ჩართული?  რატომ არის აქცენტი დასმული მსუბუქ ნარკოტიკზე, და არა მძიმე ნარკოტიკზე? ვის ესაუბრება  და ვისი სახელით საუბრობს ეს მოძრაობა? რატომ არ ჩანს სოციალური ფონი? რა მედია არხებით ხდება ძირითადად კომუნიკაცია, და რაზე მიანიშნებს ის რომ ყველა ადამიანი, ვინც 2 ივნისს აქციაზე მივა. ჯერ ამას სოციალურ ქსელში დააფიქსირებს?

არსებობდა უამრავი შემთხვევა როდესაც დოზის გადაჭარბების დროს არ იძახებდნენ სასწრაფოს, რასაც ხშირად ადამიანის სიცოცხლე ეწირებოდა. ინტერნეტთან კავშირის მქონე, ძირითადად ახალგაზრდები იყენებდნენ ბიო ნარკოტიკებს, რასაც ახალგაზრდების სიცოცხლე შეეწირა და ეწირება. გავრცელებულია კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკების ფართო მოხმარება, რაც ასევე სრულდება ხოლმე ფატალური  შედეგით. მარიხუანას და სხვა მსუბუქი ნარკოტიკების შემთხვევაში, დაკისრებული ჯარიმის ერთი შემთხვევაც კი შესაძლოა ადამიანისთვის სოციალური ფუნქციონირების შემაფერხებელი ფაქტორი გახდეს. თუკი იგი ყველაზე მკაცრ ზომას, ციხეს დაექვემდებარება, მაშინ კიდევ ერთით ნაკლებ ადამიანს ვიღებთ, რომელსაც შეუძლია ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილების მიღება და ამით კიდევ უფრო ვზრდით გარიყულთა რიცხვს.
ვინ არიან და სად არიან ეს ადამიანები? რამდენად მტკივნეულად განიცდის სოციალური სხეული ამ ავადმყოფობას, რამდენად ძვირად უჯდება სახელმწიფოს და საზოგადოებას ეს ავადმყოფობა. რატომ ხდება ნარკოპოლიტიკის შემსუბუქება სახელმწიფოსთვის აქტიური მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის დაჩქარებული მიღების კონტექსტში? რამდენად სვავს 2 ივნისის მოძრაობა ამ “ევროპული” აბსტრაქტული სტანდარტების მიღმა განსხვავებულ აქცენტებს და რამდენად ისმის ამ მოძრაობაში იმ მასების ხმა, რომელიც ყოველდღიურობაში არიან ამ რეპრესიული პოლიტიკის მსხვერპლნი?
სამწუხაროდ უფრო მეტი კითხვის შემოთავაზება შემიძლია ვიდრე პასუხის და ამ მოძრაობის მიმართაც უფრო პესიმისტურად ვარ განწყობილი ვიდრე ოპტიმისტურად, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გახდეს სტიმული არსებულ რეალობაზე რეფლექსიისა და კრიტიკული ანალიზიისა იმ ჰორიზონტის შესაქმნელად, რომელიც შესაძლებლობას მისცემს სხვადასხვა ჯგუფებს გაიხედონ თავიანთი სოციალური სტატუსის და მდგომარეობის მიერ შექმნილ ლიმიტებს მიღმა და ექსკლუზიების და გარიყვების უკანასკნელი ათწლეულის ისტორია ინკლუზიის და სოლიდარობის აქტივიზმით ჩაანაცვლონ.  

0 comments:

Post a Comment

 

Blogger news

About

Copyright © თვითორგანიზების ქსელი