Saturday, March 28, 2015

საუნივერსიტეტო პროტესტი მსოფლიოს გარშემო: ბრძოლა კომერციალიზაციის წინააღმდეგ

გასულ ხუთშაბათს, გლობალურ საუნივერსიტეტო პროტესტს ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტიც შეუერთდა - სტუდენტებმა უნივერსიტეტის შესასვლელის ოკუპაცია მოახდინეს, რათა გაეპროტესტებინათ მათი საკურსო პროგრამების შემცირების გადაწყვეტილება. ეს ფაქტი ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტს ერთ-ერთ ყველაზე ბოლო წერტილად აქცევს მსოფლიოს იმ ინსტიტუტებს შორის, რომლებსაც სტუდენტები, პროფესორები და უნივერსიტეტებში მომუშავე პერსონალი ოკუპაციებითა და გაფიცვებით აფხიზლებენ. ამ პროტესტებს სხვადასხვა მიზეზები აქვს: ნაწილი შეშფოთებულია კურსდამთავრებულთა პირისპირ მდგარი სამუშაო პირობებით, ნაწილი აქცენტს აკეთებს იმ პროცესების გაუმჭვირვალობის ტენდენციაზე, რომლითაც უნივერსიტეტი იმართება. საერთო საკვანძო საკითხი კი უმაღლესი განათლების კომერციალიზაციაა, რომელმაც უნივერსიტეტების მმართველები ფინანსური ინტერესების პრიორიტეტიზაციამდე მიიყვანა და ეს ინტერესი სტუდენტებისა და უნივერსიტეტში მომუშავე მთლიანი პერსონალის საჭიროებებზე მაღლა დააყენა. სტატიაში მოყვანილია ინტერვიუები, სადაც კანადის, ჰოლანდიისა და ბრიტანეთის უნივერსიტეტების სტუდენტები და პროფესორები განმარტავენ, თუ რატომ დგანან ისინი საკუთარი ინსტიტუტების წინააღმდეგ.

ტორონტოს უნივერსიტეტი, კანადა

ტორონტოს უნივერსიტეტის სტუდენტები უკვე 3 კვირაა, გაფიცულები არიან. ის კურსდამთავრებულები, რომლებიც პედაგოგთა ასისტენტებად მუშაობენ, წარმოადგენენ სასწავლო პროცესის განუყოფელ ნაწილს. მიუხედავად ამისა, მათი შემოსავალი კანადაში არსებულ მინიმალურ ფინანსურ პაკეტს, საარსებო მინიმუმს უტოლდება - რაც ბევრად ნაკლებია საცხოვრებლად აუცილებელი პირობებისათვის საჭირო თანხაზე.
"უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში, კურსდამთავრებულთა ბაზისური დაფინანსების პაკეტი ოდნავადაც არ გაზრდილა. მათ უწევთ იცხოვრონ შემოსავლით, რომელიც 8 000 კანადური დოლარით ნაკლებია სიღარიბის ზღვარზე. კურსდამთავრებული ასისტენტები სასწავლო პროცესის 60% -ში არიან ჩართულნი, მაგრამ მათთვის უნივერსიტეტის ბიუჯეტის მხოლოდ 3.5%-ია გამოყოფილი. იმის მაგივრად, რომ მენეჯმენტს სტუდენტთა ფინანსური პრობლემების მოგვარებაზე დაეწყო ზრუნვა, მათ გაზარდეს ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა (განსაკუთრებით უცხოელი სტუდენტების) უნივერსიტეტის მოგების გასაზრდელად. ადმინისტრაცია უარს აცხადებს მოლაპარაკებაზე. უკანასკნელმა შემოთავაზებამ, რაც აკადემიაში დროებით კონტრაქტებზე მუშაობის ნეგატიურ გავლენას ეხებოდა, შედეგი ვერ გამოიღო. შემდგომი საპროტესტო ტალღების თავიდან ასარიდებლად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მოუწევს იმ სერიოზულ სტრუქტურულ ნაკლოვანებებზე ყურადღების გამახვილება, რომლებმაც განათლებისა და მეცნიერული მუშაობის ხარისხის დაცემა გამოიწვია კანადისა და ჩრდილოეთ ამერიკის უნივერსიტეტებში."
ომარ სირი - ტორონტოს უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი
 ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლა, ბრიტანეთი
უნივერსიტეტის მთავარი ადმინისტრაციული დარბაზი ოკუპირებულია სტუდენტების მიერ 18 მარტიდან. ისინი ბრიტანეთში უმაღლესი განათლების პროფიტიზაციას (მოგებაზე ორიენტირებულობა) აპროტესტებენ. "ოკუპაცია რეაქციაა უნივერსიტეტის საბაზრო სტანდარტიზაციის წინააღმდეგ".
"LSE არის პირდაპირი განსხეულება ნეოლიბერალური უნივერსიტეტისა. ის კორპორატიული ინტერესების მიხედვითაა მოწყობილი და ორგანიზებული, რომელიც ნერგავს ელიტიზმს და კვლავაწარმოებს უთანასწორობას. "Occupy LSE" აყენებს საკითხს, რომ სტუდენტებმა, ლექტორებმა და მშრომელებმა უნდა განსაზღვრონ და აითვისონ უნივერსიტეტი. ამ პროექტს ჩვენ "ლონდონის უფასო უნივერსიტეტი" ვუწოდეთ. 
ჩვენ ოკუპირებული გვაქვს უნივერსიტეტის მთავარი სხდომათა დარბაზი, რომ სიმბოლურად დავანგრიოთ მენეჯმენტი, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენი განათლების ნეოლიბერალიზაციაზე. ჩვენ იმიტომ ვახდენთ ოკუპაციას, რომ აღვადგინოთ განათლება და გავამხნევოთ მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში იმით, რომ ვასწავლოთ ერთმანეთს და ვისწავლოთ ერთმანეთისგან. სწორედ ესაა განათლების კომერციალიზაციის უარყოფა - ჩვენ ვასწავლით და ვსწავლობთ უფასოდ. ოკუპაციის სივრცე და ვორქშოფები, რომლებიც იქ ტარდება, ფოკუსირებულია იმ მოთხოვნებზე, რომლებსაც ჩვენ ვაყენებთ - იმ მოძრაობის გარშემო, რომელიც უფასო განათლების, მშრომელთა უფლებების, უნივერსიტეტის დემოკრატიზაციის, გათავისუფლებისა და ეთიკის საკითხებითაა მოცული. ოკუპაციის ძალა იმაში მდგომარეობს, რომ ის დომინოს პრინციპით მოქმედებს და ეს მხოლოდ დასაწყისია."
ნატალი ფიენსი - MSc-ს პოლიტიკური სოციოლოგიის სტუდენტი; ელენ ლი - LSE-ს სოციალური ანთროპოლოგიის სტუდენტი
ორკის უნივერსიტეტი, კანადა
იორკის უნივერსიტეტში პროფესორებისა და მათი ასისტენტების 3 მარტს დაწყებული გაფიცვა გრძელდება. გაფიცვაში მონაწილე აკადემიური პერსონალი და სტუდენტები მოითხოვენ: უმცროსი მკვლევარებისა და კურსდამთავრებულთათვის მეტი დაფინანსების გამოყოფას და დასაქმების უკეთეს პირობებს LGBTQ მუშაკებისთვის. გარდა ამისა, მათი მოთხოვნაა "სწავლის საფასურის ინდექსაცია" - რაც ნიშნავს იმას, რომ სწავლის საფასურის ნებისმიერი ზრდა კურსდამთავრებულთა დაფინანსების ზრდას გამოიწვევს.
"ერთ დროს რადიკალურ ინსტიტუტად აღიარებული იორკი ახლა "დაყავი და იბატონეს" პრინციპზე დაფუძნებულ აგრესიულ, გაფიცვის ჩამშლელ ტაქტიკას მიმართავს. 9 მარტს უნივერსიტეტმა "უკანასკნელი შემოთავაზება" გააკეთა, რაც აშკარად ერთიანობის დარღვევისკენ იყო მიმართული. გაფიცვის მიუხედავად, იორკში განახლდა სასწავლო კურსები. სტუდენტებს უწევთ პიკეტის ვიწრო ხაზების გავლა, იმისთვის რომ მოხვდნენ აუდიტორიაში. წინააღმდეგობების მიუხედავად, სოლიდარობა ყველა მიმართულებით იზრდება. როგორც მომავალი დოქტორები, ჩვენ არამხოლოდ გადასახადის გადამხდელი სტუდენტები ვართ, არამედ მასწავლებლებიც - ერთი სიტყვით, ჩვენ ფულს ვიხდით "პრივილეგიაში", რაც ჩვენს დროებით სამუშაოზე დასაქმებულობით გამოიხატება."
ჯესიკა ლი - იორკის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტი; დარენ პატრიკი - იორკის უნივერსიტეტის გარემოს კვლევების დოქტორანტი


ამსტერდამის უნივერსიტეტი, ჰოლანდია
სტუდენტები იკავებენ Maagdenhuis-ს, უნივერსიტეტის მთავარ ადმინისტრაციულ შენობას უნივერსიტეტის და მთელი ინსტიტუციის დემოკრატიზაციის მოთხოვნით. პროტესტანტებს უნივერსიტეტში გადაწყვეტილების მიღების პროცესების გამჭვირვალობა და ამ პროცესებზე ანგარიშვალდებულების გაზრდა სურთ. ასევე მოითხოვენ რესტრუქტურირების პროგრამის შეწყვეტასა და გადახედვას, რომელიც შემცირებებსა და გასხვისებას ითვალისწინებს. 
"როგორ აპროტესტებთ ბიუროკრატიას? როგორ იბრძვით ისეთი ფინანსირებისა და მენეჯერიალიზმის წინააღმდეგ, რომელმაც შემოაღწია უნივერსიტეტში და გვაიძულებს პრიორიტეტებად დავსახოთ "ეფექტურობა", "ჰარმონიზაცია" და "მოგება" კრეატიულობის, განათლებისა და კრიტიკული აზროვნების სანაცვლოდ?
ამსტერდამში ჩვენ ქმედებები დავიწყეთ უნივერსიტეტის სიმბოლური შენობის დაკავებით, საჯარო აქციების ორგანიზებითა და ხალხის ქუჩაში გამოყვანით. ვწერდით სტატიებს, ვჩნდებოდით ტელევიზიასა და რადიოში, ვაქვეყნებდით ღია წერილებს. თუმცა წინააღმდეგობას ბევრი ფორმა გააჩნია. კრიტიკული ანალიზისა და ცვლილებებისკენ სწრაფვით ჩვენ უკან დავიბრუნეთ ჩვენი სამუშაო ადგილები. ჩვენ შევამჩნიეთ გარემო, რომელშიც ვმუშაობდით და ის კორპორაციის მსგავსია - სწორხაზოვნება, ერთნაირი სივრცეები, შეუღწევადი რეალობა, ურყევი ფოლადი - სადაც მხოლოდ ელემენტებია ალტერნატიული ხმების, საკამათო საკითხებისა და აზროვნების პროცესში ქმედების. 
ჩვენ შევუერთდით ჩვენს სტუდენტებს ყოველკვირეული ფორმატით, მენეჯერიალიზმის ეფექტებსა და ფინანსირების სისტემაზე დასაფიქრებლად. იმის გასააზრებლად, თუ როგორ შევქმნათ წინააღმდეგობის ყოველდღიური აქტები, როცა აღარ არსებობს სხვა
გზა.
დასკვნა შეგვიძლია ბერტოლდ ბრეხტის ცნობილი ფრაზით ავაგოთ - "წარმოიდგინეთ, რომ ომია და არავინ იბრძვის".(Stell dir vor, es ist Krieg, und keiner geht hin) ჩვენ წარმოგვიდგენია, თუ რა შედეგს მოიტანს ბიუროკრატია, თუკი არავინ დაემორჩილება მის წესებს, როცა ჩვენ უარს ვამბობთ იმ სისტემასთან თანამშრომლობაზე, რომელმაც დაატყვევა უნივესიტეტი. ამით ჩვენ ნაბიჯს ვდგამთ უნივერსიტეტის გამოსწორებისა და მისი ხელახლა შექმნისაკენ. უმრავლესობისთვის არც ისე ნათელია ეს, თუმცა პროტესტის ეს ფორმები დიდ როლს თამაშობენ უნივერსიტეტის, როგორც ცოდნისა და აღმოჩენისთვის განკუთვნილი სივრცის ფეხზე დადგომაში."
ჯული მაქბრიენი, ამსტერდამის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ანთროპოლოგიაში

წყარო :
 http://www.theguardian.com/higher-education-network/2015/mar/25/university-protests-around-the-world-a-fight-against-commercialisation


0 comments:

Post a Comment

 

Blogger news

About

Copyright © 2025 თვითორგანიზების ქსელი