Monday, June 15, 2015

განცხადება 13 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით


დღევანდელ დღეს, როდესაც ადამიანის მიერ გარემოს გარდაქმნის პროცესი განსაკუთრებულად აჩქარებულია, ბუნებრივი კატასტროფები წმინდა სახით თითქმის აღარ გვეძლევა. კაპიტალისტური წარმოების წესის პირობებში, სასიცოცხლო სივრცეში ინტენსიური ჩარევა აუცილებელს ხდის ამ პროცესში მეცნიერების მაქსიმალურ  ჩართვას, რაც ითვალისწინებს გარემოს გარდაქმნა გრძელვადიან სოციალურ პერსპექტივაში. კატასტრფების „ნატურალიზაცია“ და აუცილებლობად დაყვანა ელიტის ინტერესია. ამიტომაც, ბუნებრივი კატასტროფა, როგორც ტერმინი, მკვეთრად იდეოლოგიური ტერმინია და მას გარემოსა და ადამიანის ასეთ მაღალინტენსივობის ურთიერთობაში მატერიალური საფუძველი არ გააჩნია.
ამგვარ კატასტროფებს არა მარტო ეკოლოგიური, არამედ სოციალური, საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს. ეს მოვლენა შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც აქამდე არსებული უპასუხისმგებლო ურბანული პოლიტიკის კულმინაცია, რომელიც უნდა გახდეს საზოგადოებრივი ცნობიერების შემობრუნების აუცილებელი პირობა იმ ფუნდამენტური სოციალური საკითხებისადმი , რომლებიც საჯარო ინტერესის სფეროს წარმოადგენს.
დარგის სპეციალისტების მიერ, აღნიშნულ კატასტროფასთან დაკავშირებით დაგროვილი გამოცდილების და ადგილზე მოპოვებული წინასწარი ფაქტობრივი მასალის ანალიზიდან აშკარაა, რომ მდ. ვერეს ხეობაში სხვადასხვა პერიოდში განხორციელებული ჩარევები დარღვევით ხორციელდებოდა. (იხ. გადაცემა რეალური სივრცე "შეიძლებოდა თუ არა ტრაგედიის თავიდან აცილება") შესაბამისად, მომხდარში ქალაქის ყველა ხელისუფლებას თავისი წილი პასუხისმგებლობა მიუძღვის.
პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ეკისრება ნაციონალურ მოძრაობას. რადგანაც ვერეს ხეობა წარმოადგენს პრობლემურ ზონას, ხოლო მდინარე ვერეს ახასიათებს პერიოდული ადიდება, საჭირო იყო ამ სივრცის შესახებ დაგროვილი მეცნიერული გამოცდილებისა და სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინება. ნაციონალურმა მოძრაობამ დაჩქარებული წესით დაიწყო ესტაკადისა და ახალი გზის მშენებლობა ამ მოცემულობების ყოველგვარი გათვალისწინების გარეშე. შედეგად, ხეობაში განხორციელდა მასშტაბური ჩარევა, რომელმაც წარმოქმნა გარკვეული საფრთხეები და გამოიწვია ეკოლოგიური და სოციალური კატასტროფა. ეს პროექტი იყო ნაწილი იმ პოლიტიკისა, რომელიც იყენებს საზოგადოებრივ რესურსებს, ჩვენს მიერ გადახდილ გადასახადებს  არა იმისთვის, რომ გაატაროს სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკა, არამედ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეუწყოს  ხელი კერძო ბიზნესის განვითარებას, მათი ინტერების გატარებას, რომელიც ისევ მოსახლეობას, ჩვენს სოციალურ ინტერესს აზარალებს. ასეთი ნაბიჯები, რომლებიც არ ითვალისწინებს კონკრეტული პროექტის განხორციელებისას მეცნიერულ ანალიზსა თუ სოციალურ მოცემულობას, ლოგიკურია ნეოლიბერალურ მოდელზე სწრაფად გადასულ სახელმწიფოებში წარმოებული პოლიტიკისათვის. მაქსიმალურად დერეგულაციური პოლიტიკა შესაძლებლობას აძლევს კერძო კომპანიებს სრული იგნორირება გაუკეთონ სოციალური, ეკოლოგიური თუ შრომის უსაფრთხოების პირობებს. ამ შემთხვევაში,  სახელმწიფო მოგვევლინა, როგორც ნეოლიბერალური აქტორი, როგორც კერძო კომპანია, რომელმაც არ გაითვალისწინა საზოგადოებრივი ინტერესი.
ამასთან ერთად , დღევანდელმა სახელისუფლებო გუნდმა განაგრძო იგივე პოლიტიკა, რაც გამოიხატება საკანონმდებლო და ინსტიტუციონალურ პრაქტიკაში. გრძელდება ხალხის, ქვევიდან წამოსული ინტერესების, ასევე სპეციალისტების იგნორირება, რომელიც არა მხოლოდ ვერეს ხეობაში, არამედ შემდეგ მაგალითებშიც გამოიხატება, იქნება ეს პანორამა, მირზა შაფი, კაზრეთი, ხუდონ ჰესი და სხვა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ლოგიკურია ის რეაქციებიც, რომელიც მოყვა განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ, თუმცა მიგვაჩნია, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა შეძლოს პოზიტიური ალტერნატივის შეთავაზება და არა ერთმანეთზე, ან აბსტრაქტულ კატეგორიებზე გადაბრალების რეჟიმის კვლავწარმოება, რაც შესაძლოა ზოგ შემთხვევაში საფუძლიანი იყოს, თუმცა ეს სცდება მოსახლეობის ინტერესის სფეროს და პოლიტიკური ელიტების დახურულ თამაშს ემსგავსება.
იმ პირობებში, როდესაც კერძო სექტორი გვევლინება როგორც უპასუხისმგებლო და ექსპლუატატორი, დღეს მათი მხრიდან საქველმოქმედო, ერთჯერადი აქტები იაფფასიანი თვითრეკლამირებაა,  მაშინ, როცა  რეალურ და გახანგრძლივებულ მოცემულობაში ბანკები წარმოადგენენ მოსახლეობის გაღარიბების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს, მათი მხრიდან იმ თანხის გაღება, რომელიც ერთი იპოთეკარიდან  შეიძლება ამოიღონ (50 000), არაადეკვატური და სასაცილოა. მიგვაჩნია, რომ მსგავს სიტუაციაში მოსახლეობის დაზარალებული ნაწილი არ უნდა იყოს დამოკიდებული მდიდარი ფენების ნებაყოფლობით ერთჯერად დახმარებებზე, არამედ სწორედ სახელმწიფოს მხრიდან უნდა ხდებოდეს მათთვის და მთელი მოსახლეობისათვის საჭირო სოციალური გარანტიების სტრუქტურული უზრუნველყოფა.
მოვითხოვთ:
1. სახელმწიფომ გამოძებნოს მუდმივი საცხოვრებელი ფართი დაზარალებულთათვის, რადგანაც სწორედ სახელმწიფოს ეკისრება მომხდარის მიმართ პასუხისმგებლობა. ეს გულისხმობს არა ქირის საფასურის გამოყოფას პირველ ეტაპზე, ან ერთჯერად ფულად კომპენსაციას, არამედ მუდმივი, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით მათ უზრუნველყოფას, რომელიც დაცული იქნება მსგავსი შემთხვევებისაგან.
2. ხეობის რეკონსტრუქცია მოხდეს საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, რომელიც არ დაექვემდებარება კერძო კაპიტალის, მის ინტერესებზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის და ზოგადად, სხვა პრივილეგირებული ჯგუფების ინტერესებს. 
3. შეიქმნას საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც გამოვლენს ამ ტრაგედიის გამომწვევ ყველა გადაწყვეტილებასა და მის უკან მდგომ ინტერესებს. ამ პროცესის მონაწილეთა სათანადო დასჯამ უნდა შეიძინოს პრევენციული ხასიათი, რათა სამომავლოდ აღარ განმეორდეს სასიცოცხლო სივრცეში უპასუხისმგებლო ჩარევები.
4. ფუნდამენტურად შეიცვალოს ქალაქის მერიის მიერ განხორციელებული ქალაქდაგეგმარების პოლიტიკა. შეიქმნას ქმედითი გეგმარებითი ინსტიტუტი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება კომპეტენტური სპეციალისტებისაგან, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს რეალური საზოგადოებრივი თანამონაწილეობა და ქვევიდან წამოსული ინტერესის გათვალისწინება. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ დღეს არსებული ქალაქდაგეგმარების მოუწესრიგებელი პოლიტიკა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ელიტის კერძო ინტერესებს და ბიზნესს ემსახურება, ჩანაცვლდეს გეგმიური სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკით.

0 comments:

Post a Comment

 

Blogger news

About

Copyright © თვითორგანიზების ქსელი